ADB-ის პრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკური ზრდისადმი მხარდაჭერა დაადასტურა
აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასატო კანდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ADB-ის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორის ქვეყნისადმი ძლიერ მხარდაჭერას. 2007 წელს ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, ADB-მა საქართველოს თითქმის 6 მილიარდი აშშ დოლარის ($) ოდენობით სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება გამოუყო, მათ შორის $1 მილიარდზე მეტი — კერძო სექტორში ინვესტირების გზით.
"ADB მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას," — განაცხადა პრეზიდენტმა კანდამ. "ჩვენ ძლიერი პარტნიორობა გვაკავშირებს და მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა. კრიტიკული ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, კერძო სექტორის ინოვაციური დაფინანსებით დამთავრებული — გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა ის გახდეს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი რეგიონული ჰაბი."
სხვა სიახლეები
ლევან გომშიაშვილმა Fintech in Focus 2026-ზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ბანკის მიღწევები გააზიარა
24.04.2026.18:20
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან გომშიაშვილმა, ლონდონში გამართულ საერთაშორისო ფორუმში, Fintech in Focus 2026 მიიღო მონაწილეობა, სადაც მან ინვესტორებსა და ინდუსტრიის ლიდერებს Lion Finance Group-ის, როგორც ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საბანკო ჯგუფის განვითარებისა და კაპიტალის ბაზარზე მიღწეული წარმატების ისტორია გაუზიარა.
ღონისძიებას ლონდონის საფონდო ბირჟამ უმასპინძლა და ერთ სივრცეში გლობალური ფინანსური სექტორის წარმომადგენლები — ფინტექ კომპანიების დამფუძნებლები, ინვესტორები და ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები გააერთიანა.
ღონისძიების ფარგლებში ლევან გომშიაშვილი მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაში თემაზე: „რას ეძებენ საჯარო ბაზრების ინვესტორები ფინტექ სივრცეში?“, სადაც მან, წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, ტექნოლოგიური საბანკო მომსახურების განვითარებასა და ინვესტორთა მოლოდინებზე იმსჯელა.
დისკუსიის ფარგლებში ლევან გომშიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ბანკის მოდელი ერთდროულად აერთიანებს როგორც ტრადიციული ბანკის, ისე ფინტექ კომპანიის მახასიათებლებს, რაც, საბოლოო ჯამში, მომხმარებელზე ორიენტირებული, სწრაფი და ეფექტიანი სერვისების დანერგგვას უზრუნველყოფს.
“ჩვენი მიდგომა ეფუძნება ძლიერი საბანკო ინფრასტრუქტურისა და ციფრული ინოვაციის ერთობლიობას, ეს კომბინაცია კი გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ინვესტორებისთვის. Fintech in Focus 2026-ზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჩვენი 20-წლიანი წარმატებული საქმიანობისა და FTSE 100-ში გაწევრიანების შესახებ ვისაუბრე. ამგვარი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან გვაძლევს სივრცეს, აქტიურად ვიყოთ ჩართული გლობალურ დისკუსიებში, გავაძლიეროთ კომუნიკაცია საერთაშორისო ინვესტორებთან და კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ როგორც საქართველოს ბანკის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, ისე რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი”, - განაცხადა ლევან გომშიაშვილმა.