აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე BAG-ის წარმომადგენლებს შეხვდა - რა განიხილეს
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს - ლევან ვეფხვაძეს, სოსო ფხაკაძეს და აკაკი საღირაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მცირე მეწარმეების პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, დასაქმებისა და არასაკმარისი მუშახელის საკითხებზე.
„ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობები გადახედვას საჭიროებს.ზოგჯერ ამ ურთიერთობის მექანიზმებიც მოითხოვს დახვეწას და, შესაბამისად, თუ რაიმე პრობლემები დაგროვდა ბიზნესში, ჩვენი, პარლამენტის მოვალეობა არის, კანონმდებლობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ბიზნესს, რომ მათ უფრო მეტი შეძლონ, მეტი ადამიანი დაასაქმონ და მეტი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა", - განაცხადა გელა სამხარაულმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დამატებით შეიქმნას გარკვეული მექანიზმები, რომელიც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს მეტად შეუწყობს ხელს, რომ უფრო ადვილი წვდომა ჰქონდეთ ბაზარზე, მათ შორის, ქვეყანაში არსებული დიდი ქსელური მარკეტების მეშვეობით.
„საჭიროა უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ ადგილობრივ პროდუქციაზე, ვინაიდან ეს როგორც წარმოების გაფართოებასა და გაზრდას, ასევე ეკონომიკის განვითარებას და, ზოგადად, სასურსათო უზრუნველყოფის კუთხით გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ და ბიზნესმა გამონახონ საერთო გზები და დიდი ქსელური მარკეტები დააინტერესონ ადგილობრივი ნაწარმის რეალიზაციის ხელშეწყობაში.
როგორც გელა სამხარაულმა აღნიშნა, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ" კანონის აღსრულების საკითხს, რომელიც სურსათის დონაციას ითვალისწინებს.
„სურსათის დონაციის პროცესში დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია როგორც ქსელურ მარკეტებს და ბიზნესს, ასევე სახელმწიფოს მხრიდანაც მაქსიმალური ხელშეწყობაა საჭირო, რომ დონაციისთვის განკუთვნილი სურსათის დროულად მიწოდება მოხდეს იმ ადამიანებისათვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს. მიმაჩნია, რომ ბიზნესმა ამაში დიდი ძალისხმევა უნდა ჩადოს", - განაცხადა გელა სამხარაულმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.