AgriPreneur Sprint - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ „კავკასიის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს
„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ „კავკასიის უნივერსიტეტის“ ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრთან თანამშრომლობით ახალ პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს. AgriPreneur Sprintმიზნად ისახავს დამწყები, მიკრო და მცირე ფერმერული სტარტაპების მხარდაჭერას და მათი ბიზნესიდეების რეალიზებას.
პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდება: პირველ ეტაპზე მონაწილეები 8-კვირიან ინტენსიურ პრეაქსელერაციის პროგრამას გაივლიან, საუკეთესო გუნდები კი მონაწილეობას გააგრძელებენ 6-კვირიან პროგრამაში Farm-to-Market Sprint. მეორე ეტაპი ფოკუსირებული იქნება პროდუქტის განვითარებაზე, გაყიდვების არხებზე წვდომასა და საინვესტიციო მზაობის გაძლიერებაზე.პროგრამის მიზანია, შექმნას სივრცე, სადაც ახალი იდეები საქმედ იქცევა და ახალგაზრდებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი ბიზნესგადაწყვეტილებები რეალურ ბაზარზე გამოცადონ.
გოგი დაუშვილი, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ დირექტორი: „მნიშვნელოვანია, რომ ახალბედა მეწარმეებმა რეალურ გარემოში განავითარონ საკუთარი ბიზნესიდეები. AgriPreneur Sprint მათ შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, მოიპოვონ მენტორების მხარდაჭერა და დაინახონ, როგორ შეიძლება მათი ინოვაციური იდეები ბაზარზე წარმატებით რეალიზდეს.
ჩვენ მიერ შექმნილი პროგრამა ტრადიციულ სოფლის მეურნეობასა და თანამედროვე სტარტაპ ეკოსისტემას შორის მყარ კავშირს აყალიბებს, რათა ადგილობრივმა სტარტაპებმა ახალი შესაძლებლობების რეალურად გამოყენება შეძლონ.
პროგრამა სხვადასხვა აგრარულ მიმართულებაზეა ორიენტირებული, მათ შორის მესაქონლეობაზე, რძის პროდუქტების წარმოებაზე, მეფუტკრეობასა და თევზჭერაზე, რაც დამწყებ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი საქმიანობა მრავალმხრივ განავითარონ“.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებს, ისე გუნდებს, რომლებიც ფლობენ ინოვაციურ იდეას ან უკვე მართავენ მცირე აგრობიზნესს. შერჩევის შედეგად 10-12 გუნდი იმუშავებს პროფესიონალ მენტორებთან, გაივლის ინდივიდუალურ კონსულტაციებს, ჩაერთვება საველე ვიზიტებსა და სამუშაო შეხვედრებში.
ირაკლი სვანიძე, „კავკასიის უნივერსიტეტის“ ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: „საირმეს რეკრეაციულ ფერმასთან“თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან სოფლის მეურნეობის სფეროში მეწარმეების პოტენციალის გაძლიერებასა და ინოვაციების განვითარებას ემსახურება.
ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობაში დაინერგოს თანამედროვე მიდგომები, ტექნოლოგიები და სტარტაპ კულტურა. გვსურს, აღნიშნული პარტნიორობა იქცეს პლატფორმად, სადაც ახალგაზრდებსა და მეწარმეებს ექნებათ შანსი, გახდნენ ცვლილებების მამოძრავებელი ძალა.
ხედვა ასეთია – სოფლის მეურნეობა აღარ უნდა იყოს მხოლოდ ტრადიცია, ის უნდა იქცეს განვითარების, ინოვაციებისა და ახალი შესაძლებლობების სივრცედ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკასაც მნიშვნელოვნად წაადგება“.
პროგრამის დასკვნით ეტაპზე გაიმართება დემო დღე, სადაც მონაწილეები თავიანთ იდეებს ინვესტორებს, დარგის ექსპერტებსა და ეკოსისტემის წარმომადგენლებს წარუდგენენ. ეს იქნება დაფინანსების მოპოვებისა და ბიზნესის ზრდის უნიკალური შესაძლებლობა.
„საირმეს რეკრეაციული ფერმა“ სოფლის მეურნეობას, ტურიზმსა და გარემოსდაცვით მიმართულებას აერთიანებს, თუმცა მისი მისია მხოლოდ ფერმერული საქმიანობით არ შემოიფარგლება. AgriPreneur Sprint ნათლად აჩვენებს, როგორ უწყობს ხელს მსგავსი ინიციატივები სტარტაპ ეკოსისტემისგანვითარებას – სწორი პარტნიორობა, პროფესიონალური მენტორობა და პრაქტიკული გამოცდილება ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია.
პრეაქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.