მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7195.6
0.0057
flag
AZN 1.5566
-0.0006
flag
CNY 38.915
-0.0011
flag
EUR 3.0177
0.0144
flag
GBP 3.498
0.0127
flag
KZT 54.55
-0.0001
flag
TRY 0.0568
-0.0001
flag
USD 2.6462
-0.0006
news banner

AI, ავტომატიზაცია და ახალი მოდულები - რაზე მუშაობს Self.HR

news image
mbc image

Self.HR ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 2021 წლიდან ქმნის ციფრულ პლატფორმას HR და ბიზნესპროცესების ავტომატიზაციისთვის. კომპანია აქტიურად ავითარებს ახალ მოდულებს, მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას განაგრძობს. მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელი, ნინო ფეიქრიშვილი ესაუბრა.

რა მიმართულებებზე აკეთებს დღეს Self.HR მთავარ აქცენტს და როგორ იცვლება პლატფორმა მომხმარებლის საჭიროებებთან ერთად?

Self.HR-ის მთავარი მისია და ფოკუსი უცვლელია - კომპანიებში პროცესების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის გზით ადამიანებისთვის დროის დაზოგვა. დღესაც გვჯერა, რომ ტექნოლოგიის მთავარი დანიშნულება რუტინული პროცესების გამარტივებაა, რათა ადამიანები უფრო ღირებულ და სტრატეგიულ საქმიანობაზე იყვნენ კონცენტრირებულები.

სწორედ ამ ხედვით დავიწყეთ HR პროცესების ავტომატიზაცია, თუმცა წლების განმავლობაში მომხმარებლების საჭიროებების შესწავლამ და ახალი პროდუქტების დამატებამ დაგვანახა, რომ კომპანიებს გაციფრულება მხოლოდ HR მიმართულებით არ სჭირდებათ. რეალურად, კომპანიებში უამრავი ბიზნესპროცესია, რომელიც ჯერ კიდევ ხელით იმართება და მნიშვნელოვან დროსა და რესურსს მოითხოვს.

ამიტომ დღეს Self.HR-ის განვითარება უკვე უფრო ფართო ხედვას ეფუძნება. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ HR პროცესების, არამედ ზოგადად ბიზნესპროცესების გაციფრულება, ავტომატიზაცია და ერთიან ეკოსისტემაში გაერთიანება. სწორედ ამიტომ დავამატეთ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა რეკრუტინგი, ონბორდინგი, დავალებების მართვა, ანალიტიკა და სხვა ინსტრუმენტები, რომლებიც კომპანიებს ყოველდღიური ოპერაციების უფრო ეფექტიანად მართვაში ეხმარება.

ბოლო პერიოდში რა ახალი პროდუქტები ან ფუნქციონალი დაამატეთ და როგორია კომპანიების მხრიდან უკუკავშირი?

ბოლო პერიოდის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა სისტემაში Task Management-ის მოდულის დამატება. რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს ერთიან სისტემაში მართონ დავალებები, გადაანაწილონ პასუხისმგებლობები და თვალი ადევნონ სრულ პროცესს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციებისთვის, სადაც რამდენიმე დეპარტამენტი ან გუნდი პარალელურად მუშაობს.

მინდა აღვნიშნო, რომ დავალებების მართვაზე კომპანიების მხრიდან მიღებული უკუკავშირი ძალიან პოზიტიურია. მომხმარებლები განსაკუთრებით აფასებენ იმას, რომ სხვადასხვა პროცესის მართვა უკვე ერთ ეკოსისტემაშია შესაძლებელი და აღარ სჭირდებათ რამდენიმე განსხვავებული პლატფრორმის გამოყენება. გარდა ამისა, მათთვის რეალურად შესაძლებელი გახდა თანამშრომლების და პროცესების ეფექტურობის შეფასება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განახლება, რაც ბოლო პერიოდში სისტემაში გადავიდა ანალიტიკის მოდულს ეხება. სრულად განახლდა ფუნქციონალი, დაემატა ისეთი რეპორტები და ჩარტები, რომლებიც ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად უმნიშვნელოვანესია. და რაც მთავარია, ამ რეპორტებისა და ჩარტების ნახვა უკვე მარტივი ვიზუალიზაციითაა შესაძლებელი.

AI ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, როგორ იცვლება HR პროცესები და რა როლი აქვს ამ მიმართულებით Self.HR-ს?

დღეს თითქმის არ დარჩა სფერო, სადაც ხელოვნური ინტელექტი არ შეჭრილა. გამონაკლისი არც HR-ია და ვფიქრობ, ადამიანური რესურსების მართვაში მისი მთავარი როლია იყოს დამხმარე, ასისტენტი, რომელიც ადამიანებს ყოველდღიური საქმიანობის უფრო სწრაფად და ეფექტიანად შესრულებაში დაეხმარება.

და რადგანაც Self.HR-ის მისია ყოველთვის იყო ტექნოლოგიებისთვის რუტინული საქმის გადაბარება, AI მიმართულება ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდა და წლის პროექტიც სწორედ სისტემის ყველა მოდულში ხელოვნური ინტელექტის ჩაშენებაა.

პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, გაჩნდა საჭიროება გუნდში აგვეყვანა AI კონსულტანტი, რომელიც ჩვენს დეველოპერებთან ერთად აქტიურად მუშაობს სისტემის AI შესაძლებლობების განვითარებაზე.

საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით როგორ ვითარდება კომპანია და რომელ ქვეყნებში ხედავთ ყველაზე დიდ ინტერესს?

საერთაშორისო მიმართულება ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პრიორიტეტია. ბოლო წლების განმავლობაში შევძელით პროდუქტის ისეთი არქიტექტურის შექმნა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის შრომით და საგადასახადო გარემოს ადვილად ერგება და უკვე ვპარტნიორობთ უზბეკეთში რამდენიმე კომპანიასთან.

ინტერესი განსაკუთრებით მაღალია კავკასიის რეგიონში, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც კომპანიები აქტიურად ეძებენ თანამედროვე HR ტექნოლოგიებს. ამ ბაზრებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება, რადგან ბიზნესები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობას ადამიანური რესურსების მართვაში.

ჩვენი მიზანია Self.HR გახდეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი HR ტექნოლოგიური პლატფორმა და ეტაპობრივად გავაფართოოთ ჩვენი საერთაშორისო წარმომადგენლობა.

სამომავლოდ, რა ახალ ტექნოლოგიურ მიმართულებებსა და სიახლეებზე მუშაობს Self.HR?

დღეს, როგორც ვახსენე, აქტიურად ვმუშაობთ სისტემაში AI აგენტების ჩაშენებაზე, რაც HR პროცესებს კიდევ უფრო მარტივს გახდის.

ამავდროულად, ჩვენი განვითარების გეგმები უკვე სცდება მხოლოდ HR სფეროს. ბოლო წლების განმავლობაში დავინახეთ, რომ კომპანიებს სჭირდებათ არა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროგრამები, არამედ ერთიანი ტექნოლოგიური ეკოსისტემა, სადაც სხვადასხვა ბიზნესპროცესის მართვა ერთ სივრცეშია შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ახალ მოდულებსა და მიმართულებებზე, რომლებიც დაეხმარება კომპანიებს არა მხოლოდ თანამშრომლების მართვაში, არამედ ყოველდღიური ოპერაციების, კომუნიკაციის, დავალებების, სამუშაო პროცესებისა და ორგანიზაციული ეფექტიანობის მართვაში. ჩვენი მიზანია, Self.HR ეტაპობრივად გარდაიქმნას პლატფორმად, რომელიც ბიზნესს მისცემს ყველა იმ ტექნოლოგიურ ხელსაწყოს, რაც ზრდისა და ეფექტური მართვისთვის სჭირდება.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ელექტროენერგიის საექსპორტოდ მხოლოდ 3 ან 4 თვე გვრჩება, სწორედ ამიტომ, მაისის ექსპორტს ყველა მსხვილი დეველოპერი განსაკუთრებით ელოდება - მარიამ ჩახვაშვილი

29.06.2026.15:00

იმპორტის პერიოდიდან გადავედით ექსპორტის პერიოდში და საკმაოდ საინტერესო იყო მაისის თვის მიმოხილვის მომზადებაც, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა. ირკვევა, რომ მაისში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის ფასების მკვეთრმა ვარდნამ განაპირობა. როგორც მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა, ექსპორტიორებისთვის ელექტროენერგიის გაყიდვა რიგ შემთხვევებში ეკონომიკურად არამომგებიანი იყო, რადგან თურქეთში ფასი დაახლოებით 2 ცენტამდე დაეცა, რაც სხვადასხვა სავალდებულო მოსაკრებლის დონესთან ახლოს იყო.

„ჩვენ ყოველთვიურად ვაკვირდებით ენერგეტიკის სექტორს, რამეთუ აქტიური ცვლილებები მიმდინარეობს და საინტერესო დინამიკა იკვეთება, რის გამოც პერიოდულად შესაბამის პუბლიკაციას ვაქვეყნებთ. თითქოს გვსურს ხოლმე, რომ ეს დოკუმენტი სტანდარტულ ჩარჩოებში მოვაქციოთ და ერთსა და იმავე ფორმატში მოვამზადოთ, მაგრამ სექტორი იმდენად საინტერესოა და იმდენი რამ ხდება, მიგვაჩნია, რომ მაისი მაინც განსაკუთრებული თვე იყო. იმპორტის ფაზიდან ექსპორტის ეტაპზე გადავედით, რის გამოც ამ ერთთვიანი მიმოხილვის მომზადებაც კი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.

როგორც ვხედავთ, მაისი, ზოგადად, საექსპორტო თვეა. ჰიდროგენერაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკაში ასეთი მოცემულობა გვაქვს: ზამთრის პერიოდი - სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით - დეფიციტურია და საკმაოდ დიდ იმპორტზე ვართ დამოკიდებულნი. ეს დეფიციტური პერიოდი სულ 8 თვეს გრძელდება, ხოლო საექსპორტოდ მხოლოდ 3 ან 4 თვე გვრჩება - მაისი, ივნისი, ივლისი და ზოგჯერ აგვისტოც. სწორედ ამიტომ, მაისის ექსპორტს ყველა მსხვილი დეველოპერი და პოტენციური ექსპორტიორი განსაკუთრებით ელოდება. თუმცა, წლევანდელმა მაისმა ისეთი რეალობა გვიჩვენა, რომ ჩვენს მთავარ საექსპორტო ბაზარზე - თურქეთში - ფასები მნიშვნელოვნად იყო დავარდნილი“, - აღნიშნა მარიამ ჩახვაშვილმა.

მარიამ ჩახვაშვილის განცხადებით, თურქეთში ელექტროენერგიის ფასი ზოგიერთ დღეს ნულთან ახლოს იყო, საშუალოდ კი 2 ცენტს შეადგენდა, რაც ექსპორტთან დაკავშირებულ სავალდებულო მოსაკრებლებს თითქმის უტოლდებოდა და ექსპორტს ეკონომიკურად ნაკლებად მიმზიდველს ხდიდა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა