ახალგაზრდა ანტერპრენერების დასაფინანსებლად პროკრედიტ ბანკსა და EBRD-ს შორის 15 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
პროკრედიტ ბანკი პირველი ბანკია საქართველოში, სადაც ახალგაზრდა მეწარმეები “Youth in Business Caucasus” პროგრამით სარგებლობას შეძლებენ.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 35 წლამდე მეწარმეების მხარდასაჭერად, პროკრედიტს 15 მილიონი ევროს საკრედიტო რესურსი გამოუყო. შედეგად, ახალგაზრდებისთვის დაფინანსების ახალი შესაძლებლობა შეიქმნება.
“Youth in Business Caucasus” პროგრამა უკვე მოქმედებს სომხეთსა და აზერბაიჯანში და მიზნად ისახავს ახალგაზრდების მიერ მართული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსებზე წვდომის ზრდას, იმ ბარიერების შემცირებით, რასაც ახალი თაობის ანტერპრენერები ხშირად აწყდებიან საკრედიტო ისტორიის სიმცირის, არასაკმარისი უზრუნველყოფის ან ბაზარზე შეზღუდული წვდომის გამო.
ფინანსურ რესურსთან ერთად, პროგრამა არაფინანსურ მხარდაჭერასაც მოიცავს. საკონსულტაციო და განვითარების კომპონენტები პროგრამის მონაწილეებს მენეჯერული უნარების გაძლიერებაში, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ბიზნესის გრძელვადიან მდგრად განვითარებაში ეხმარება.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ბიზნესის განვითარება არ იზღუდება ასაკით, სქესით ან გეოგრაფიული მდებარეობით. სწორედ ამიტომ ვნერგავთ მიზნობრივ პროგრამებს სხვადასხვა სეგმენტის მხარდასაჭერად. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნა ჩვენი საბანკო მოდელისა და სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. Youth in Business Caucasus პროგრამა სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა - ის აძლიერებს ჩვენს ინკლუზიურ მიდგომას და ქმნის საფუძველს უფრო ფართო და მდგრადი ეკონომიკური ჩართულობისთვის. მოხარულები ვართ, რომ პროგრამა საქართველოში პირველად სწორედ პროკრედიტ ბანკში ამოქმედდება.“ - ელენე ცინცაძე, პროკრედიტ ბანკის დირექტორი.
პროკრედიტ ბანკი საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ბიზნეს სექტორის გაძლიერებასა და განვითარებაში. EBRD კი ქვეყანაში 1996 წლიდან საქმიანობს და ამ დროისთვის 5.7 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განახორციელებული 318 პროექტის ფარგლებში.
პროკრედიტ ბანკსა და EBRD-ს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა მცირე და საშუალო ბიზნესის, მწვანე ეკონომიკისა და ინკლუზიური დაფინანსების მიმართულებებს მოიცავს. ახალგაზრდა მეწარმეების მხარდამჭერი პროგრამის დაწყება, მდგრადი პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.