ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
პრეზენტაციები, ინტერაქციული ვორქშოპები, თამაშები, გუნდური შეჯიბრებები და დებატები გარემოსდაცვით საკითხებზე - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით „სიტყვის აკადემიის“ ზამთრის ბანაკმა ახალგაზრდებს კახეთში უმასპინძლა. ერთი კვირის განმავლობაში 9-17 წლის მოზარდები სრულად ჩამოშორდნენ სოციალურ ქსელებს და ჯანსაღი, ადამიანური ურთიერთობების, შემოქმედებითი აზროვნებისა და პასუხისმგებლობიანი, მდგრადი მომავლის ჩამოყალიბების მიზნით გაერთიანდნენ.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „ჩვენი ჩართულობის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო - თაობაში, რომელიც ქმნის მომავალს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ბიზნესისთვის აუცილებელი სეგმენტია: ჩვენ ამ გარემოში ვცხოვრობთ ჩვენი შვილებით, ოჯახებით, მეგობრებით. თუ ახალგაზრდებს ადრეულ ასაკშივე არ ეცოდინებათ ნარჩენების სწორი მართვა, მათ შეიძლება უნებლიეთ ზიანი მიაყენონ საკუთარ თავს, გარემოსა და სხვა ადამიანებს. მაგრამ როდესაც მათ თავიდანვე იციან, რომ ნარჩენი შეიძლება იქცეს ბიზნესშესაძლებლობად, ეს ქმნის ახალ, პასუხისმგებლობიან აზროვნებას. ეს კი რეალური ცვლილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“.

ბანაკის პროგრამა სხვადასხვა თემატიკას მოიცავდა. მათ შორის, ლიტერატურას, ფილოსოფიას, მუსიკას, ისტორიას, კინემატოგრაფიას, ხელოვნებასა და ეკოლოგიას. ბანაკის მონაწილეებს თემის შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები ყოველდღიურად სტუმრობდნენ. სპიკერებს შორის იყვნენ ალექსანდრე ლორთქიფანიძე, გია მურღულია, გიორგი კეკელიძე, მაია ბარათაშვილი, გიგი დედალამაზიშვილი, ასევე, „თეგეტა ჰოლდინგის“ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი თამარ დოლიძე.
თამარ დოლიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი: „ბავშვების ცოდნა საკმაოდ მაღალი იყო - ისინი ლოგიკურად პასუხობდნენ კითხვებს გარემოს დაცვაზე, მათ შორის ავტომობილების გამონაბოლქვზე, მეორადი ზეთების გადაღვრასა და ნარჩენების სეპარირებაზე. ვფიქრობ, კერძო სექტორის წარმომადგენლები ცნობიერების ამაღლების მსგავს ღონისძიებებში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები, რათა ხელი შევუწყოთ ერთგვარი გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბებას და მომავალმა თაობამ პატარა ასაკიდანვე გაიაზროს, რომ გარემოს დაცვა და ეკონომიკური განვითარება ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება“.

„თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ბანაკის მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების არსი, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები და საავტომობილო ნარჩენების - საბურავების, აკუმულატორების, ზეთების - სწორი მართვის ტექნოლოგიები. დებატებისა და მსჯელობის შედეგად ახალგაზრდები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გარემოზე ზრუნვა და სოციალური პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს ეკონომიკურ მოგებას, პირიქით - ერთმანეთს ავსებს და ერთობლივად ქმნის მდგრად, გრძელვადიან წარმატებას. ბანაკის მონაწილეებმა აქტიური დისკუსიის შედეგად გაიაზრეს, რომ ცირკულარული ეკონომიკის მოდელი არა მხოლოდ ამცირებს გარემოს დატვირთვას, არამედ ქმნის ახალ შემოსავლის წყაროებს, ამცირებს ხარჯებს ნედლეულის შეძენისას და ზრდის კომპანიის რეპუტაციას ბაზარზე.

ანდრია კიკონიშვილი, „სიტყვის აკადემიის“ დირექტორი: „კომპანიების ამგვარი ჩართულობა საგანმანათლებლო ინიციატივებში საშუალებას გვაძლევს, უფრო მრავალფეროვანი, ხარისხიანი და პროდუქტიული გავხადოთ მომავალი თაობის პიროვნული ზრდის პერიოდი. „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერამ და პროცესში აქტიურმა მონაწილეობამ ბანაკი უფრო შინაარსიანი და საინტერესო გახადა. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდამ ინიციატივა გამოიჩინა, რომ მსგავსი პრეზენტაციები მათ სკოლებშიც გაიმართოს. ეს სურვილი ნათლად წარმოაჩენს, რომ ბიზნესის ჩართულობა და მსგავსი დიალოგები ცვლილებების სურვილს აღვიძებს და აჩენს ინტერესს, რომ ისინი თავადაც გახდნენ გარემოსდაცვითი აქტივობების მონაწილეები“.
„თეგეტა გრინ პლანეტი“, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ავტორიზებული ორგანიზაცია, უკვე წლებია მუშაობს საავტომობილო ნარჩენების მდგრად მართვაზე, თანამედროვე გადამმუშავებელი ტექნოლოგიების დანერგვასა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაზე საქართველოში. ზამთრის ბანაკის მხარდაჭერითა და ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაციით კომპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიზნესის აქტიური ჩართულობა გარემოსდაცვით საკითხებში არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა, არამედ სტრატეგიული ინვესტიციაა უფრო სუფთა და მდგრადი მომავლისთვის.
„თეგეტა გრინ პლანეტი“ „თეგეტა ჰოლდინგში“ დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.
სხვა სიახლეები
კიდევ უფრო დავხვეწეთ და გავაფართოეთ განაშენიანების რეგულირების გეგმებზე მუშაობის მასშტაბები - „ტასჰაბის“ დამფუძნებელი
25.08.2026.18:00
2026 წლის პირველი ნახევარი „ტასჰაბისთვის“ საქმიანობის მიმართულებების გაფართოებითა და ახალი პარტნიორობებით გამოირჩეოდა. „ტასჰაბის“ დამფუძნებელი სერგი გიორგაია Business Insider Georgia-სთან კომპანიის შედეგებზე, ბაზრის ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით ტასჰაბისთის 2026 წლის პირველ ნახევარს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი ტასჰაბისთვის მართლაც ძალზედ დინამიკური და გარდამტეხი აღმოჩნდა. ამ პერიოდში შევძელით, რომ პროექტების მართვისა და შეთანხმების პროცესები სრულიად ახალ ეფექტიანობაზე ავყვანეთ. განსაკუთრებით მეამაყება, რომ არქიტექტურული და ურბანული პროექტების მუნიციპალურ დონეზე შეთანხმების ვადები მაქსიმალურად შევამცირეთ - ცალკეულ კომპლექსურ პროექტებზე შეთანხმების მიღწევა რეკორდულ, 1-თვიან ვადაშიც კი შევძელით, რაც ჩვენი სფეროსთვის ძალიან დიდი შედეგია.
ამასთან ერთად, კიდევ უფრო დავხვეწეთ და გავაფართოეთ განაშენიანების რეგულირების გეგმებზე (გრგ) მუშაობის მასშტაბები. მომსახურებების სპექტრიც მნიშვნელოვნად გავამდიდრეთ - აქტიურად ვმუშაობთ ისეთ სპეციფიკურ და საპასუხისმგებლო მიმართულებებზე, როგორებიცაა დენდროლოგიური პროექტები, სატრანსპორტო კვლევები და სატრანსპორტო სქემების შემუშავება.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ სრულიად ახალ, საინტერესო სფეროს შევეჭიდეთ - დავიწყეთ პარკებისა და სკვერების დაპროექტება, რაც ქვეყნის მწვანე ურბანულ განვითარებაში ჩვენი წვლილის შეტანის შესანიშნავი შესაძლებლობაა. პარალელურად, აქტიური ნაბიჯები გადავდგით საერთაშორისო პარტნიორობების კუთხითაც, რათა გლობალური გამოცდილება ადგილობრივ ბაზარს მოვარგოთ და საქართველოში უცხოური პროექტების ლოკალური წარმომადგენლობა უზრუნველვყოთ.
ასევე, დიდი რესურსი ჩავდეთ სამშენებლო და არქიტექტურული კანონმდებლობის, მიწის ნაკვეთების გამიჯვნისა და ზონირების რთული კეისების იურიდიულ-ტექნიკურ მხარდაჭერაში. მოკლედ რომ ვთქვა, ეს ექვსი თვე იყო პერიოდი, სადაც კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ტასჰაბი არის სწრაფი, სანდო და მრავალმხრივი პარტნიორი.
როგორია ძირითადი ტენდენციები ბაზარზე?
ბაზარზე დღეს რამდენიმე ძალიან მკაფიო და საინტერესო ტენდენცია იკვეთება, რაც ჩვენს სფეროში - ურბანულ დაგეგმარებასა და არქიტექტურაში - მუშაობას კიდევ უფრო საპასუხისმგებლოს ხდის.
პირველი, რაც თვალში საცემია, კომპლექსური ურბანული დაგეგმარებისკენ სწრაფვაა. ქაოსური ან ფრაგმენტული მშენებლობების ეპოქა ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდა. დღეს დეველოპერებიც და მუნიციპალიტეტიც ბევრად მეტ ყურადღებას უთმობენ გრგ-ებს (განაშენიანების რეგულირების გეგმებს). ბაზარს სჭირდება გამართული, წინასწარ გათვლილი კონცეფციები, სადაც გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა, გამწვანება და სოციალური სივრცეები.
მეორე მნიშვნელოვანი ტენდენცია სატრანსპორტო კვლევებისა და დენდროლოგიის განსაკუთრებული პრიორიტეტულობაა. პროექტის შეთანხმებისას ეს აღარ არის უბრალოდ „დამატებითი დოკუმენტები“ - ეს არის საკვანძო მოთხოვნა. ქალაქებში სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმიზაცია და არსებული თუ ახალი მწვანე ნარგავების მაქსიმალური დაცვა/ინტეგრირება უკვე პროექტის საწყის ეტაპზევე წყვეტს მის ბედს.
ასევე, ძალიან გაიზარდა ინტერესი საზოგადოებრივი სივრცეების, პარკებისა და სკვერების დაპროექტების მიმართ. ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა „მწვანე ურბანიზმზე“, რაც გულისხმობს იმას, რომ ახალი საცხოვრებელი თუ კომერციული ზონები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ხარისხიან, თანამედროვე და ხელმისაწვდომ რეკრეაციულ ზონებს.
და ბოლოს, კანონმდებლობის გამკაცრება და პროცესების ბიუროკრატიული კომპლექსურობა. სამშენებლო და ურბანული რეგულაციები სულ უფრო სპეციფიკური ხდება (მაგალითად, კოეფიციენტების, მიწების გამიჯვნისა თუ ზონირების ნაწილში). ამის გამო, დამკვეთებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ისეთი პარტნიორის არსებობა, ვისაც შეუძლია ტექნიკური და იურიდიული მხარეები ერთ სივრცეში, კომპლექსურად და სწრაფად მართოს.
რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს?
წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი მთავარი ფოკუსი კომპანიის მასშტაბირებაზე იქნება, რათა არსებული წარმატებული პრაქტიკა კიდევ უფრო დიდ პროექტებსა და პარტნიორობებს მოვარგოთ.
პირველ რიგში, აქტიურად ვზრდით თანამშრომლობის არეალს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. განსაკუთრებულ პროგრესს ველოდებით უცხოურ წამყვან არქიტექტურულ კომპანიებთან პარტნიორობის კუთხით, რათა გლობალური მასშტაბის პროექტები და გამოცდილება კიდევ უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ ადგილობრივ რეალობასთან.
ამასთან ერთად, ვზრდით ტასჰაბის გუნდსაც, რათა გაზრდილი მოთხოვნის ფონზე შევინარჩუნოთ ის მაღალი ტემპი და ხარისხი, რაც გვაქვს. ჩვენი კონცეფცია თავიდანვე ეფუძნებოდა „ერთფანჯრიან პრინციპს“ - სადაც დამკვეთი იღებს სრულყოფილ სერვისს საწყისი ურბანული ანალიზიდან, დენდროლოგიითა და სატრანსპორტო კვლევებით დაწყებული, რთული იურიდიულ-ტექნიკური მხარდაჭერითა და საბოლოო შეთანხმებით დამთავრებული. წლის ბოლომდე სწორედ ამ სრული ციკლის სერვისების კიდევ უფრო გაძლიერებასა და დახვეწაზე ვიქნებით ფოკუსირებულნი.
როგორია თქვენი საერთაშორისო / ადგილობრივი თანამშრომლობა ხომ არ გაქვთ სიახლეები ამ ნაწილში?
ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა სწორედ ის ძრავია, რაც ტასჰაბს ახალ მასშტაბებზე გასვლის საშუალებას აძლევს.
ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ურთიერთობები უკვე გასცდა სტანდარტულ, პროექტზე დაფუძნებულ ფორმატს. დღეს დეველოპერულ სექტორთან და ინვესტორებთან გრძელვადიან, სტრატეგიულ ალაიანსებს ვაყალიბებთ, სადაც ტასჰაბი ინიციატივების პირველივე ეტაპიდანვე ერთვება, როგორც გადაწყვეტილების მიმღები და რისკების დამზღვევი პარტნიორი.
ხოლო საერთაშორისო მიმართულებით სრულიად ახალ ეტაპზე გადავდივართ - უცხოურ წამყვან არქიტექტურულ და გეგმარებით ბიუროებთან უკვე კონკრეტულ შეთანხმებებზე მიდის მუშაობა. ჩვენ მათთვის წარმოვადგენთ საიმედო ხიდს ქართულ რეალობასთან: ვუზრუნველყოფთ გლობალური არქიტექტურული კონცეფციების სრულ ადაპტაციას ადგილობრივ კანონმდებლობასთან, ზონირებასთან და ურბანულ კონტექსტთან. ეს პარტნიორობა ერთის მხრივ უცხოურ ჯგუფებს უმარტივებს ბაზარზე შემოსვლას, მეორეს მხრივ კი ადგილობრივ არქიტექტურულ გარემოში სრულიად ახალი მასშტაბის პროექტების იმპორტს უწყობს ხელს.
საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით?
წლის შედეგებს ძალიან ოპტიმისტურად და, ამავდროულად, მკაფიო პრაგმატიზმით ვუყურებთ. წლის პირველი ნახევრის დინამიკამ გვიჩვენა, რომ არჩეული სტრატეგია სრულიად გამართლებულია და ტასჰაბი ბაზარზე მკვიდრდება, როგორც შეთანხმებისა და პროექტირების მთავარი ჰაბი.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც წლის მეორე ნახევარში გველოდება, სრულიად ახალ სამუშაო სივრცეში გადასვლაა. ახალი ოფისი მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო გავფართოვდეთ, შევქმნათ იდეალური გარემო გუნდისთვის და ბევრად მასშტაბურ პროექტებსა თუ პარტნიორობებს ვუმასპინძლოთ.
საბოლოო ჯამში, გვინდა 2026 წელი დავასრულოთ ისეთი პორტფოლიოთი და რეპუტაციით, სადაც თითოეული შესრულებული პროექტი - იქნება ეს არქიტექტურა, გრგ, დენდროლოგია, სატრანსპორტო კვლევა თუ ახალი საზოგადოებრივი სივრცე - ქვეყნის სწორი და მდგრადი ურბანული განვითარების ხარისხის სტანდარტად იქცევა.