ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობა - უფასო პროფესიული პროგრამები ბეჭდვისა და შეფუთვის ინდუსტრიაში
საქართველოში ბეჭდვისა და შეფუთვის თანამედროვე ინდუსტრია ახალგაზრდებსა და კარიერული განვითარების მსურველებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიას სრულიად უფასოდ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და დასაქმების რეალური შანსი წამყვან კომპანიებში.
პროექტის ფარგლებში, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, შემუშავდა პროფესიული მომზადების პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, პრაქტიკულ ცოდნასა და შრომის ბაზარზე მოთხოვნად უნარებზე.
ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორი საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, თუმცა ჯერ კიდევ არასაკმარისად აღიარებული დარგია, განსაკუთრებით გენდერული თანასწორობის მიმართულებით. პროექტის მიზანია პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდების და განსაკუთრებით ქალებისთვის, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და სამუშაო ძალის უნარებს შორის შეუსაბამობის შემცირებას და ინკლუზიური სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას საქართველოს ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორში.
სახელმწიფო ავტორიზებული პროფესიული პროგრამის მონაწილეები გაივლიან 4-თვიან სწავლებას, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებენ სახელმწიფო სერტიფიკატს. თეორიული სწავლება განხორციელდება „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტიშ“ი პროფესიონალი ლექტორების ჩართულობით, ხოლო პრაქტიკული გამოცდილების მიღება შესაძლებელი იქნება ბეჭდვისა და შეფუთვის ლიდერ კომპანია „კოლორპაკში“.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ ორი თანამედროვე და მოთხოვნადი პროფესიული მიმართულებიდან ერთ-ერთი:
• „ბეჭდვის პროცესების ტექნიკოსი“
• „ბეჭდვის შემდგომი პროცესების ტექნიკოსი“
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ საბეჭდ და საგამომცემლო კომპანიებში, ბეჭდვისა და შეფუთვის საწარმოებში, ეტიკეტებისა და სარეკლამო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიურ საწარმოებში.
პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლია სრული ზოგადი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.
პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, „ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორში“ პროექტის ფარგლებში. რომელსაც ახორციელებს საქართველოს ბეჭდვისა და შეფუთვის დარგის ლიდერი კომპანია „კოლორპაკი“, კომპანია TBSC კონსალტინგის ჩართულობით.
სხვა სიახლეები
„ნიადაგი“ აგროსექტორში AI სისტემების განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს
01.06.2026.18:00
ჩვენი ძირითადი ფოკუსია თანამედროვე აგრო-ტექნოლოგიების ინტეგრაცია, აგრო-კონსალტინგის განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობების გაძლიერება და ექსპორტის მიმართულების გაფართოება,- ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს წამყვანი აგრო-საკონსულტაციო კომპანია „ნიადაგის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ დიდებაშვილმა განუცხადა.
რა არის ამ ეტაპზე თქვენი კომპანიის მთავარი სიახლეები და რომელ მიმართულებებზე მუშაობთ ყველაზე აქტიურად?
ამ ეტაპზე „ნიადაგი“ აქტიურად მუშაობს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე. ჩვენი ძირითადი ფოკუსია თანამედროვე აგრო-ტექნოლოგიების ინტეგრაცია, აგრო-კონსალტინგის განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობების გაძლიერება და ექსპორტის მიმართულების გაფართოება.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლურჯი მოცვის სექტორს, სადაც ვმუშაობთ როგორც პლანტაციების ეფექტიანობის ზრდაზე, ისე ფერმერების მხარდაჭერასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებაზე. ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ექსპორტის მიმართულება, რადგან იწყება ლურჯი მოცვის ჰარვესთის სეზონი და ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ბაზრებთან კომუნიკაციაში, პარტნიორებთან კოორდინაციასა და საექსპორტო პროცესების ორგანიზებაში.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული მოცვი საერთაშორისო ბაზარზე წარმოდგენილი იყოს მაღალი ხარისხითა და სტაბილური მიწოდებით. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ როგორც ევროპულ, ისე სხვა საერთაშორისო ბაზრებთან თანამშრომლობაზე, ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესებასა და ადგილობრივი მწარმოებლების მხარდაჭერაზე.
ასევე მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა, რაც მოიცავს მონაცემთა ანალიზს, AI სისტემების გამოყენებას და რესურსების უფრო ეფექტიან მართვას.
ჩვენი მიზანია, საქართველოში აგრობიზნესის განვითარება უფრო თანამედროვე, ტექნოლოგიური და კონკურენტუნარიანი მოდელის მიმართულებით წავიყვანოთ და ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი სწორედ საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრაციასა და ექსპორტის ზრდას ენიჭება.
რა შედეგი გამოიღო ლურჯი მოცვის პლანტაციაში AI ტექნოლოგიის დანერგვამ?
AI ტექნოლოგიის დანერგვამ ლურჯი მოცვის პლანტაციაში მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები მოგვცა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბევრად უფრო ეფექტური გახდა როგორც მონიტორინგის, ისე ანალიზის პროცესები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირველი აგრო - პროექტი საქართველოში, სადაც მსგავსი მასშტაბით ხდება AI ტექნოლოგიის ინტეგრაცია, რაც ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ მთლიანად ქართული აგრობიზნესისთვის. ამ ინოვაციამ უკვე გამოიწვია დიდი ინტერესი სექტორში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ სრულიად ახალი ხედვა და დინამიკა შექმნა.
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესაძლებელი გახდა მცენარის მდგომარეობის უფრო სწრაფი შეფასება, სხვადასხვა რისკის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სექტორში, სადაც მოსავლის ხარისხსა და დროულ რეაგირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ტექნოლოგიის გამოყენებამ ასევე ხელი შეუწყო წყლის, სასუქებისა და სხვა რესურსების უფრო ეფექტიან მართვას, რაც საბოლოოდ აისახება როგორც ხარისხზე, ისე ეკონომიკურ ეფექტიანობაზე.
როგორ მუშაობს პრაქტიკაში Vita 1 და რა მთავარი უპირატესობა გამოიკვეთა გამოყენების პროცესში?
Vita 1 წარმოადგენს შვეიცარიული კომპანია Vivent Biosignals-ის მიერ შექმნილ ინოვაციურ AI-სენსორს, რომელიც მცენარის ფესვსა და ფოთოლზე თავსდება და უწყვეტ რეჟიმში აკვირდება მცენარეში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებს.
პრაქტიკაში სისტემა რეალურ დროში აგროვებს და აანალიზებს მონაცემებს, რის შედეგადაც ფერმერს მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია მცენარის მდგომარეობის, წყლის საჭიროების, ნუტრიენტების ბალანსისა და სხვადასხვა სტრეს-ფაქტორის შესახებ. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს გადაწყვეტილებების სწრაფად და სწორად მიღებას.
Vita 1-ის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ პრობლემას აფიქსირებს მანამდე, სანამ ის ვიზუალურად შესამჩნევი გახდება. მაგალითად, შესაძლებელია მცენარის სტრესის, წყლის დეფიციტის ან სხვა რისკების აღმოჩენა ძალიან ადრეულ ეტაპზე, რაც ფერმერს საშუალებას აძლევს დროულად მოახდინოს რეაგირება და თავიდან აიცილოს მოსავლის ხარისხის გაუარესება ან დანაკარგები.
ტექნოლოგიის გამოყენებამ ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესა რესურსების მართვა - წყლის, სასუქებისა და სხვა საჭირო კომპონენტების გამოყენება გახდა უფრო ზუსტი და ეფექტიანი. შედეგად გაიზარდა როგორც პლანტაციის ოპერაციული ეფექტიანობა, ისე მოსავლის ხარისხი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც მსგავსი AI ტექნოლოგია აგროსექტორში დაინერგა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობას სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
როგორ ვითარდება საერთაშორისო პარტნიორობა და რა როლს თამაშობს იგი თქვენი პროექტების გაფართოებაში?
საერთაშორისო პარტნიორობა „ნიადაგის“ განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბოლო წლებში აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებთან, ტექნოლოგიურ პარტნიორებთან და აგრო-სექტორში მოქმედ ორგანიზაციებთან.
ეს თანამშრომლობები გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ თანამედროვე ცოდნა, გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში დავნერგოთ ის ტექნოლოგიური თუ მმართველობითი მიდგომები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე უკვე წარმატებით გამოიყენება.
გარდა ამისა, საერთაშორისო პარტნიორობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართული პროდუქციის ექსპორტის მიმართულებითაც. უცხოურ ბაზრებთან პირდაპირი კავშირები ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც ფერმერებისთვის, ისე მთლიანად სექტორისთვის.
რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები და სტრატეგიული მიმართულებები?
„ნიადაგის“ სამომავლო სტრატეგია ორიენტირებულია ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და საერთაშორისო მასშტაბის პროექტების გაფართოებაზე.
ჩვენ ვგეგმავთ თანამედროვე აგრო-ტექნოლოგიების კიდევ უფრო ფართოდ დანერგვას, AI სისტემების განვითარებას, მონაცემებზე დაფუძნებული მართვის მოდელების გაძლიერებას და ფერმერებისთვის უფრო ეფექტური საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებას.
ასევე, აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო თანამშრომლობების გაფართოებაზე, ახალი პარტნიორების მოძიებასა და ექსპორტზე ორიენტირებული პროექტების განვითარებაზე.
ჩვენი მთავარი მიზანია, „ნიადაგი“ იყოს არა მხოლოდ საკონსულტაციო კომპანია, არამედ პლატფორმა, რომელიც საქართველოში თანამედროვე, მდგრადი და ტექნოლოგიურად განვითარებული აგროსექტორის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.