ახალი ბაზრების ათვისება ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა - Izy
Izy მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ, გაყინულ-გამომშრალ პროდუქტებს, რომლებიც აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის პრაქტიკული, ჯანსაღი და გემრიელი არჩევანია. Business Insider Georgia კომპანიის მიმდინარე სიახლეების, საერთაშორისო განვითარების, ახალი პროდუქტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Izy-ის დირექტორს, ანა შაქარაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
Izy-სთვის მიმდინარე წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დინამიკურია. ბრენდი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო განვითარებას და ამჟამად, უკვე წარმოდგენილია როგორც კანადის, ისე ამერიკის ბაზარზე.

განსაკუთრებული სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი - შებოლილი ხრაშუნა სულგუნი ხელმისაწვდომია ამერიკის ბაზარზე და იყიდება Amazon-ის პლატფორმაზე. პროდუქტი ჩართულია Prime პროგრამაში, რაც ნიშნავს, რომ შეკვეთის შემთხვევაში, მომხმარებელი მას ამერიკის უმეტეს შტატში უკვე მეორე დღეს იღებს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან ქართული პროდუქტი კონკურენციას უწევს საერთაშორისო ბრენდებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბაზარზე.
ახალ სეზონს Izy რამდენიმე სიახლით ხვდება. განვაახლეთ როგორც პროდუქციის ასორტიმენტი, ასევე შეფუთვის კონცეფცია. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ შეფუთვის დიზაინსა და ფუნქციონალურობას. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა უფრო პრაქტიკული ფორმატი, რომელიც მომხმარებლისთვის მოსახერხებელი იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მოგზაურობის, ლაშქრობის და აქტიური დასვენების დროს.
ახალი შეფუთვები გამოირჩევა არა მხოლოდ პრაქტიკულობით, არამედ უნიკალური ვიზუალური იდენტობითაც. დიზაინის შექმნისას შთაგონება მივიღეთ როგორც ქართული, ისე კანადური კულტურული ელემენტებიდან. მინდა ავღნიშნო, რომ სუბლიმირებული პროდუქტის წარმოება ჩემი მეუღლის იდეაა, რომელმაც საქართველოში განახორციელა ეს ბიზნესი. ის კანადელია და ქართული ნატურალური ხილის არომატით ძალიან მოიხიბლა, სწორედ ამიტომ შექმნა საქართველოში ეს ბიზნესი. ამჟამად, ჩვენი სხვადასხვა პროდუქტის შეფუთვებში გამოყენებული პიქტოგრამები და გრაფიკული დეტალები აერთიანებს საქართველოს ბუნებას, მთიან ლანდშაფტებსა და კანადის თანამედროვე ტრადიციებს, აქტიური და თავგადასავლებით სავსე ცხოვრების სტილთან. ამჟამად, შეფუთვის წინა მხარე დათმობილი აქვს სვანურ პიქტოგრამებს, ხოლო უკანა მახარე კი, სანტ ლუისის ულამაზესი ტბა და ასევე, კანადის სახელმწიფო დროშა. ყოველივე ამის შედეგად მივიღეთ დიზაინი, რომელიც ერთდროულად თანამედროვეა, საერთაშორისოა და ამავე დროს მკაფიოდ ინარჩუნებს ქართულ ხასიათს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Izy მხოლოდ საკვები პროდუქტი არ იყოს. გვინდა, ბრენდი ასოცირდებოდეს მოგზაურობასთან, ბუნებასთან, აქტიურ ცხოვრებასთან და ხარისხიან ქართულ პროდუქტთან, რომელსაც ღირსეულად შეუძლია საქართველოს წარმოჩენა საერთაშორისო ბაზარზე.

ბოლო ინტერვიუში საუბრობდით ექსპორტის, ონლაინ გაყიდვებისა და პროდუქტის დივერსიფიკაციის გაძლიერებაზე - რა პროგრესი გაქვთ ამ მიმართულებებით?
ონლაინ გაყიდვების კუთხით, უახლოეს პერიოდში ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე Izyfood.ge-ზე სრულფასოვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმა გაეშვება, რომელზეც მუშაობას ძალიან მალე დავასრულებთ. ეს მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, პროდუქცია პირდაპირ ჩვენგან, სწრაფად და მარტივად შეიძინონ. ამავდროულად, ეს ჩვენთვის მომხმარებელთან უფრო პირდაპირი ურთიერთობის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან საშუალება გვექნება უშუალოდ მივიღოთ მათი შეფასებები, უკუკავშირი და უკეთ გავიგოთ მათი საჭიროებები.
პროდუქტის დივერსიფიკაციის მიმართულებით ახალ სეზონს ვხვდებით ახალი პროდუქტებითა და განახლებული შეფუთვით. ჩვენი მიზანია შევქმნათ არა მხოლოდ გემრიელი და ხარისხიანი სნექები, არამედ სხვდასხვა სახის პროდუქტი, რომლებიც თანამედროვე, აქტიურ ცხოვრების სტილს ერგება.

რაც შეეხება საერთაშორისო განვითარებას, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ახალ ბაზრებსა და პარტნიორებთან, რათა Izy კიდევ უფრო მეტ ქვეყანაში გახდეს ხელმისაწვდომი.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო პერიოდში?
ბოლო პერიოდში მოთხოვნის სტაბილურ ზრდას ვხედავთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. გაზრდილია როგორც მომხმარებელთა ინტერესი, ასევე პარტნიორებისა და დისტრიბუტორების მხრიდან მოთხოვნა, რაც ადასტურებს, რომ ხარისხიან და ინოვაციურ პროდუქტებზე მოთხოვნა ბაზარზე მზარდია. ეს დინამიკა გვაძლევს საფუძველს, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ ბრენდის განვითარება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

იგეგმება თუ არა ახალი ბაზრების დამატება ან არსებულ ქვეყნებში პოზიციების გაძლიერება?
დიახ, ახალი ბაზრების ათვისება ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამ ეტაპზე აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე ქვეყანასთან, პარალელურად კი, ვაგრძელებთ პოზიციების გაძლიერებას ამერიკისა და კანადის ბაზრებზე.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქართული ბრენდი Izy ეტაპობრივად ზრდის ცნობადობას საერთაშორისო ბაზრებზე და სულ უფრო ხშირად ჩნდება მომხმარებლის არჩევანში წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან ერთად. ჩვენთვის ეს მხოლოდ ბიზნესის ზრდა არ არის - ეს არის ქართული პროდუქტისა და საქართველოს პოპულარიზაციის შესაძლებლობა გლობალურ ბაზარზე.
რა არის კომპანიის მთავარი სამომავლო პრიორიტეტები და განვითარების გეგმები?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია Izy-ის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
მომდევნო ეტაპზე ფოკუსირებული ვართ სამი ძირითადი მიმართულებით: საერთაშორისო გაფართოებაზე, პროდუქტის პორტფელის განვითარებასა და ბრენდის გაძლიერებაზე. ვაგრძელებთ მუშაობას ახალ საექსპორტო ბაზრებზე, პარალელურად კი, ვქმნით ახალ პროდუქტებს, რომლებიც პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს.
ამასთან, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბრენდის ცნობადობის ზრდას. ჩვენი მიზანია, Izy ასოცირდებოდეს ხარისხთან, ინოვაციასთან და თანამედროვე ქართულ წარმოებასთან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა, Izy გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ქართული საკვები ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე და ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველოს პოტენციალი მსოფლიო მასშტაბით.
სხვა სიახლეები
საქართველოდან ვენამდე - Izy-ის შებოლილი სულგუნი ევროპულ ბაზარზე გადის
12.11.2026.14:00
ქართული ტრადიციული ყველი ევროპულ ბაზარზე ახალ ფორმატში წარდგება. Izy-ის სუბლიმირებული შებოლილი სულგუნის ხემსები უკვე ავსტრიის დედაქალაქ ვენაშია და ადგილობრივ ბაზართან ერთად, ვენის საშობაო ბაზრობაზეც იქნება წარმოდგენილი. ექსპორტის დეტალებზე, პროდუქტის შექმნის კონცეფციასა და კომპანიის განვითარების გეგმებზე Business Insider Georgia-ს Izy-ის დირექტორი ანა შაქარაშვილი ესაუბრა.
„ქართული ტრადიციული სუფრის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი - შებოლილი სულგუნი ევროპულ ბაზარზე ახალ ფორმატში წარდგება. ჩვენი სუბლიმირებული შებოლილი სულგუნის ხემსები უკვე ავსტრიის დედაქალაქ ვენაშია. ეს კი მხოლოდ დასაწყისია.
პროდუქცია ავსტრიის ბაზარზე შევა და ვენის საშობაო ბაზრობაზეც იქნება წარმოდგენილი. ეს სივრცე ევროპის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც ერთმანეთს საკუთარ კულტურას, ტრადიციებსა და გასტრონომიულ გამოცდილებას უზიარებენ. წელს ევროპელ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ქართული ყველი განსხვავებული ფორმით გაიცნოს და თანამედროვე ტექნოლოგიით დამუშავებული შებოლილი სულგუნის ხემსები დააგემოვნოს.
ვენის საშობაო ბაზრობაზე მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ქართული გასტრონომიული ტრადიცია საერთაშორისო აუდიტორიას გავაცნოთ და წარმოვაჩინოთ, როგორ შეიძლება ტრადიციული პროდუქტის თანამედროვე ტექნოლოგიით გარდაქმნა და ახალი ფორმით შეთავაზება.
ექსპორტი ქართველი პარტნიორის ჩართულობით განხორციელდა. ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისას პარტნიორობა, ინიციატივა და განვითარების საერთო ხედვა. მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრების მიმართულებით.
ჩვენ საუკუნოვანი ქართული გასტრონომიული ტრადიცია თანამედროვე სუბლიმაციის ტექნოლოგიას შევუხამეთ და შევქმენით პროდუქტი, რომელიც საქართველოს ფარგლებს სცდება. ეს მხოლოდ ჩვენი კომპანიის წარმატება არ არის - გვიხარია, რომ ქართული პროდუქტის საერთაშორისო ცნობადობის ზრდაშიც შეგვაქვს წვლილი.
Izy-ის პროდუქცია უკვე წარმოდგენილია აშშ-ისა და კანადის ბაზრებზე, ასევე ხელმისაწვდომია Amazon-ის პლატფორმაზე. ვენაში შესვლა კი საერთაშორისო განვითარების კიდევ ერთი ეტაპია. ჩვენი სურვილია, ეს პროცესი გაგრძელდეს და ქართული გემო სულ უფრო მეტ ქვეყანაში გავიტანოთ.
ჩვენ განვითარებას ვაგრძელებთ და ვცდილობთ, Izy-ის პროდუქტმა მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. გვჯერა, რომ ქართული გემო საერთაშორისო მომხმარებლისთვის საინტერესო აღმოჩენა იქნება და ჩვენი პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ღირსეულად წარდგება“, - აცხადებს ანა შაქარაშვილი.