ახალი ბინების გასაყიდი ფასი წლიურად 8.5%-ით, ხოლო თვიურ ჭრილში 7.5%-ით გაიზარდა - თიბისი კაპიტალი
2024 წლის ივლისში გაყიდული ახალი ბინების რაოდენობამ 665 შეადგინა, რაც 3.1%-ით ჩამორჩება 2023 წლის ივლისის მაჩვენებელს. როგორც თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაშია აღნიშნული, ძველ ბინების მიმართულებით განხორციელდა 2,770 ტრანზაქცია და წლიურად 4.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„როგორც ახალი, ისე ძველი ბინების რაოდენობამ გასულ თვესთან შედარებით დადებითი, შესაბამისად 7.1% და 21.4%-იანი, ცვლილება აჩვენა. ასეთი საგრძნობი განსხვავების შედეგად, ახალი ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში 19%-მდე ჩამოვიდა. საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წლიურად 8.5%-ით, ხოლო თვიურად 7.5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, დაფისირდა 2%-იანი წლიური და 1.2%-იანითვიური ზრდა“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.
2024 წლის ივლისში უდიდესი წილი (45%) ჯამურად გაყიდული ბინებიდან შეინარჩუნა 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის ბინებმა, რაც 4 პროცენტული პუნქტით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდს. 125-კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილმა 4% შეადგინა, რაც 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის ივლისთან შედარებით. ამავე პერიოდში, მაღალი (>1,500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის წილმა მთლიან ტრანზაქციებში 19% შეადგინა (+4პპ, წ/წ და - 3პპ, თ/თ)
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.