ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია ტავ ჯორჯია განაგრძობს ინვესტიციების განხორციელებას ორი საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ბათუმში 2025 წელს რამდენიმე პროექტია დაგეგმილი. სამუშაოების ნაწილი უკვე დაწყებულია, ნაწილი კი უახლოეს პერიოდში იგეგმება. მხოლოდ 2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მათ შორის IT ინფრასტრუქტურისა და საოპერაციო ტექნიკის შეძენისთვის ტავ ჯორჯიას 12,5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს გათვალისწინებული.
“ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე პროექტი გვაქვს დაგეგმილი, როგორც აეროდრომზე, ასევე ტერმინალის ნაწილში. მომატებული მგზავრთნაკადის ფონზე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურაც პასუხობდეს ყველანაირ გამოწვევას, რათა მომსახურების ხარისხის ის მაღალი სტანდარტი შევინარჩუნოთ, რომელსაც უკვე წლებია ჩვენი მგზავრები შევაჩვიეთ.” - აცხადებს ტავ ჯორჯიას ტექნიკური მენეჯერი ალუდა ცაბაური.
პირველი პროექტის ფარგლებში, 2025 წლის შემოდგომისთვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა დახვედრის ზონის გაფართოების სამუშაოები დასრულდება. იგეგმება ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც ინტეგრირებული იქნება მგზავრების დახვედრის ზონასთან და დამატებით საოფისე სივრცეების მოწყობის შესაძლებლობას წარმოშობს, რაც აეროპორტის ოპერაციებისა და კომერციული გამოყენებისთვის არის განსაზღვრული. ასევე, რიგების მოსაწესრიგებლად და გამტარუნარიანობის გასაუმჯობესებლად მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება იგეგმება. მთავარი შესასვლელის მხრიდან ტერმინალს ასევე დაემატება ახალი სივრცე იმ ტერიტორიის ხარჯზე, რომელიც მანამდე მსუბუქი გადახურვით იყო წარმოდგენილი.
ტავ ჯორჯიას 2025 წელს მნიშვნელოვანი გეგმები აქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ნაწილშიც. საჰაერო ხომალდების სადგომების ტერიტორია გაფართოვდება 8200 მ²-ით და მოხდება დაზიანებული ხელოვნური ზედაპირის რეაბილიტაცია 14 000 მ²-ზე. შედეგად, გაჩნდება შესაძლებლობა რომ აეროდრომზე ერთდროულად განთავსდეს 9 საშუალოგაბარიტიანი (ICAO: C code) თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი. 2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციაც იგეგმება, რომელიც მოიცავს ხელოვნური საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს კრიტიკულ ზონებში 45 000 მ2 ფართობზე.
გამტარუნარიანობის გასაზრდელად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობა მომატებული მგზავრთნაკადის გამო შეიქმნა. სხვაობა ცივფრებში საკმაოდ თვალსაჩინოა, როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე პანდემიამდელ პარიოდთან შედარებით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.