ახალი ობიექტები და განახლებული მენიუ - რა სიახლეებს სთავაზობს „თოლია“ მომხმარებელს
კომპანია თოლია - Tolia, რომელიც საქართველოს მასშტაბით სანაყინეების ქსელის გაფართოებას განაგრძობს, პარალელურად ასორტიმენტსაც აფართოებს. სულ ახლახან „თოლიამ“ მენიუს სორბეს ნაყინიც დაამატა.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის სანაყინეების მარკეტინგის მენეჯერმა, ბერდია ბედიაშვილმა განაცხადა, მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია სორბეს ნაყინის ორი ახალი გემო - ლიმონი და ჟოლო.
„ასორტიმენტს დავამატეთ სორბეს ნაყინი ლიმონისა და ჟოლოს გემოთი. ასევე, გასული წლის დეკემბერში მენიუს დაემატა ცხელი შოკოლადი, თუმცა სრულფასოვნად ყველა ობიექტზე წელს გახდა ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, წელს ბათუმში, „გრანდ მოლში“ ახალი ობიექტი გავხსენით. ასევე, ობიექტები დავამატეთ წერეთლის გამზირზე და სააკაძის მოედანზე.

ამ ეტაპზე, დაგეგმილი გვაქვს გაფართოება დიდ დიღომშიც - ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და ობიექტის გახსნა სავარაუდოდ ივლისის შუა რიცხვებში, დაახლოებით 15 ივლისს იგეგმება.
დიდ დიღომში ახალი ობიექტის გახსნის გადაწყვეტილება უკავშირდება წერეთლის გამზირზე მდებარე სანაყინის წარმატებულ შედეგებს, რის საფუძველზეც ანალოგიურ გაფართოებას სხვა ლოკაციებზეც ვგეგმავთ “, - აცხადებს ბერდია ბედიაშვილი.
„თოლიას“ სანაყინეები მომხმარებლებს მდიდარ მენიუს სთავაზობენ, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით ე.წ. რბილი ნაყინი სარგებლობს.
„დიდი მოთხოვნით სარგებლობს ჩვენი ძირითადი პროდუქტი - რბილი, ე.წ. ჩამოსასხმელი ნაყინი. ასევე, დიდი პოპულარობით გამოირჩევა ცივი ყავა ნაყინით და სხვადასხვა სახის შეიკები.

გარდა ამისა, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მოთხოვნა დონატებზე, რომელიც მენიუს 2–3 წლის წინ დავამატეთ და დღეს უკვე აქტიური გაყიდვებით ხასიათდება. ეს არის ძირითადი პროდუქტები, რომლებსაც განსაკუთრებით გამოვყოფდი.

თავდაპირველად, ჩვენი ძირითადი პროდუქტი იყო ვანილი-შოკოლადის ნაყინი. დაახლოებით ორი წლის წინ გვქონდა ბანანი-მარწყვის გემოც, რომელიც ახლა კვლავ დავაბრუნეთ.
რბილი ნაყინის მიმართულებით უახლოესი ერთი წლის განმავლობაში სიახლეებს არ ვგეგმავთ, რადგან უკვე გვაქვს 6 გემო და ეს საკმაოდ ფართო ასორტიმენტად ითვლება.
რაც შეეხება დონატებს, ვგეგმავთ ასორტიმენტის გადახედვას და შესაძლოა გარკვეული პროდუქტები დონატების მიმართულებით ჩავანაცვლოთ “, - აღნიშნავს სანაყინეების მარკეტინგის მენეჯერი.

ინფორმაციისთვის, „თოლია“ დღეს ნაყინის ბაზრის ლიდერია და მისი წარმატება რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის გამორჩეული მენიუთი და კონცეფციით, რაც კომპანიას კონკურენტებისგან გამოარჩევს.
„თოლია“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდია ნაყინის ინდუსტრიაში. კომპანია ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს.
სხვა სიახლეები
ბუტიკური სტილი და ახალი კონცეფცია რაჭაში - რას სთავაზობს Racha Roots Boutique House ვიზიტორებს
21.09.2026.18:00
რაჭა ტურისტებისთვის სულ უფრო მოთხოვნად მიმართულებად ყალიბდება. რეგიონში იზრდება განსხვავებული კონცეფციისა და თანამედროვე დიზაინის განთავსების ობიექტების მიმართ ინტერესიც. ერთ-ერთი ასეთი ახალი ობიექტი Racha Roots Boutique House-ია.

სასტუმროს კონცეფციის, სტუმრების მოთხოვნის, კონკურენტული უპირატესობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს Racha Roots Boutique House-ის დამფუძნებელი ნეიკო პეტრიაშვილი ესაუბრა.
„ჩვენი საოჯახო სასტუმრო ოჯახის სახლის ბაზაზე შეიქმნა - ეს ჩემი მეუღლის მშობლების სახლია, რომლის გადაკეთებაც გადავწყვიტეთ და პატარა საოჯახო სასტუმროდ ვაქციეთ.

ამ ეტაპზე სასტუმრო 4 ნომერს აერთიანებს. ის ბუტიკური სტილისაა და, ვფიქრობ, რაჭაში მსგავსი დიზაინისა და კონცეფციის ობიექტი არც არის. სივრცე თანამედროვე და კომფორტულია, ყველა საჭირო პირობით. თითოეულ ნომერს აქვს საკუთარი აივანი და ულამაზესი ხედები.

რაც შეეხება მოთხოვნას, რაჭა ბოლო პერიოდში საკმაოდ მოთხოვნადი და მიმზიდველი მიმართულება გახდა. ჩვენ სასტუმრო ცოტა გვიან, აგვისტოს ბოლოს გავხსენით, თუმცა აგვისტოში მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო. ამჟამად მოთხოვნა შედარებით შემცირებულია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი მიმართულება უფრო სეზონური იქნება. სტუმრების უმეტესობა ამ ეტაპზე ადგილობრივი ტურისტია.

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა დიზაინი და კონცეფციაა. ეს არ არის ტრადიციული ხის სახლი - სასტუმრო თანამედროვე, კომფორტული და მყუდრო სივრცეა, რაც სტუმრებმაც არაერთხელ აღნიშნეს. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუმრებისთვის მაღალი დონის სერვისის შეთავაზება.

სამომავლოდ სასტუმროს გაფართოება გვსურს და იმედი გვაქვს, რომ ამის განხორციელებასაც შევძლებთ“, - აცხადებს ნეიკო პეტრიაშვილი.
