ახალი პარტნიორები და გლობალური ინტერესი - როგორ აფასებს „ნიადაგი“ MacFrut 2026-ზე მონაწილეობას
MacFrut 2026-ზე მონაწილეობა ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული გამოცდილება იყო, - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს წამყვანი აგრო-საკონსულტაციო კომპანია „ნიადაგის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა, სალომე დიდებაშვილმა განუცხადა.
როგორ შეაფასებთ MacFrut 2026-ზე მონაწილეობას?
MacFrut 2026-ზე მონაწილეობა ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული გამოცდილება იყო. აღნიშნული გამოფენა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას აგროსექტორში, სადაც თავს იყრიან როგორც ტექნოლოგიური კომპანიები, ასევე მწარმოებლები, ინვესტორები და საერთაშორისო პარტნიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ჩვენთვის ეს იყო შესაძლებლობა, ერთი მხრივ, საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაგვეცნო „ნიადაგის“ საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და ხედვა, ხოლო მეორე მხრივ, ადგილზე გავცნობოდით თანამედროვე ტექნოლოგიებს, ინოვაციურ მიდგომებსა და ბაზარზე არსებულ ახალ ტენდენციებს.
გამოფენის ფარგლებში შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა პოტენციურ პარტნიორებთან, ტექნოლოგიურ კომპანიებთან და საერთაშორისო აგრო-ბრენდებთან, რაც მომავალში თანამშრომლობის რეალურ შესაძლებლობებს ქმნის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბაზარზე იზრდება ინტერესი საქართველოს აგროპოტენციალის მიმართ და მსგავსი ღონისძიებები ამ ინტერესის გაღრმავებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
გაქვთ თუ არა დაინტერესება ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობის დაწყების მიმართულებით?
რა თქმა უნდა, ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება „ნიადაგის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორების მოძიება, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ხარისხზე, ინოვაციებზე და გრძელვადიან თანამშრომლობაზე.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. განსაკუთრებით საინტერესოა პარტნიორობა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ აგრო-ტექნოლოგიების, პლანტაციების მართვის, ექსპორტის, გადამუშავებისა და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო გადაწყვეტილებების მიმართულებით.

დღეს აგროსექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება და წარმატებისთვის აუცილებელია ცოდნის, გამოცდილებისა და ტექნოლოგიების გაცვლა. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის საერთაშორისო პარტნიორობა არა მხოლოდ ბიზნესის გაფართოების, არამედ სექტორის საერთო განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.
სხვა სიახლეები
როგორ აფასებს „ლილუაშვილის მამული“ 2026 წლის პირველ ნახევარს და როგორია კომპანიის გეგმები შემოდგომის სეზონისთვის
01.09.2026.16:00
2026 წლის პირველი ნახევარი „ლილუაშვილის მამულისთვის“ სტაბილური სეზონითა და ადგილობრივი ვიზიტორების მზარდი ინტერესით გამოირჩეოდა. როგორია მოთხოვნის დინამიკა, რა აქტივობებს გეგმავს კომპანია საშემოდგომო სეზონზე და რა სიახლეებს უკავშირდება მისი სამომავლო გაფართოება - ამ საკითხებზე Business Insider Georgia „ლილუაშვილის მამულის“ დამფუძნებელს, მათე ლილუაშვილს ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით „ლილუაშვილის მამულისთვის“ 2026 წლის პირველ ნახევარს და რა არის ის მთავარი შედეგები, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში გამოარჩევდით?
ნორმალური, სტაბილური სეზონი იყო. ადგილობრივი ვიზიტორების წილი გაიზარდა, ასევე გაიზარდა ჩვენი ცნობადობა. ხშირად გვსტუმრობენ სხვადასხვა ბლოგერები, რაც, თავის მხრივ, სივრცის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. ამის პარალელურად, გვყავს უცხოელი ვიზიტორებიც, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ „ლილუაშვილის მამულის“ მიმართ ინტერესი საერთაშორისო სტუმრებს შორისაც იზრდება.
რა მოლოდინები გაქვთ წლის დარჩენილი პერიოდისთვის და რომელ მიმართულებებზე გაამახვილებთ ძირითად ყურადღებას?
წლის დარჩენილ პერიოდში განსაკუთრებული აქცენტი საშემოდგომო სეზონზე გვაქვს. შემოდგომაზე სეზონურად ვმასპინძლობთ ბავშვების ჯგუფებს და მათთვის სხვადასხვა თემატურ მასტერკლასს ვატარებთ. მათ შორის არის რთველში მონაწილეობა, საწნახელში ყურძნის ჭყლეტა, ჩურჩხელის ამოვლება და სხვა აქტივობები.
მასტერკლასები განკუთვნილია როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, ისე ბაღის ბავშვებისთვის. გასულ წელს, სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე, რთველის პერიოდში, ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად ვიყავით დატვირთული და წელსაც ანალოგიურ ინტერესს ველოდებით.
ინფორმაციისთვის, „ლილუაშვილის მამული“ იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორაში მდებარეობს და ბუნებაში ჩაფლული მამული ორსაუკუნოვან მეღვინეობას, საოჯახო სასტუმროსა და იმერულ სამზარეულოს აერთიანებს.