ახალი საწარმო და მზარდი მოთხოვნა - „სვანიძის ზეთისხილი“ მაშტაბური ექსპორტისთვის ემზადება
Svanidze Olive Oil / სვანიძის ზეთისხილის ზეთი ექსპორტზე მასშტაბური გასვლისთვის ემზადება, თუმცა მანამდე ახალ საწარმოში ISO-ს შესაბამისობის სერტიფიკატის დანერგვაზე მუშაობს, რაც საექსპორტო ბაზრებზე წვდომას გაუმარტივებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორმა, ნიკა მარკოზაშვილმა განაცხადა, ზეთისხილის მოსავალი უკვე დაბინავებულია და ახლა მისი გადამუშავება მიმდინარეობს.
„მოსავალი დავაბინავეთ. ჩვენი ბაღები თანდათან უფრო და უფრო შედის მსხმოიარობაში, რადგან სხვადასხვა ასაკის ბაღები გვაქვს. ზოგი გარდამავალ ფაზაშია, ზოგი მსხმოიარეა, ზოგი კი ახლა იწყებს მსხმოიარობას. მოსავალი (ნაყოფი) დაახლოებით 350-450 ტონამდეა. დედოფლისწყაროში ახალი საწარმო გავხსენით - ახალი დანადგარებით, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ მოკრეფიდან დამუშავებამდე მოკლე დრო გვქონდეს. შესაბამისად, ხარისხი უკეთესია, ანუ მოკრეფიდან გადამუშავებამდე დაყოვნება ნაკლები დროით ხდება, რაც უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხს. რაც შეეხება წარმოების კუთხეს, დანადგარებიც უკვე ავტომატიზებულია. ეს არის იტალიური დანადგარები, რომელთა წარმადობაც საათში დაახლოებით 1500-დან 2000 ბოთლამდეა“, - აცხადებს ნიკა მარკოზაშვილი.
„სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორის განმარტებით, ახალი საწარმო კომპანიას ზეითისხილის ზეთის გარდა ზეთისხილის სხვა პროდუქტების სერიული გამოშვების შესაძლებლობასაც აძლევს.
„თვითონ საწარმოს პროექტი გაყოფილია ორ ნაწილად. პირველი ფაზა, რომელიც უკვე დასრულდა, ზეთის წარმოების ნაწილს მოიცავდა. ეს არის მთლიანი ციკლი, ანუ გადამუშავება, დაფასოება, ჩამოსხმა, რეალიზაცია თავისი დასაწყობებით. შემდეგი ფაზა კი უკვე დაგეგმილია მიმდინარე წელს - ეს არის მარინადების წარმოება, რისთვისაც საწარმო კონსტრუქციულად წინასწარ არის მოწყობილი“, - აცხადებს „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორი.
ირკვევა, რომ „სვანიძის ზეთისხილი“ მარინადების სერიულ წარმოებას უკვე 2026 წლის მოსავლიდან დაიწყებს.
„2025 წლის მოსავლიდან გვაქვს მცირე წარმოება ისე, როგორც აქამდე ვაწარმოებდით, მცირე მოცულობებით. თუმცა უშუალოდ დიდ მასშტაბებზე უკვე მომავალი წლიდან გადავალთ, მას შემდეგ, რაც დანადგარები დაგვემატება“, - აღნიშნავს ნიკა მარკოზაშვილი.
ახალი საწარმოს გახსნამ, თანამედროვე ტექნოლოგიებმა და მომხმარებლის ცნობიერების გაზრდამ „სვანიძის ზეთისხილის“ პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ გაზარდა.
„გაყიდვები 30-35 პროცენტით არის გაზრდილი. ეს ძირითადად ადგილობრივ ბაზარს მოიცავს. ეს განაპირობა იმანაც, რომ ფასის შესაბამისად გვაქვს გარკვეული ვარირების საშუალება; თუ ადრე მეტი ადამიანური რესურსი იყო ჩართული ერთეული ბოთლის წარმოებაში და თვითღირებულება უფრო მაღალი იყო, ახლა დანადგარები ამის საშუალებას გვაძლევს, რომ ეს ფასზეც აისახოს.
პარალელურად მიდის ISO-ს შესაბამისობის სერტიფიკატების დანერგვა. ეს არის პროცესი, რათა ყველა ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალება გვქონდეს. მოთხოვნა საკმაოდ დიდია როგორც აზიური ბაზრიდან, ისე დსთ-ს ქვეყნებიდან და ასევე ევროპიდან. მოთხოვნა უფრო მეტად არის ისრაელიდან და აშშ-დან. საკმაოდ მაღალი მოთხოვნა და მომართვიანობაა. შესაბამისად, ეტაპობრივად მივდივართ იქამდე, რომ უკვე დავიწყებთ საექსპორტო ბაზრის ათვისებას.
ISO-ს დანერგვა, მოკლედ რომ ვთქვათ, სადღაც 3-დან 6 თვემდე პროცესია და, შესაბამისად, წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ექსპორტის განხორციელება“, - აღნიშნავს „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ „სვანიძის ზეთისხილი“ თავის ახალ საწარმოში ზეთისხილის მიღებას ფერმერებისგანაც ახდენს.
„დიახ, ვისაც ექნება შესაბამისი ხარისხისა და კლასის ზეთისხილი, მივიღებთ. რა თქმა უნდა, ნაყოფი არ უნდა იყოს კვირეობით დალაგებული და ა.შ. ყველასგან ჩავიბარებთ და გადავამუშავებთ. ორი ნაწილი გვექნება: ერთი, რომ შევთავაზებთ შესყიდვას - უშუალოდ ჩავიბარებთ და ჩვენ გადავამუშავებთ ნაყოფს, და მეორე - მომსახურება: შესაძლებელია, რომ მომსახურება გავუწიოთ ფერმერს“, - აღნიშნავს ნიკა მარკოზაშვილი.
ბოლო პერიოდში ფერმერების მხრიდან ზეთისხილის მოყვანაზე ინტერესი გაზრდილია, რაზეც გარკვეული გავლენა „დანერგე მომავალმაც“ იქონია.
„ინტერესი გაზრდილია. კულტურა დაახლოებით 4-5 წლიდან უკვე იწყებს მსხმოიარობას. „დანერგე მომავლის“ ფარგლებში 3000 ჰექტარზე მეტია გაშენებული, რასაც ემატება ის ბაღები, რომლებიც ფერმერებმა თავად გააშენეს. ვინაიდან ეს ბაღები მსხმოიარობაში შედის, ჩაბარებისა და გადამუშავების მოთხოვნა გაზრდილია და ყოველ წელს კიდევ უფრო გაიზრდება. ეს არის ბაზრის ბუნებრივი მაჩვენებელი, რადგან რაც უფრო გაიზრდება ხე, მით მეტ ნაყოფს ისხამს, მეტი მოსავალია და, შესაბამისად, გადამუშავების მოთხოვნაც გაცილებით დიდია“, - აცხადებს კომპანია „სვანიძის ზეთისხილის“ დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ „სვანიძის ზეთისხილის“ ახალი, თანამედროვე გადამამუშავებელი საწარმო 2025 წლის ბოლოს გაიოხსნა. ეს მასშტაბი საქართველოს ზეთისხილის ზეთის წარმოების ისტორიაში სრულიად ახალ სტანდარტს აყალიბებს.
ახალი საწარმო გამორჩეულია თავისი ეკომეგობრული მიდგომითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით - აქ იწარმოება უმაღლესი ხარისხის Extra Virgin ზეთისხილის ზეთი.
სხვა სიახლეები
ასობით წერილი კაპიტანს - საქართველოს ბანკმა გურამ კაშიასთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა
09.06.2026.18:25
ზოგიერთი ისტორია მხოლოდ სტატისტიკა არ არის.
129 მატჩი. 17 წელი. ათობით დაუვიწყარი საღამო, გამარჯვება, მარცხი, ემოცია, რომელიც მთელი ქვეყნის მეხსიერებაში დარჩა. მაგრამ გურამ კაშიას ისტორია ამ რიცხვებზე ბევრად მეტია. ეს არის იმ ადამიანის არ გაჩერების ისტორია, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებს წინ საკუთარი მაგალითით მიუძღოდა - მაშინაც, როცა ტრიბუნები ზეიმობდა და მაშინაც, როცა ყველაზე რთულ წუთებში გუნდის გვერდით დგომა იყო საჭირო.
2 ივნისს ეროვნული ნაკრების მაისურით კაპიტანი ბოლოჯერ ვიხილეთ.
მომენტი, რომლის დადგომაც თითქოს ყველამ ვიცოდით, მაგრამ რომლისთვისაც მზად არავინ ვიყავით.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა სპონსორმა, შექმნა სპეციალური პლატფორმა - arg4cherde.ge, რომლის მეშვეობითაც თითოეულ გულშემატკივარს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი სიტყვებით ეთქვათ მადლობა კაპიტანისათვის.
რამდენიმე დღეში პლატფორმა ათასობით წერილმა, მოგონებამ და ემოციამ გააერთიანა. გულშემატკივრები იხსენებდნენ ისტორიულ გამარჯვებებს, ნაკრებთან დაკავშირებულ ყველაზე ემოციურ მომენტებს და იმ როლს, რომელიც გურამ კაშიამ ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეასრულა.
“შენ იყავი ერთ ერთი ღირსეული კაპიტანი რომელმაც საქართველო ევროპაზე გაიყვანა მადლობა კაპიტანო ყველა მოგებული თუწაგებული თამაშისთვის”.
ბევრი წერილი კაშიას იმ თვისებებს ეხებოდა, რომლებიც მან წლების განმავლობაში არაერთ თაობას აჩვენა - ლიდერობას, პასუხისმგებლობასა და თავდადებას.
“კაშო, 17 წლის განმავლობაში თქვენ არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდით მოედანზე, არამედ მაგალითი იყავით თაობებისთვის. თქვენი თავდადება, პროფესიონალიზმი და ლიდერობა საქართველოს ფეხბურთის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. კაპიტნის სამკლაურით თქვენ აერთიანებდით გუნდს, შთააგონებდით გულშემატკივრებს და ამაყად ატარებდით ქვეყნის სახელს. მადლობა თითოეული მატჩისთვის, თითოეული ბრძოლისა და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ქართველ ხალხს აჩუქეთ. თქვენი გზა დარჩება შთაგონებად მომავალი თაობებისთვის”.
გულშემატკივრები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ იმ ემოციებსაც, რომლებიც კაპიტანმა და ეროვნულმა ნაკრებმა მთელ ქვეყანას აჩუქეს.
“მადლობა კაპიტანო! მადლობა რომ ფეხბურთი შეგვაყვარე, მადლობა რომ იყავი ღირსეული კაპიტანი! მადლობა რომ გვაჩუქე ის სანახაობა, რომელიც მუდამ გაგვახსენებს შენ თავს! ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იქნება შენი სახელი, როგორც ნამდვილი, მებრძოლი ფეხბურთელის. მადლობა რომ ისტორია შეგვიქმენი და გვაჩვენე როგორია იყო წარმატებული ადამიანი!”
თუმცა წერილები მხოლოდ დამშვიდობებას არ ეხებოდა. ბევრი მათგანი იმ იმედსაც გამოხატავდა, რომ კაპიტნის გზა ქართული ფეხბურთის გვერდით ამით არ სრულდება.
“ეს არ არის დასასრული, ეს დასაწყისია. ახალ ეტაპებს ველოდებით შენთან ერთად. არ დაგვეკარგო კაპიტანო, გვიყვარხარ”.
საბოლოოდ, arg4cherde.ge ერთ დიდ სამადლობელ წერილად იქცა - წერილად, რომელსაც ასობით ავტორი ჰყავს, მაგრამ ერთი საერთო სათქმელი: მადლობა, კაპიტანო.
გურამ კაშია ის კაპიტანია, რომლის გვერდითაც რამდენიმე თაობა გაიზარდა. ფეხბურთელი, რომელიც წლების განმავლობაში გვახსენებდა, რომ ნამდვილი ლიდერობა ხმამაღალ სიტყვებში კი არა, ყოველდღიურ შრომაში, თავდადებაში, პასუხისმგებლობასა და არ გაჩერებაშია.
„არ გაჩერდე“ მხოლოდ სიტყვები არ არის. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც მუდმივ განვითარებას, წინსვლას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას გულისხმობს. სწორედ ამ იდეის მაგალითია გურამ კაშიას კარიერაც - გზა, რომელიც 21 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში დებიუტით დაიწყო და 17 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩით, ევროპის ჩემპიონატზე ქვეყნის კაპიტნობითა და არაერთი ისტორიული გამარჯვებით გაგრძელდა. ყოველი ახალი ეტაპი, ყოველი გამოწვევა და ყოველი მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ წარმატების უკან სწორედ არ გაჩერების ძალა დგას.
„გურამ კაშიას წვლილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ მატჩებითა და ტიტულებით არ იზომება. ის იმ ადამიანებს შორისაა, ვინც მთელი თაობისთვის ლიდერობის, ღირსებისა და თავდადების მაგალითი გახდა. ამავდროულად, მისი კარიერა ზუსტად ასახავს იმ იდეას, რომლისაც ჩვენ გვჯერა - არ გაჩერდე. თუმცა, გურამის ისტორია მხოლოდ მოედანზე მიღწეული წარმატებების ისტორია არ არის. ეს არის განსაკუთრებული კავშირი ეროვნულ ნაკრებსა და გულშემატკივრებს შორის, რომელიც წლების განმავლობაში ერთად გადატანილი ემოციებით, გამარჯვებებით, იმედგაცრუებებითა და ისტორიული მომენტებით შეიქმნა. გვინდოდა, ქომაგებს ჰქონოდათ სივრცე, სადაც შეძლებდნენ ამ ემოციების გაზიარებას, საკუთარი მადლიერების გამოხატვას და კაპიტნისთვის მადლობის თქმას. სწორედ ამიტომ შევქმენით პლატფორმა arg4cherde.ge“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ასობით წერილი, ათასობით მადლობა და ერთი საერთო სათქმელი - კაპიტანო, მადლობა.
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.