აქსესუარების ბრენდი Bowie საბავშვო ხაზის დამატებას გეგმავს
აქსესუარების ბრენდი Bowie-ს დამფუძნებელი სალომე გოგიჩაიშვილი Business Insider Gerogia-თან ამბობს, რომ მალე ახალი საკოლექციო ხაზების დამატებას გეგმავენ.
ერთ-ერთი, საინტერესო და გამორჩეული საბავშვო ხაზი იქნება, რადგან საბავშვო კოლექციაზე გასულ წელს დიდი მოთხოვნა იყო და ბრენდშიც დიდი სურვილი აქვთ, რომ ამ მიმართულებით განვითარდნენ.
„პროდუქციაზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება, რაც ძალიან შესამჩნევი იყო 2023 წელს . რაც უფრო აქტიურად ვართ ჩართულები ამ საქმეში, პირდაპირ პროპორციულად იზრდება მოთხოვნაც. ვცდილობთ, რომ რაიმე ახალი შევთავაზოთ მომხმარებლებს, რათა პროდუქტებთან მიმართებით დაინტერესება და ცნობადობა გაიზარდოს“, - ამბობს სალომე გოგიჩაიშვილი.
ბრენდი საოჯახო ბიზნესის კაპიტალით შეიქმნა და უკვე 5 წელია რაც ბაზარზე აქტიურად ოპერირებს და ამ დროისთვის მომხმარებელს საყელოებს, ნაქარგ პერანგებს, სუფრის აქსესუარებს, ბაფთებს, აბრეშუმის შარფებს, თმის სამაგრებსა და ვინტაჟურ ჩანთებს სთავაზობს.
ბრენდში მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი მასალები აქვთ, რომლის შეძენაც საქართველოში ხდება.
„პროდუქტს ვქმნით ჩვენი დიზაინით, ასევე მომხმარებელს თავადაც შეუძლია აირჩიოს და შემოგვთავაზოს, თუნდაც ჩვენი დიზაინი გადააკეთოს და შეგვიკვეთოს. ძალიან მნიშვნელოვანია, მასალაც, რომლითაც აქსესუარები მზადდება. ამიტომ მასალის შერჩევაც მომხმარებელთან ერთად ხდება. მომხმარებელს სრული თავისუფლება აქვს, რა თქმა უნდა ჩვენს აზარსაც ვუზიარებთ და საბოლოოდ სასურველ შედეგამდე მივდივართ“, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.
ბრენდში გაფართოების დიდი სურვილ აქვთ რის გამოც ამ დროისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ სხვადასხვა მაღაზიებთან პროდუქციის განთავსებაზე.
Bowie-ს პროდუქცია განთავსებული აქვს ამერიკულ ონლაინ პლატფორმა Etsy-ზე, საიდანაც ხდება პროდუქტის სხვადასხვა ქვეყნებში რეალიზება. იმის გათვალისწინებით, რომ პლატფორმა ამერიკულია, უმეტესად მოთხოვნა ამ ბაზრიდანაა.
მომხმარებელს პროდუქტის შეძენა შეუძლია ონლაინ, სოციალური ქსელების საშუალებით ან ვებგვერდით, სადაც დამატებით ინფორმაციასაც გაეცნობიან.
ბაფთების საშუალო ფასი-30 ლარია, საყელოების 55ლარი და თუ მომხმარებელს საკუთარი დიზაინით სურს აქსესუარის დამზადება, ამ შემთხვევაში ფასს დიზაინის სირთულე და ქსოვილი განაპირობებს.
ბრენდი ამ დროისთვის ასაქმებს 6 ადამიანს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.