„საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას მარეგულირებელსა და კომერციულ სექტორს შორის მუდმივად მიმდინარეობდეს დისკუსია - ალექსანდრე ძნელაძე
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია ,,საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა გაიმართა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე და Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე. ღონისძიებას მოდერატორობდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
„დღევანდელი ფორუმი ეხებოდა საბანკო სექტორის გამოწვევებს და განვითარების პერსპექტივებს. აღნიშნული ფორუმს რეგულარული ხასიათი აქვს სხვადასხვა სექტორების ჭრილში. ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად იმართებოდეს აღნიშნული დისკუსიები და ეს პლატფორმა იძლევა ამის საშუალებას, რომ მარეგულირებელსა და კომერციული სექტორს შორის მუდმივად მიმდინარეობდეს დისკუსია. წარმატებებს ვუსურვებ ფორუმს და მნიშვნელოვანია რომ ესეთი სისტემატიური ხასიათი მიიღო უკვე ამ პლატფორმამ",- აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" შეფასებისას.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
ღონისძიება საქართველოს ბანკთან, Turkish Airlines-თან, Mastercard-თან, ELT Group-თან, Coca-Cola Bottlers Georgia-სთან პარტნიორობით გაიმართა.
სხვა სიახლეები
ახალი ფილიალი, გაფართოებული მენიუ და სამომავლო გეგმები - როგორ ვითარდება „ფენქეიქი“
10.11.2026.18:00
კაფე „ფენქეიქი“ ადგილობრივ ბაზარზე უკვე შვიდი წელია ოპერირებს და მომხმარებლებს დესერტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ბოლო პერიოდში კომპანიამ ახალი ფილიალი გახსნა და მენიუ საუზმის შეთავაზებებითაც გააფართოვა. კომპანიის განვითარების გეგმებისა და მომხმარებელთა ინტერესების შესახებ Business Insider Georgia-ს კაფე „ფენქეიქის“ დამფუძნებელი ანა კალანდაძე ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს კაფე „ფენქეიქს“ ამ ეტაპზე და რა მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კომპანიაში ბოლო პერიოდში?
„ფენქეიქისთვის" ბოლო პერიოდი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. ექვსწლიანი გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტეთ, ახალი ფილიალის გახსნა და ამ გამოცდილების სხვა ლოკაციაზე გაზიარება საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან ახალმა ლოკაციამ მოგვცა შესაძლებლობა, მომხმარებლისთვის უფრო მრავალფეროვანი და კომფორტული გარემო შეგვეთავაზებინა.
ახალ ფილიალში კიდევ უფრო გავაფართოეთ შეთავაზებები: ტრადიციულ ფენქეიქებთან, კრეპებსა და ბელგიურ ვაფლებთან ერთად დავამატეთ საუზმის მენიუ. ჩვენი მთავარი მიზანია, „ფენქეიქი" იყოს ადგილი, სადაც სტუმარი დღის სხვადასხვა მონაკვეთში შეძლებს მოსვლას და მისთვის სასურველი გემოების აღმოჩენას.
როგორ შეიცვალა მომხმარებელთა მოთხოვნა და ქცევა ბოლო პერიოდში და რომელ პროდუქტებსა თუ მომსახურების მიმართულებებზე აისახა ეს ყველაზე მეტად?
ბოლო პერიოდში ვამჩნევთ, რომ მომხმარებლებისთვის მხოლოდ გემრიელი პროდუქტი აღარ არის საკმარისი. მათთვის მნიშვნელოვანია გარემო, მომსახურების ხარისხი, პროდუქტის ვიზუალური მხარე და ზოგადად ის გამოცდილება, რომელსაც ჩვენს სივრცეში იღებენ.
ასევე გაიზარდა ინტერესი მრავალფეროვანი შეთავაზებების მიმართ. მომხმარებლებს სურთ, ერთ სივრცეში ჰქონდეთ როგორც ტკბილი, ისე შედარებით ნოყიერი და ყოველდღიური კვებისთვის შესაფერისი არჩევანი. სწორედ ამ ტენდენციების გათვალისწინებით გავაფართოეთ მენიუ და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენი ერთგული მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებას.
მრგვალ ბაღთან მდებარე ფილიალში საუზმის შეთავაზებაც დაიწყეთ. როგორია მომხმარებელთა ინტერესი ამ მიმართულების მიმართ და ხომ არ განიხილავთ მენიუს სხვა ახალი კატეგორიებით შევსებას?
საუზმის მიმართულების დამატება ჩვენი ახალი ფილიალის კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. გვინდოდა, სტუმრებს დილის საათებშიც ჰქონოდათ ჩვენთან მოსვლის მიზეზი და შეეძლოთ დღის დაწყება სასიამოვნო გარემოში, გემრიელი საუზმითა და კარგი ყავით.
მომხმარებლების მხრიდან ამ მიმართულების მიმართ ინტერესი ნამდვილად სასიამოვნოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მენიუ მუდმივად ვითარდებოდეს და მომხმარებლის ინტერესებს პასუხობდეს. სამომავლოდაც განვიხილავთ ახალი პროდუქტებისა და კატეგორიების დამატებას, თუმცა ყველა სიახლე უნდა შეესაბამებოდეს „ფენქეიქის" კონცეფციას და ხარისხის იმ სტანდარტს, რომელსაც წლებია ვინარჩუნებთ.
როგორ ხედავთ „ფენქეიქის“ განვითარების შემდეგ ეტაპს - რა მიმართულებებზე აპირებთ ფოკუსირებას და განიხილება თუ არა ახალი ფილიალების გახსნა?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე არსებული ფილიალების განვითარება, მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება და მომხმარებელთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაა.
გვინდა, „ფენქეიქი" კიდევ უფრო ცნობადი და საყვარელი ადგილი გახდეს როგორც ჩვენი მუდმივი სტუმრებისთვის, ისე ახალი მომხმარებლებისთვის. პარალელურად, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ბიზნესის შემდგომ გაფართოებაზეც. ახალი ფილიალების გახსნა სამომავლო გეგმებიდან არ გამოგვირიცხავს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ზრდა ეტაპობრივად და სწორად უნდა მოხდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ფილიალების რაოდენობის ზრდა, არამედ იმ ხარისხისა და გამოცდილების შენარჩუნება, რის გამოც მომხმარებლები „ფენქეიქს" ირჩევენ.