„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ BNI Poland-ის გლობალურ ქსელს შეუერთდა
7 სექტემბერს, ვარშავაში, BNI Poland-ის სათავო ოფისში, „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ BNI Poland-ის გლობალურ ქსელს შეუერთდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ და BNI Poland-ის გენერალურმა დირექტორმა არკადიუშ შტუკამ.
BNI გლობალური ბიზნესქსელია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 355 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს, მათ შორის 2 500-მდე წევრს პოლონეთში. ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესწარმომადგენლებს თანამშრომლობის, პროფესიული კავშირებისა და ახალი ბიზნესშესაძლებლობების განვითარების პლატფორმას სთავაზობს.
BNI Poland-ის ქსელში გაწევრიანება „ამბასადორი აილენდ ბათუმს“ პოლონეთის ბიზნესსაზოგადოებასთან პირდაპირი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს უხსნის. შეთანხმების ფარგლებში BNI Poland-ის წევრ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ამბასადორი აილენდზე განახორციელონ ინვესტიციები, მშენებლობის, უძრავი ქონების განვითარების, არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, ტექნოლოგიების, სტუმარმასპინძლობის, პროფესიული მომსახურებისა და სხვა საინვესტიციო მიმართულებებით.
თანამშრომლობის მიზანია, „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ BNI Poland-ის წევრი კომპანიებისთვის ჩამოყალიბდეს ახალ ბიზნესმისამართად და საერთაშორისო ბიზნესისა და ინვესტიციების მიზიდულობის ცენტრად, რომელიც ხელს შეუწყობს პოლონურ ბიზნესსა და საქართველოს შორის გრძელვადიანი კავშირების გაძლიერებას.
„პოლონეთი ჩვენი საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აქ უკვე ერთ წელზე მეტია აქტიურად ვმუშაობთ, გვყავს ადგილობრივი პარტნიორები და არაერთი ერთობლივი ინიციატივა განვახორციელეთ. BNI Poland-ის ქსელში გაწევრიანება ამ თანამშრომლობის ახალ ეტაპს ქმნის და გვაძლევს შესაძლებლობას, პოლონურ კომპანიებთან კიდევ უფრო პირდაპირი, პრაქტიკული და გრძელვადიანი პარტნიორობა განვავითაროთ. ჩვენი მიზანია, „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ მათთვის გახდეს ახალი ბიზნესმისამართი საქართველოში,“ - განაცხადა გოჩა კამკიამ.
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ შავი ზღვის აკვატორიაში პირველი ხელოვნური კუნძულია, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის განვითარებას ითვალისწინებს. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ, სასტუმრო, ბიზნეს, კომერციულ, გასართობ, საზღვაო და საავიაციო ინფრასტრუქტურას და „ამბასადორი ჯგუფის“ მიერ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, მათ შორის Arup-თან, Yüksel Proje-სა და SHoP Architects-თან თანამშრომლობით ხორციელდება.
სხვა სიახლეები
შუა აზიისთვის ალტერნატიული მარშრუტებიდან საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორია - მიხეილ ნამადოვი
06.11.2026.19:00
მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის სასაწყობე ფართობი შევიყვანეთ ექსპლუატაციაში, - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.
გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.
ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.