„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პირველი თაუერის მშენებლობა ერთდროულად ორ ზონაში აქტიურად მიმდინარეობს
შავ ზღვაში პირველი ხელოვნური კუნძულის, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ სადებიუტო შენობა-ნაგებობის, „პირველი თაუერის“ მშენებლობა, განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც საცხოვრებელ აპარტამენტებს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, ვერტოდრომს, გამაჯანსაღებელ სივრცეებსა და პრემიუმ კლასის ინფრასტრუქტურას აერთიანებს, მშენებლობის მორიგ მნიშვნელოვან ფაზაში გადავიდა.
ამჟამად, სამშენებლო მოედანზე სამუშაოები ერთდროულად ორ ძირითად ზონაში მიმდინარეობს:
A ზონაში პროცესი მესამე სართულის მშენებლობაზეა კონცენტრირებული. გადახურვის ფილის ყალიბის ფართობმა უკვე 3 820 კვადრატულ მეტრს მიაღწია, ხოლო ცემენტის მორიგი დასხმისთვის 950 გრძივი მეტრი არმატურა ეწყობა. სამშენებლო პროცესის დასრულების შემდეგ, აღნიშნული სამდონიანი ნაგებობა 300-მდე ავტომობილზე გათვლილ თანამედროვე ავტოსადგომს დაეთმობა, რაც კომპლექსის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს გაუმარტივებს მობილობას და მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის.

B ზონაში აქტიურად გრძელდება საძირკვლის ხიმინჯების მოწყობის პროცესი, რაც ბურღვის, ხიმინჯების მომზადებისა და მონტაჟის სრულ ციკლს მოიცავს. აღნიშნული ეტაპის დასრულებისთანავე, სამუშაოები უშუალოდ ლიფტის შახტების მომზადებასა და მომდევნო კონსტრუქციულ ფაზებზე გადაინაცვლებს.
ხელოვნურ ნახევარკუნძულზე მაღლივი შენობის სტრუქტურული სიმყარისა და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკური გადაწყვეტილებები გამოიყენება და საძირკვლის ხიმინჯების სიღრმე 65 მეტრს აღწევს.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი განვითარების უპრეცედენტო დინამიკით გამოირჩევა- მისი მიმდინარეობა მნიშვნელოვნად უსწრებს თავდაპირველ გრაფიკს და საინვესტიციო ვალდებულებები ხუთი წლის წინსწრებით სრულდება. ამ ეტაპზე შავ ზღვაში ფორმირებული 48 ჰექტარი მიწის ფართობი უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული.
შავ ზღვაში პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით ახორციელებს, მათ შორისაა გლობალური საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანია Arup, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.

სხვა სიახლეები
შუა აზიისთვის ალტერნატიული მარშრუტებიდან საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორია - მიხეილ ნამადოვი
06.11.2026.19:00
მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის სასაწყობე ფართობი შევიყვანეთ ექსპლუატაციაში, - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.
გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.
ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.