„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ LIVEX Abu Dhabi 2026-ის ფარგლებში „ONE Development“-თან საერთაშორისო პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ საემიროების წამყვან დეველოპერულ კომპანია „ONE Development“-თან საერთაშორისო პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა. აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ და ONE Development ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, მუსტაფა რაშადმა.
ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია აბუ-დაბიში გაიმართა, სადაც „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ LIVEX-ის ფორუმის სტრატეგიული პარტნიორის, ONE Development-ის ოფიციალური მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
LIVEX 2026 აბუ-დაბის ეროვნულ საგამოფენო ცენტრში (ADNEC) 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. ურბანული გარემოსა და ინვესტიციებისადმი მიძღვნილი, სადებიუტო გამოფენა აბუ-დაბის მუნიციპალიტეტებისა და ტრანსპორტის დეპარტამენტის ორგანიზებითა და აბუ-დაბის პრინცისა და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, მისი უმაღლესობა შეიხ ხალედ ბინ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის პატრონაჟით იმართება. ოფიციალური მონაცემებით, ღონისძიება 50-ზე მეტი ქვეყნიდან 20,000-ზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს, მათ შორის 1,500-ზე მეტ ინვესტორსა და 100-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერს.
გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, One Development, ამბასადორის კუნძულის ტერიტორიაზე $200 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს და უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მულტიფუნქციურ კომპლექსს განავითარებს.
„ONE Development“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული ბუტიკური ტიპის დეველოპერული კომპანიაა, რომლის ოფისები და შოურუმები აბუ-დაბისა და დუბაიშია წარმოდგენილი. კომპანია ცნობილია ინოვაციური ტექნოლოგიებითა და თანამედროვე ცხოვრების სტილით შთაგონებული პროექტებით. მათ შორის გამოირჩევა ფლაგმანური საცხოვრებელი კომპლექსი Laguna Residence დუბაიში (City of Arabia), რომლის საინვესტიციო ღირებულებაც 2 მილიარდ დირჰამს (AED) შეადგენს. აღნიშნული პროექტი რეგიონში პირველ, ხელოვნური ინტელექტით სრულად ინტეგრირებულ საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს და მასშტაბურ ლაგუნას, ორ ცათამბჯენს, 40-ზე მეტ გასართობ, გამაჯანსაღებელ თუ სოციალურ სივრცეს მოიცავს.
კომპანია აქტიურად ვითარდება სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაშიც. ცნობილ მომღერალ ამრ დიაბთან თანამშრომლობით, კომპანიამ უკვე შექმნა ბუტიკ-სასტუმროების ბრენდები ONE/AD და DO Boutique Hotels.
„ბათუმი განვითარების სრულიად ახალ, ამაღელვებელ ეტაპზე გადადის, „ამბასადორი აილენდი“ კი გვაძლევს შესაძლებლობას, წვლილი შევიტანოთ ამგვარი მნიშვნელობის მქონე, ახალი მიზიდულობის ცენტრის ფორმირებაში. აღნიშნული პარტნიორობით, ONE Development სიამაყით უერთდება პროექტს საკუთარი ხედვითა და გამოცდილებით — გამორჩეულ პროექტს, რომელიც რეგიონის ამბიციურ პერსპექტივას ნათლად ასახავს. მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, შევქმნათ ისეთი გრძელვადიანი ღირებულება, რომელიც თაობებს დარჩება და ხანგრძლივ სარგებელს მოუტანს ქალაქსა და მის მცხოვრებლებს“, - განაცხადა ONE Development ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, მუსტაფა რაშადმა.
„საერთაშორისო პარტნიორობები იმ მოდელის ფუნდამენტური ნაწილია, რომელსაც ამბასადორის კუნძულზე ვნერგავთ. ჩვენი ვქმნით პროექტს, რომელიც იზიდავს ძლიერ გლობალურ აქტორებს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და მაღალი დონის საერთაშორისო გამოცდილებას. ONE Development-თან გაფორმებული შეთანხმებაც სწორედ ამ ფაქტის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, მზარდ საერთაშორისო ნდობას პროექტის, საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის მიმართ“. - აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი საერთაშორისო დეველოპერებისა და ინვესტორების მოსაზიდ მძლავრ საინვესტიციო პლატფორმას წარმოადგენს, რასაც პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ინტეგრირებული საინვესტიციო პაკეტები და საერთაშორისო ინვესტორებისთვის ბაზარზე არსებული ეფექტური, გამჭვირვალე და დაცული საინვესტიციო გარანტიები უზრუნველყოფს.
შავ ზღვაში პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით ახორციელებს, მათ შორისაა გლობალური საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანია Arup, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.
სხვა სიახლეები
TOP 5 რესტორანი 2026 წლის II კვარტალში დაფიქსირებული ბრუნვის მიხედვით
30.09.2026.11:00
საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი რესტორნები ცნობილია (2026 წლის მეორე კვარტლის მონაცემები).
ამ კონტექსტში Business Insider Georgia-მ სარესტორნო სფეროს წამყვანი კომპანიები გამოიკვლია და საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით წარმოადგინა 2026 წლის მეორე კვარტალში ბრუნვის მიხედვით რესტორნების ტოპ 5 საწარმოს სია.
2026 წლის II კვარტალში ბრუნვის მიხედვით TOP 5 რესტორნები ასე გამოიყურება:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ არიან ამ კომპანიების მფლობელები?
შპს ანტრე 2008 - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 04/03/2008. მისი 100%-იანი წილის მფლობელია თამილა მაისურაძე. დირექტორი - თამილა მაისურაძე.
სს სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - ემ|გრუპ - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 30/05/2005, გენერალური დირექტორი - უჩა უგულავა. კომპანიის 64%-იანი წილის მფლობელია ივანე ნიკოლაიშვილი, ხოლო 36%-ის უჩა უგულავა.
შპს ბი თი ეი ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 28/11/2006. მისი 100%-იანი წილის მფლობელია სააქციო საზოგადოება ბი თი ეი ჰავალიმინლარი იესეკ ვე იჩესეკ ჰიზმეთლერი. დირექტორები - ბაჰა ბულბულ და მეჰმეთ ბადემ.
შპს წისქვილი ჯგუფი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 19/09/2002. მისი 37.99%-იანი წილის მფლობელია ლაშა ჩხაიძე, 17.51%-იანის - ოთარ ლოლაშვილი, 14.5%-ის - ლიდია ბარამია და 30%-ის შოთა საღლიანი. დირექტორი - გიორგი თავაძე. გენერალური დირექტორია გიორგი შველიძე.
შპს ჯი-ემ-თი მთაწმინდა - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 26/11/1996. მისი 100%-იანი წილის მფლობელია მთაწმინდა პლატო ჰოლდინგ ქომფანი. დირექტორი - გიორგი თავაძე.