„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ - შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი - განვითარების შემდგომ ეტაპზე გადავიდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიას საკუთრებაში გადაეცა მის მიერვე, საინვესტიციო ვალდებულებების შესაბამისად შავი ზღვის აკვატორიაში შექმნილი 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პრივატიზების პროცესი ეხება მიწის იმ ტერიტორიას, რომელიც კომპანიამ თავად შექმნა, შავი ზღვის აკვატორიაში. დღეისათვის, „ამბასადორი აილენდის“ საპროექტო არეალში უკვე შექმნილი და ექსპლუატაციაში მიღებულია 48 ჰექტარი მიწის ტერიტორია, საიდანაც 28 ჰექტარი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპანიას საკუთრებაში გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს პროექტის განვითარების პროცესში მნიშვნელოვან ეტაპს და კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ეფექტიან თანამშრომლობას მასშტაბური საინვესტიციო პროექტების აღსრულების მიმართულებით.

პროექტის განვითარების სწრაფი დინამიკა საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის მობილიზების ყველაზე მასშტაბურ ლოკაციას წარმოადგენს. ამ ეტაპისთვის, ოთხი ქართული კომპანიის მიერ სხვადასხვა პროექტებში ხორციელდება 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია. კუნძულის ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოები.
„ტერიტორიაზე, რომელიც კომპანიამ თავად შექმნა, საკუთრების უფლების მინიჭება პროექტის განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აძლიერებს პროექტის საინვესტიციო მიმზიდველობას, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მკაფიო სიგნალია, რომ საქართველო მზად არის მასშტაბური და გრძელვადიანი განვითარების პროექტების რეალიზებისთვის,“ - განაცხადა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა
პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ, „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან ფისკალურ და საინვესტიციო ეფექტს შექმნის. შეფასებების მიხედვით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 65 მილიონი აშშ დოლარის საგადასახადო შემოსავლების გენერირებას უზრუნველყოფს. საერთაშორისო კვლევების თანახმად დასაქმდება 20 000- მდე მოქალაქე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ფოსტამ საერთაშორისო ლოგისტიკური ქსელი გააფართოვა - ახალი მიმართულებები ცენტრალურ აზიაში
29.07.2026.19:25
„საქართველოს ფოსტამ საერთაშორისო ლოგისტიკური ქსელის გაფართოების ფარგლებში უკვე დაიწყო მომსახურების განხორციელება ყაზახეთის, თურქმენეთისა და ყირგიზეთის მიმართულებით“ - ამის შესახებ საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ერაძემ, გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ფოსტა ტრადიციული საფოსტო ოპერატორის ფუნქციას სცდება და რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება.
"ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს, მათ შორის, არის მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნესთან ექსპორტის მიმართულებით და ასევე, საერთაშორისო, თუ სატრანზიტო გზავნილების ვადის გაუმჯობესების თვალსაზრისით. რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდი Alibaba-ს კამპუსში, სადაც ჩვენს შორის მოლაპარაკება დაიწყო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ამ პროექტში იყო ჩართული. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ამ პროექტზე და გავაფორმეთ ხელშეკრულება - კონკრეტულად ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-თან. ხელშეკრულების გაფორმება არის გამოცდილება რათა ჩვენ დიდი ორგანიზაციებიდან მეტი ვისწავლოთ, საოპერაციო პროცესები გავაუმჯობესოთ და ტექნოლოგიურად განვვითარდეთ. აღნიშნულმა პროექტმა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად საქართველოს ფოსტას და თვითონ ქვეყანას ახალი ჰაბის ფუნქცია შესძინა. რეგიონის ტვირთები იგზავნება საქართველოს ფოსტის ტერმინალში, ხდება დახარისხება და მიწოდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ანუ საქართველოს ფოსტა ემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც. ვიღებთ როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის და უზბეკეთის ტვირთებს. უახლოეს მომავალში უფრო ფართო ქსელი გვექნება და დავიწყებთ ისეთ ქვეყნებთან მიწოდებას როგორიც არის ყაზახეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ა.შ.“,- განაცხადა გიორგი ერაძემ.
გიორგი ერაძის განცხადებით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ფოსტასა და Silk Way West Airlines-ს შორის.
„ჩვენი მიზანი იყო ისეთი სტრატეგიული ობიექტები, როგორიც არის საჰაერო ტერმინალი, მისთვის ფუნქცია დაგვებრუნებინა და ჩვენ ეს შევძელით, გავაფორმეთ მემორანდუმი და გავხდით უფრო მიმზიდველები. დღეს უკვე Silk Way West Airlines-ს ავიახაზებს ვემსახურებით. აღნიშნული ავიაკომპანია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ძალიან ძლიერი ავიაგადამზიდია. ჩვენ ვიღებთ მათ ტვირთებს ვახარისხებთ და სატვირთო მომსახურებით ვემსახურებით. მინდა აღვნიშნო, რომ ტერმინალის რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს ამ ეტაპზე - წინა წელთან შედარებით, იმპორტი 1750%-ით არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტი 750%-ით. საერთო ჯამში კი, ტვირთბრუნვა 2300%-ით არის გაზრდილი“,- განაცხადა გიორგი ერაძემ.
საქართველოს ფოსტამ ასევე თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა Air Serbia-სთან, Turkish Airlines-თან და აზერბაიჯანის ავიახაზებთან.
„კიდევ რამდენიმე ავიახაზთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. აღნიშნულის მიზანი იყო, რომ ავიახაზებთან გაგვეახლებინა ხელშეკრულებები, რათა სატრანზიტო ვადები შეგვემცირებინა.ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტ ავიახაზთან გვქონდეს ურთიერთობა, რათა საერთაშორისო ასპარეზზე ქსელი გავაფართოოთ", - აცხადებს გიორგი ერაძე.