ანა ჯაფარიძის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი 2019 წლიდან.
ანა ჯაფარიძე მხოლოდ 21 წლისაა, თუმცა მისი სახელი უკვე მსოფლიოს საუკეთესო პარატაეკვონდოისტებს შორის ჟღერს. პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ის საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო და სამშობლოში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.
ეს გზა მანამდე დაიწყო. 2023 წელს, როტერდამში გამართულ ევროპის პარა ჩემპიონატზე, ანამ (-52 კგ) მესამე ადგილი დაიკავა. 2024 წელს კი ორი საერთაშორისო ტურნირი მოიგო: სოფიაში გამართული საერთაშორისო სალიცენზიო ტურნირი და სამხრეთ კორეაში, ჩუნჩეონში ჩატარებული მსოფლიო ღია ჩელენჯი.
შემდეგი დიდი ნაბიჯი პარიზის გრანპრი იყო. ამ გამარჯვებით ანამ მონღოლ მეტოქეს, სურენიავ ულამბაიარს გადაასწრო და მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი გახდა.
ეს იყო მომენტი, როდესაც ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს საუკეთესო პარატაეკვონდოისტთა სათავეში აღმოჩნდა. მის წინ ახალი გამოწვევაა: სამხრეთ კორეაში, 20-22 ნოემბერს, დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი.
მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?
პარასპორტსმენების ისტორიებს ხშირად მხოლოდ მაშინ ვიხსენებთ, როდესაც ისინი მედალს იგებენ. თუმცა მათი მიღწევები და შესაძლებლობები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. შედეგად, პარალიმპიელი ჩემპიონები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით იბრძვიან, იშვიათად ხდებიან იმ ბრენდებისა და კამპანიების ნაწილი, რომლებიც მათ ცნობადობას მეტად გაზრდიდა.
სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების ჩართვას. კამპანიის მიზანია, რომ პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. ასე გაჩნდა კამპანიის მთავარი კითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია. ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ბრენდებისთვის გამოწვევად იქცევა: შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
ჩემპიონები მზად არიან.
ახლა ბრენდების ჯერია.
სხვა სიახლეები
„მტევანი კოსმეტიკსი“ ახალ სავაჭრო სივრცეებში შესვლასა და ექსპორტის განვითარებას გეგმავს
28.10.2026.18:00
ქართული ყურძნის კოსმეტიკური ბრენდი „მტევანი კოსმეტიკსი“ გაყიდვების არხების გაფართოებასა და ასორტიმენტის განვითარებას განაგრძობს. მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს „მტევანი კოსმეტიკსის“ დამფუძნებელი ალექსანდრე ბოლქვაძე ესაუბრა.
„ზოგადად, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და კომპანია გაყიდვების მიმართულებით ყოველთვიურად ვითარდება.
რაც შეეხება ასორტიმენტს, ამაზე ადრეც ვისაუბრეთ, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ: გვაქვს როგორც კოსმეტიკის ხაზი, ისე არაკოსმეტიკური მიმართულება - Mtevani Home, რომელიც აერთიანებს სანთლებს, თხევად და მყარ დიფუზორებს, ოთახის სურნელოვან დიფუზორებსა და ფარდებისა და თეთრეულისთვის განკუთვნილ სურნელოვან პროდუქტებს.

Mtevani Home-ის ხაზს აქტიურად ვავითარებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ მისი საშუალებით არაფარმაცევტულ რითეილშიც შევალთ და გავძლიერდებით. ამჟამად ჩვენი კოსმეტიკური პროდუქცია ძირითადად ფარმაცევტულ სექტორზეა ორიენტირებული, თუმცა გვინდა, არაფარმაცევტული მიმართულებაც განვავითაროთ. ეს საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ბაზარია, რომლის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი სუპერმარკეტებია.
სუპერმარკეტებში ჩვენს ტრადიციულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე, მაგალითად, შამპუნებსა და შხაპის გელებზე, შედარებით ნაკლები მოთხოვნაა, რადგან ამ კატეგორიაში მომხმარებლებს არჩევანის უფრო ფართო შესაძლებლობა აქვთ და სხვა ტიპის პროდუქტებითაც ინტერესდებიან. სწორედ ამიტომ ვაპირებთ, ორივე მიმართულება პარალელურად განვავითაროთ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, აქტიურად ვმუშაობთ გაყიდვების არხების გაფართოებაზე. ძალიან მალე სითი მოლსა და გალერია თბილისში შევალთ. ამჟამად სტენდებით წარმოდგენილი ვართ ისთ ფოინთსა და თბილისი მოლში. შემდგომ ეტაპზე ბათუმი მოლის მიმართულებითაც ვიმუშავებთ და ქსელის გაფართოებას გავაგრძელებთ.
პარალელურად, ინტენსიურად ვმუშაობთ საექსპორტო მიმართულების განვითარებაზეც. ამ ეტაპზე კონკრეტული დეტალების გამხელისგან თავს შევიკავებ, თუმცა ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარი ყაზახეთია. ამ მიმართულებით საკითხს საფუძვლიანად ვსწავლობთ და უკვე საბოლოო ეტაპზე ვართ, რათა ბაზარზე შესვლის სწორი სტრატეგია შევიმუშაოთ.

გარდა ამისა, გავაფართოეთ მარკეტინგული მიმართულებაც. თუ ადრე ორ ინფლუენსერთან ვთანამშრომლობდით, ახლა ამ პროცესში გაცილებით მეტი, შედარებით მცირე აუდიტორიის მქონე ინფლუენსერია ჩართული. მათმა ნაწილმა თავად გამოიჩინა ინიციატივა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ, რათა ბრენდის ცნობადობა კიდევ უფრო გავზარდოთ“, - აცხადებს ალექსანდრე ბოლქვაძე.