ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul განახორციელებს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანია „იან დე ნული“ სატენდერო კომისიამ საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით საუკეთესოდ მიიჩნია და უკვე გაეგზავნა მოწვევა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად/ხელშეკრულების გასაფორმებლად.
1938 წელს დაფუძნებული კომპანიის ბრუნვა 2,5 მლრდ ევროს შეადგენს და მას 7000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია Jan De Nul აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში და აქვს მიმდინარე და დასრულებული პროექტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკასა და სხვ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური გახდება ქვეყნის სავიზიტო ბარათი, რომელიც ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს დააკავშირებს. ანაკლიის ნავსადგური შეძლებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას, მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ამასთან, ანაკლიის ნავსადგურის წარმატებული ფუნქციონირება მიმართული იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შუა დერეფნის სხვა ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ.
პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა 600 ათასი კონტეინერი წელიწადში, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია. ასევე, იგეგმება ნავსადგურის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხი, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს წარმოშობს და მოიზიდავს ინვესტიციებს.
სხვა სიახლეები
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
16.06.2026.15:11
27 ივნისს, საქართველოში რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ეს არის ტურნირი, რომელიც ახალგაზრდა მორაგბეებს საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს და სწორედ, აქ იბადებიან მომავალი ვარსკვლავები.
2017 წლის შემდეგ, საქართველო ამ პრესტიჟულ ჩემპიონატს უკვე მეორედ მასპინძლობს. 2017 წელს, ტურნირის წარმატებით ჩატარების შედეგად, მსოფლიო რაგბიმ 2026 წლის ახალი, გაფართოებული ფორმატის, ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაც საქართველოს ანდო. წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე 12-ის ნაცვლად 16 გუნდი იასპარეზებს, რაც კონკურენციას ამძაფრებს და შედეგად, ტურნირისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.
ტურნირი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მატჩებს თბილისი ავჭალის სტადიონი და ქუთაისის აია არენა უმასპინძლებენ; ხოლო ფინალური და მესამე ადგილისთვის შეხვედრები მიხეილ მესხის სტადიონი ჩატარდება.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ა ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონს - სამხრეთ აფრიკას, უელსსა და ურუგვაის დაუპირისპირდება. ბ ჯგუფში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ; გ ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ; დ ჯგუფში - საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი.
როცა ახალგაზრდა სპორტსმენები მსოფლიო ასპარეზზე გასასვლელად ემზადებიან, ყველაზე მნიშვნელოვანი ხშირად არა მხოლოდ ნიჭი, არამედ რწმენაა - საკუთარი თავის, გუნდისა და მომავლის რწმენა. სწორედ, ამიტომ არის თიბისი ქართული რაგბის მხარდამჭერი. გვჯერა, რომ შესაძლებლობების დანახვა და მათი მხარდაჭერა ქმნის გამარჯვების საფუძველს - როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT-ზე, სადაც თიბისის მოსწავლის ბარათზე 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს: https://tkt.ge/show/31504/ragbi-u20-msoflio-chempionati