არდის დაზღვეულებს პოლისის შეძენა უკვე ბიტკოინითაც შეუძლიათ
სადაზღვევო კომპანია არდიში აცხადებენ, რომ იწყებენ კრიპტოვალუტით, მათ შორის ბიტკოინით, გადახდების მიღებას. ამ ნაბიჯით კომპანიას ინოვაციური სადაზღვევო ფინანსური სერვისების კუთხით (Insuretech) სიახლეების დანერგვას აგრძელებს.
არდის გადაწყვეტილება ასახავს გლობალურ ტენდენციას, რომლის ფარგლებში ტრადიციული საფინანსო ინდუსტრიები სულ უფრო მეტად ითვისებენ ციფრული აქტივების ინფრასტრუქტურას. ბიტკოინის ინტეგრაცია საგადახდო სისტემაში კლიენტს ანიჭებს მეტ თავისუფლებასა და მოქნილობას - განსაკუთრებით იმ მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც კრიპტოვალუტა უკვე ყოველდღიური ფინანსური ინსტრუმენტია.
სერვისი ხელმისაწვდომია როგორც ახალი, ისე განახლებადი პოლისებისთვის. გადახდა განხორციელდება უსაფრთხო, გამჭვირვალე და სწრაფი ტრანზაქციის გზით, კრიპტო ექვივალენტის ავტომატური კონვერტაციით.
ბიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობა ხელმისაწვდომია არდის განახლებული მობილური აპლიკაციის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ არამხოლოდ არსებულ კლიენტებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც ახლა პირველად გადაწყვეტს არდის დაზღვეულთა რიგებს შეუერთდეს.
|
მნიშვნელოვანი ინფორმაცია არსებული მომხმარებლებისთვის თუ სარგებლობთ უკვე არდის მობილური აპლიკაცია გთხოვთ განაახლოთ App Store-იდან ან Google Play Store-იდან. |
“დიდი ხანია კომპანიის საგადახდო სისტემებში აღნიშნული სიახლის დამატება გვინდოდა და ბოლო თვეებში საცდელ გარემოში ტესტირება აქტიურად მიმდინარეობდა. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ დღეიდან „არდიში“ ბიტკოინით გადახდა უკვე შესაძლებელია”. - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე, არდის გენერალური დირექტორი.
სხვა სიახლეები
„ნუში“ წარმოების ზრდასა და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს
13.10.2026.18:00
Nushi • ნუში საქართველოში წარმოებული პირველი ბიო ნუშის კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი, თორნიკე მჭედლიშვილი, ესაუბრა.
როგორ აფასებთ „ნუშის“ მიმდინარე შედეგებს და როგორია წარმოების დინამიკა ბოლო პერიოდში?
წლევანდელი მოსავლის აღება უკვე დავასრულეთ. წელს შედეგი კარგი იყო, რადგან ზაფხული კლიმატური თვალსაზრისით ხელსაყრელი აღმოჩნდა. საქართველოში ნუშის ბაღებში მოსავლიანობა დაახლოებით 40-50%-ით გაიზარდა.
მომართვიანობა, შარშანდელი წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა. ასევე მოიმატა ნუშის გადამუშავებისა და გატეხვის მიმართულებით დაინტერესებამ, რაც მწარმოებლებს მომხმარებლებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზების შესაძლებლობას გვაძლევს.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე და რომელ ბაზრებზეა ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ინტერესი?
საექსპორტო ბაზრებიდან წელს დაინტერესება იყო თურქეთისა და არაბეთის ქვეყნების მხრიდან. ყურადღება მიიქცია როგორც გადარჩეულმა ნუშის გულმა, ისე ნატეხმა ნუშმა, რომელიც საკონდიტრო პროდუქტებში გამოიყენება.
გერმანიისა და ჰოლანდიის ბაზრებიდან დაინტერესებული კომპანიებიც გამოჩნდნენ - ეს ის კლიენტები არიან, რომლებიც გამოფენაზე გავიცანი. მათ როგორც ბიო, ისე არაბიო ნუში აინტერესებდათ. მსგავსი აქტივობა შარშან და შარშანწინ არ ყოფილა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, წინა წლებში უფრო რთული ვითარება იყო. წელს მდგომარეობა გაუმჯობესდა - დეზერტირების ბაზარი ძირითადი ამღები ბაზარია, ასევე გვყავს მცირე გადამყიდველები და პატარა მაღაზიები.
ამ ეტაპზე მოთხოვნაა როგორც ნუშზე, ისე ნუშის ფქვილსა და ნატეხ ნუშზე. ნუშის ფქვილი წელს დავამატეთ, ხოლო ნატეხი ნუშის გაყიდვა ადრე გვიჭირდა, რადგან მის მიმართ მომხმარებლის ინტერესი ნაკლები იყო. ახლა ნუშისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი გაჩნდა, რამაც ნატეხი ნუშის მიმართაც მეტი ინტერესი გამოიწვია.
რა ეტაპზეა ასორტიმენტის გაფართოების გეგმები და უკვე დამატებული გაქვთ თუ არა ნუშის ფქვილი ან სხვა ახალი პროდუქტი?
ნუშის ფქვილი უკვე დავამატეთ ასორტიმენტს. ასევე გვსურს ცივად დაწურული ზეთის დამატება, რომელსაც საცდელად ვაწარმოებთ. ამ პროდუქტს თავისი პროცედურები აქვს და შემდეგ სერტიფიკატის აღებაც დაგვჭირდება.
მომავალი წლიდან ზეთის დამატებასაც ვგეგმავთ. შესაბამისად, ასორტიმენტში იქნება ნუში, ნუშის ფქვილი და ზეთი. ასევე ვგეგმავთ მოხალული ნუშის დამატებას.
როგორია კომპანიის გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?
წელს სხვადასხვა შეკვეთა გვაქვს აღებული და საწარმოში 100 ტონამდე ნუშის გადამუშავება უნდა მოვახდინოთ. ამისთვის დარჩენილი სეზონი, დაახლოებით დეკემბრამდე, დაგვჭირდება.
ზოგადად, საწარმოები ახალი წლის შემდეგ ჩერდებიან, რადგან ამ პერიოდში ნუშის გატეხვა აღარ ხდება და დაახლოებით თებერვლიდან იწყება ბაღების მოვლის სამუშაოები და ახალი სეზონისთვის მზადება.
იანვარში მცირე შუალედი გვაქვს დასვენებისთვის. ამ პერიოდში, თუ რაიმე ტექნიკური საკითხია გამოსასწორებელი, მასზე ვმუშაობთ, ხოლო თებერვლიდან ახალ სეზონს ვიწყებთ.