„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
საქართველოს წამყვანმა დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ და საერთაშორისო დეველოპერულმა ბრენდმა „NEXT“-მა ვარშავაში ერთობლივი გაყიდვების ოფისი ოფიციალურად გახსნეს. ახალი სივრცე ვარშავის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბიზნესუბანში, The Warsaw HUB-ში განთავსდა. აღნიშნული ცენტრი, სადაც გლობალური კომპანიების, მათ შორის Google-ის რეგიონული ოფისებია განლაგებული, პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბია, რაც კომპანიების საერთაშორისო გაფართოებისთვის სტრატეგიული ლოკაციაა.
ოფისის ოფიციალურ გახსნას, კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, პარტნიორები, საერთაშორისო ინვესტორები და პოლონური ბიზნესსაზოგადოების წევრები. სტუმრებს შორის იყო საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში.

პოლონური ოფისი, კომპანიების მენეჯმენტის წევრებთან ერთად, ოფიციალურად გახსნეს „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა და NEXT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ჭელიძემ. ღონისძიების ფარგლებში პოლონეთის ბაზარზე კომპანიის გრძელვადიან ხედვაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში არსებულ მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებზე.
ვარშავის ახალი ოფისი რეგიონულ ჰაბად იმუშავებს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და სასტუმრო პროექტებით არიან დაინტერესებული. ოფისი მომხმარებლებს შესთავაზებს ადგილობრივ საკონსულტაციო მომსახურებას, საინვესტიციო მხარდაჭერასა და „არქისა“ და NEXT-ის უახლეს პროექტებზე პირდაპირ წვდომას.
„არქი“ საქართველოს წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის დაახლოებით 20%-ს ფლობს. „არქი“ იყო პირველი დეველოპერი საქართველოში, რომელმაც მასშტაბური მასტერდეველოპმენტის კონცეფცია დანერგა. ილია წულაიასა და მისი პარტნიორების მიერ 2006 წელს დაფუძნებულ კომპანიას დასრულებული აქვს 55-ზე მეტი პროექტი და აერთიანებს 70,000-ზე მეტ მცხოვრებელსა და ინვესტორს 30 ქვეყნიდან. ბოლო წლებში „არქიმ“ საერთაშორისო გაფართოება დაიწყო და პროექტები წარადგინა გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის აშშ-ში, ფლორიდაში. კომპანიის მთავარი ღირებულებებია ხარისხი, საერთაშორისო ნდობა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული გრძელვადიანი ხედვა.
„პოლონეთში წარმომადგენლობის გახსნა „არქის“ საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველო უძრავი ქონების მიმართულებით სულ უფრო საინტერესო ხდება ევროპელი ინვესტორებისთვის, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, მათთან კომუნიკაცია უფრო ხელმისაწვდომი, პირდაპირი და ეფექტიანი გავხადოთ. ვარშავის ოფისი დაგვეხმარება, პოლონელ ინვესტორებსა და საბროკერო კომპანიებს საქართველოს ბაზრის პოტენციალი ადგილზე გავაცნოთ და მათთან გრძელვადიანი პარტნიორობა განვავითაროთ“, - განაცხადა „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა.
NEXT-ისთვის ვარშავის ოფისის გახსნა კომპანიის საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს კომპანიის მესამე საერთაშორისო ოფისია, დუბაისა და კენიის შემდეგ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას NEXT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ჭელიძემ განაცხადა:
„დღევანდელი დღე NEXT-ისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს განვითარებას, როგორც საერთაშორისო ბრენდის. ეს უკვე ჩვენი მესამე საერთაშორისო ოფისია დუბაისა და კენიაში წარმატებული საქმიანობის შემდეგ. თბილისსა და ბათუმში მდებარე სათავო ოფისთან ერთად, დღეს უკვე სამ კონტინენტზე ვოპერირებთ“.
დღეისათვის NEXT-ს მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე აშენებული და მიმდინარე განვითარების პროცესში 1 000 000 კვადრატულ მეტრზე მეტი უძრავი ქონება აქვს, ხოლო კომპანიის მართვის ქვეშ არსებული აქტივების ღირებულება 1.2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. კომპანია 65-ზე მეტი ქვეყნის ინვესტორს ემსახურება, მისი საერთაშორისო გაყიდვების გუნდი კი კონსულტაციას შვიდ ენაზე უზრუნველყოფს, მათ შორის პოლონურად, რაც სხვადასხვა ბაზარზე მომხმარებლებისთვის კომუნიკაციასა და მომსახურებას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა პოლონეთში დიანა ჟღენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებაზე, და აღნიშნა:
„ოფისის გახსნა პირდაპირი დასტურია იმისა, რომ პოლონელი ინვესტორების ინტერესი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ სტაბილურად მზარდია. საქართველომ უკვე მყარად დაიმკვიდრა თავი რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო ჰაბად, რომელიც ბიზნესს ლიბერალურ ეკონომიკურ გარემოსა და ევროპისა და აზიის გასაყარზე ხელსაყრელ, სტრატეგიულ მდებარეობას სთავაზობს. ბოლო წლებში დაფიქსირებული შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა ამის ნათელი ილუსტრაციაა: 2024 წელს მაჩვენებელმა 9%-ს მიაღწია, ხოლო 2025 წელს - 7.5%-ს. ეს მონაცემები კიდევ უფრო ამყარებს საქართველოს, როგორც საერთაშორისო კაპიტალისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და საიმედო ლოკაციის, პოზიციას“.
სხვა სიახლეები
TTE ROOMS 2026 წლის პირველ 6 თვეს აჯამებს - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან
24.08.2026.09:01
TTE ROOMS-ისთვის 2026 წლის პირველი ნახევარი ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით აქტიური აღმოჩნდა. კომპანიაში გაიზარდა ჯავშნების რაოდენობა, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრების მხრიდან.
კომპანიის დამფუძნებელი ემილ სარქისიანი Business Insider Georgia-სთან TTE ROOMS-ის 2026 წლის პირველი 6 თვის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით TTE ROOMS-ის 2026 წლის პირველ 6 თვეს. რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
TTE ROOMS უკვე ექვსი წელია, რაც თბილისში სტუმრებს განსხვავებულ და ინტერაქტიულ გასართობ გამოცდილებას - Escape Room თამაშებს სთავაზობს. Escape Room არის რეალურ სივრცეში შექმნილი სათავგადასავლო თამაში, სადაც მონაწილეები კონკრეტული ისტორიის გმირები ხდებიან და განსაზღვრულ დროში, გუნდური მუშაობის, ლოგიკური აზროვნების, დაკვირვებისა და სხვადასხვა თავსატეხის ამოხსნის საშუალებით აღწევენ თამაშის საბოლოო მიზანს.
ამ ექვსი წლის განმავლობაში TTE ROOMS-მა შეძლო ერთგული მომხმარებლების შეძენა და ათასობით ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმრის მასპინძლობა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოში შევქმენით გასართობი სივრცე, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივ მომხმარებელს იზიდავს, არამედ საერთაშორისო სტუმრებისგანაც მაღალ შეფასებებს ღებულობს.
2026 წლის პირველი ნახევარი კომპანიისთვის განსაკუთრებით აქტიური და პროდუქტიული აღმოჩნდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯავშნების რაოდენობა, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხოელი ტურისტების მხრიდან. საერთაშორისო სტუმრებს შორის განსაკუთრებით მაღალია ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული მომხმარებლების წილი.
ჩვენთვის 2026 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა ახალი თამაშების შექმნის პროცესის დაწყებაა. გუნდის აქტიური მუშაობის შედეგად უკვე შევქმენით ორი ახალი კონცეფცია, რომლებიც განვითარების საბოლოო ეტაპს უახლოვდება და უახლოეს მომავალში სტუმრებს სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ორივე პროექტი TTE ROOMS-ის გუნდის მიერ ნულიდან იქმნება. ისინი არ წარმოადგენს სხვა ქვეყნებში არსებული თამაშების ანალოგს ან კოპირებას. სიუჟეტი, თავსატეხები, დეკორაციები, ტექნიკური გადაწყვეტილებები, ვიზუალური გარემო და თამაშის მიმდინარეობის ლოგიკა ჩვენი გუნდის მიერ მუშავდება.
რა იქნება TTE ROOMS-ის მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში და რა მიმართულებებით ელოდებით ყველაზე მნიშვნელოვან პროგრესს, მათ შორის ახალი ფილიალის განვითარების კუთხით?
2026 წლის დარჩენილი პერიოდის მთავარი მიზანია - გაფართოება. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებლებს არჩევანის უფრო ფართო შესაძლებლობა შევთავაზოთ და ერთი წარმატებული მოდელიდან რამდენიმე განსხვავებული გამოცდილების მქონე გასართობ სივრცედ გარდავიქმნათ.
ამასთანავე, მეტი სივრცე და მეტი თამაში საშუალებას მოგვცემს ერთსა და იმავე პერიოდში უფრო მეტი გუნდი მივიღოთ, გავზარდოთ ჯავშნების პოტენციური რაოდენობა და უფრო აქტიურად ვიმუშაოთ როგორც ინდივიდუალურ სტუმრებთან, ისე ტურისტულ ჯგუფებთან.
გაფართოება ჩვენთვის, ბუნებრივია, ბიზნესის ზრდასაც ნიშნავს, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ უფრო მეტ ადამიანს გავაცნობთ გართობის ამ ფორმატს. გვინდა, რომ Escape Room საქართველოში თანდათან ისეთივე ბუნებრივ არჩევანად იქცეს მეგობრებთან, ოჯახთან ან კოლეგებთან დროის გასატარებლად, როგორიცაა სხვა უკვე დამკვიდრებული გასართობი აქტივობები.
საბოლოოდ, როგორი მოლოდინი გაქვთ 2026 წლის შედეგებთან დაკავშირებით და რა იქნება, თქვენი ხედვით, წლის მთავარი შედეგი კომპანიისთვის?
2026 წლის მთავარ შედეგად მხოლოდ შემოსავლების ან ჯავშნების ზრდას არ განვიხილავთ. ჩვენთვის მთავარი შედეგი იქნება TTE ROOMS-ის განვითარების შემდეგ საფეხურზე გადასვლა.
TTE ROOMS-ის მიზანია, საქართველოში ჩამოყალიბდეს ძლიერი, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებთან კონკურენტუნარიანი Escape Room კულტურა. გვინდა, რომ მომავალში უცხოელი სტუმრებისთვის თბილისი მხოლოდ ისტორიის, არქიტექტურის, ქართული სამზარეულოსა და სტუმართმოყვარეობის გამო კი არ იყოს საინტერესო, არამედ მათ საქართველოში შექმნილი უნიკალური გასართობი გამოცდილებებიც დაამახსოვრდეთ.
ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ ეს ყველაფერი საქართველოში იქმნება - ჩვენი გუნდის იდეებით, ჩვენი სცენარებით, ჩვენი დიზაინითა და ჩვენი ხედვით.