Art Glass Studio 2026 წლის პირველ ნახევარს აჯამებს და განვითარების გეგმებზე საუბრობს
2026 წლის პირველი ნახევარი Art Glass Studio-სთვის მნიშვნელოვანი პროექტებითა და მზარდი მოთხოვნით გამოირჩეოდა. ამ პერიოდში კომპანიამ რამდენიმე მასშტაბური პროექტი განახორციელა. მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ლია ცქვიტინიძე ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით Art Glass Studio-სთვის 2026 წლის პირველ 6 თვეს და რა არის ის მთავარი შედეგები, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში გამოარჩევდით?
2026 წლის პირველი ნახევარი ჩვენთვის საკმაოდ დატვირთული იყო. დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვმუშაობდით ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ეკლესიის რესტავრაციის პროექტზე, რომელიც 1-ელ ივლისს სრულად დავასრულეთ.

პროექტის ფარგლებში სრულად ჩამოვხსენით არსებული ვიტრაჟები, ჩავატარეთ მათი საფუძვლიანი წმენდა და აღდგენა. დავამზადეთ პირვანდელ ვერსიასთან მაქსიმალურად მიახლოებული ახალი ფრაგმენტები, დაზიანებული ნაწილები კი სრულად აღვადგინეთ. საბოლოოდ, ვიტრაჟები პირვანდელი სახით დავაბრუნეთ. ეს ჩვენთვის საკმაოდ მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი იყო.

გარდა ამისა, ახლახან დავასრულეთ კიდევ ერთი პროექტი - ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, რომელიც ამ ეტაპზე ჯერ არ გახსნილა. რამდენიმე სივრცეში მხატვრული ვიტრაჟები დავამონტაჟეთ.
როგორი იყო მოთხოვნა კომპანიის ძირითად სერვისებზე წლის პირველ ნახევარში და რა მიმართულებებზე გამოიკვეთა ყველაზე მეტი ინტერესი?
გასულ პერიოდთან შედარებით მოთხოვნა გაიზარდა და სტაბილური ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ეტაპობრივად იზრდება ჩვენი ცნობადობაც, მომხმარებლების გამოხმაურება უფრო აქტიურია და შეკვეთების რაოდენობაც მზარდია.

რა არის Art Glass Studio-ს მთავარი პრიორიტეტები და გეგმები 2026 წლის დარჩენილ პერიოდში - იგეგმება თუ არა ახალი მიმართულებების, სერვისების ან სასწავლო პროგრამების დამატება?
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მიმდინარე პროექტებზე მუშაობის გაგრძელებაა. ამ ეტაპზე რამდენიმე პროექტი გვაქვს, მათ შორის როგორც დიდი, ისე შედარებით მცირე მასშტაბის.
ამასთან, ვფიქრობთ სასწავლო მიმართულების განვითარებაზეც, რადგან კურსების მიმართ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. სამომავლოდ ვგეგმავთ რამდენიმე დღიანი მასტერკლასებისა და უფრო ხანგრძლივი სასწავლო კურსების ჩატარებას. შესაძლებელია, კურსები მონაწილეებისთვის შემდგომი დასაქმების პერსპექტივასაც მოიცავდეს. ეს მიმართულება ჩვენს სამომავლო გეგმებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

ინფორმაციისთვის, Art Glass Studio ნებისმიერი ზომისა და სირთულის შეკვეთებზე მუშაობს. წარმოებისთვის საჭირო ნედლეულს კი ძირითადად თურქეთიდან და ინგლისიდან მოიპოვებს.
სხვა სიახლეები
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ქალაქებში მდგრადი განვითარებისა და ტურიზმის მხარდასაჭერად $200 მილიონის სესხი დაამტკიცა
27.11.2026.10:05
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 200 მილიონი აშშ დოლარის ($) ოდენობის სესხი, რომელიც საქართველოს მდგრადი ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება. პროექტი მიზნად ისახავს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით მცირე ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები დაახლოებით 400,000 ადამიანისთვის.
პროექტის „მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება ძლიერი ეკონომიკისთვის" ფარგლებში განახლდება მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, მათ შორის საჯარო სივრცეები, პარკები, სარეკრეაციო ზონები და მრავალფუნქციური სპორტული ობიექტები, ასევე გზები, წყალმომარაგების, სანიტარული, სადრენაჟე და მყარი ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა, რაც აუცილებელია ამ ობიექტების ხელმისაწვდომობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლებასა და კონსერვაციას და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის საფეხმავლო ბილიკების, საჯარო სივრცეებისა და საგზაო ქსელის განვითარებას, რათა საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობები.
„საქართველოს რეგიონებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, რასაც ხელს უწყობს ქვეყნის მდიდარი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა," განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. „ეს პროექტი საქართველოს მთავრობას დაეხმარება მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში მდგრად ინფრასტრუქტურაში, საჯარო სივრცეებში, კულტურულ მემკვიდრეობასა და ტურისტულ ობიექტებში ინვესტირების გზით. ამასთან, პროექტი შექმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს ადგილობრივი ბიზნესებისთვის, ქალებისა და ახალგაზრდებისთვის."
პრეს-რელიზი: აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ქალაქებში მდგრადი განვითარებისა და ტურიზმის მხარდასაჭერად $200 მილიონის სესხი დაამტკიცა | Asian Development Bank