მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7202.1
-0.0079
flag
AZN 1.5281
-0.0011
flag
CNY 39.062
-0.0002
flag
EUR 2.9108
-0.0008
flag
GBP 3.4814
-0.0088
flag
KZT 57.36
0.0005
flag
TRY 0.052
0
flag
USD 2.5973
-0.0019
news banner

„არტიტექსის“ პროექტით მესტიაში უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლი აშენდება

news image
mbc image

მესტიის მუნიციპალიტეტში უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლის აშენება ჩვენთვის ნამდვილად ერთ-ერთი საამაყო პროექტია - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს არქიტექტურული კომპანია „არტიტექსის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა დარეჯან შათაშვილმა განუცხადა.

„მესტიის მუნიციპალიტეტში უნიკალური არქიტექტურის ქორწინების სახლის აშენება ჩვენთვის ნამდვილად ერთ-ერთი საამაყო პროექტია, რომელიც იუსტიციის სახლის უშუალო ჩართულობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა და პროექტირების პროცესში სრულად იყო გათვალისწინებული მათი ხედვა და მოთხოვნები.

თავიდანვე გვქონდა შეთანხმება, რომ სვანეთის ავთენტურობა არ უნდა დაგვერღვია. სწორედ იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობისგან მივიღეთ მკაფიო მითითება, განსაკუთრებული სიფრთხილით მოვკიდებოდით ამ პროექტს. არ უნდა შეგვექმნა სვანური კოშკის იდენტური ასლი, რადგან მას უნიკალური ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მიზანი იყო არა ისტორიული არქიტექტურის კოპირება, არამედ მისი თანამედროვე ინტერპრეტაცია ისე, რომ არც გარემოს იერსახე დაზიანებულიყო და არც ავთენტურობა დაკარგულიყო.

პროექტირებისას განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ვერტიკალურ განვითარებაზე, რადგან სწორედ ეს არის სვანური არქიტექტურის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი. ვთვლიდით, რომ ამ ელემენტის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ ავთენტური ხასიათის შენარჩუნება, რომელიც სვანეთს გამოარჩევს. სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ ქვით ნაშენი კედლები, ტრადიციული მასალები და მხოლოდ შემდეგ, ძალიან ფრთხილად, შევიტანეთ თანამედროვე არქიტექტურული დეტალები - მათ შორის, ვიტრაჟები და თანამედროვე ფორმები.

ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა გვითხრა, რომ ეს შენობა მისთვის ძველისა და ახლის, ისტორიისა და თანამედროვეობის დამაკავშირებელ ხიდს ჰგავდა - ერთგვარ მისტიკურ სვანეთს, სადაც ტრადიცია და სიახლე ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. სწორედ ასეთი შეფასებაა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ყველაზე დიდი წარმატებაა, როდესაც პროექტს ადგილობრივი მოსახლეობა იღებს და აფასებს.

იუსტიციის სახლთან ჩვენი თანამშრომლობის მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო - შეგვექმნა ისეთი გარემო, რომელიც ადამიანებზე იქნებოდა ორიენტირებული და მათ კომფორტსა მოემსახურებოდა. ვფიქრობ, ამ პროექტში ეს მიზანი სრულად განხორციელდა.

პროექტის ტურისტულ მნიშვნელობაზე იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობაც არაერთხელ საუბრობდა. მათი შეფასებით, საერთაშორისო დონეზე მისი წარმოჩენა მნიშვნელოვანი იყო როგორც რეგიონის, ისე ქვეყნისთვის. ეს უკვე შედეგებშიც აისახა, პროექტმა ორი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა: ერთი იაპონიაში, ტოკიოში, ხოლო მეორე იტალიაში, რომში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია იაპონური ჟიურის შეფასება. მათ პროექტი გამოარჩიეს იმისთვის, რომ მან შეძლო კულტურული ავთენტურობის შენარჩუნება და ისტორიულ გარემოში ორგანულად ინტეგრირება. სწორედ ეს იყო მათი შეფასების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღიარება“, - აცხადებს დარეჯან შათაშვილი.

ინფორმაციისთვის, „არტიტექსი“ 2014 წელს დაარსდა და პროექტებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც ახორციელებს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გიორგი მაისურაძე: „განვითარება მოქმედებით იწყება“ - საქართველოს ბანკის სტიპენდიატის ისტორია

02.11.2026.17:03

განათლება სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა შედეგით იზომება. გიორგი მაისურაძისთვის კი ის სამყაროს გაგებისა და საკუთარი თავის აღმოჩენის საშუალებაა. საქართველოს ბანკის სტიპენდიატმა უკვე იცის, როგორ წარმოუდგენია საკუთარი მომავალი: სურს, ერთ დღეს აუდიტორიაში ლექტორის როლში დადგეს და სტუდენტებს ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს.

ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ბაკალავრიატის სტუდენტებს 23 პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

გიორგის ისტორიაც ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მხარდაჭერა ახალგაზრდისთვის ახალი მიზნების და აღმოჩენების საწყისად იქცეს.

„მნიშვნელოვანია გესმოდეს, რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა“

გიორგიმ აკადემიური გზა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დაიწყო, მოგვიანებით კი პოლიტიკური მეცნიერებებით დაინტერესდა. მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მოვლენების ცოდნა არ არის - მას აინტერესებს მათი გამომწვევი მიზეზები, ურთიერთკავშირები და შესაძლო შედეგები. სწორედ ეს ცნობისმოყვარეობა გახდა მისი პროფესიული არჩევანის საფუძველი.

სტუდენტური ცხოვრება მისთვის მხოლოდ ლექციებით არ შემოიფარგლება. სწავლას სამსახურსა და სხვა პასუხისმგებლობებს უთავსებს, რამაც დროის სწორად განაწილება და სირთულეებთან გამკლავება ასწავლა. ამ გამოცდილებამ დაანახა, რომ განვითარება მხოლოდ აუდიტორიაში მიღებული ცოდნით არ შემოიფარგლება.

დედა - მთავარი მაგალითი და ინსპირაცია

როცა გიორგი ინსპირაციის წყაროზე საუბრობს, პირველ რიგში დედას ასახელებს. სწორედ მისი მაგალითით ისწავლა, რომ გამოწვევები გზის დასასრული არ არის და სირთულეების მიუხედავად, საკუთარ მიზნებზე უარი არ უნდა თქვა. ეს დამოკიდებულება დღესაც ეხმარება, განაგრძოს განვითარება და თავდაჯერებულად იაროს საკუთარი მიზნებისკენ.

სტიპენდია, როგორც ნდობის გამოხატულება

საქართველოს ბანკის სტიპენდია გიორგისთვის მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა არ არის. ეს საკუთარი შრომისა და შესაძლებლობების აღიარებაცაა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვიღაც შენს შესაძლებლობებს ხედავს და საკუთარი მიზნების მიღწევაში გეხმარება“, - ამბობს გიორგი.

მისთვის ეს მხარდაჭერა დამატებითი მოტივაციაა, უფრო თამამად დაისახოს ახალი მიზნები. ამასთან, თავადაც სურს, მომავალში სხვებისთვის გახდეს შესაძლებლობების შექმნისა და განვითარების ხელშემწყობი.

მთავარი მიზანი: სწავლა საზღვარგარეთ და ცოდნის გაზიარება

უახლოეს მომავალში გიორგი სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას გეგმავს. მას სურს, გაეცნოს სხვა ქვეყნების აკადემიურ გამოცდილებას, გაიღრმაოს ცოდნა და მიღებული გამოცდილება საქართველოში გამოიყენოს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი საკუთარ თავს ლექტორის როლში ხედავს - ადამიანად, რომელიც არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს სტუდენტებს, არამედ მათ დამოუკიდებელ აზროვნებასა და სამყაროს უკეთ შეცნობაშიც დაეხმარება.

რჩევა მომავალ სტიპენდიატებს

გიორგის რჩევა მათთვის, ვისაც საქართველოს ბანკის სტიპენდიატის სტატუსის მოპოვება სურს, მარტივია:

„ნუ დაელოდებით იმ მომენტს, როცა სრულიად დარწმუნებული იქნებით. შეცდომების არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან განვითარება სწორედ მოქმედებისა და გამოცდილების დაგროვების პროცესში ხდება“.

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე

საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. თუ ბაკალავრიატის სტუდენტი ხარ და გსურს, განათლების გზაზე შემდეგი ნაბიჯი გადადგა, შეავსე განაცხადი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე და მიიღე სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 23 პარტნიორ უნივერსიტეტში.

განაცხადების მიღება 30 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია  საქართველოს ბანკის სტიპენდიების გვერდზე.

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე. 

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა