არც ერთი მევენახე არ რჩება ყურადღების გარეშე, მოვუწოდებ ყველას პროპაგანდა გაუწიონ აგროდაზღვევის პოლიტიკის გატარებას - ირაკლი ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - არც ერთი მევენახე არ რჩება ყურადღების გარეშე, მოვუწოდებ ყველას, მათ შორის "ნაცმოძრაობას", პროპაგანდა გაუწიონ აგროდაზღვევის პოლიტიკის გატარებას და პოპულისტური განცხადებების კეთებით არ ეცადონ, შფოთი შეიტანონ კახელ მევენახეებში
ხან კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ სახელმწიფომ რთველის დროს გლეხებს და მევენახეებს დახმარება გაუწიოს. ახლა არჩევნები ახლოვდება, ამიტომ უნდათ გულის მოგება და დღეს ეს იდეა წამოაყენეს, - ასე შეაფასა თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა, რთველისთვის გამოყოფილი სუბსიდია მოსავლის გარეშე დარჩენილ გლეხებზეც გადანაწილდეს.
როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან არც ერთი მევენახე უყურადღებოდ არ რჩება, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, პოპულისტური განცხადებებით, მევენახეებში გაუგებრობა შეიტანოს.
მისივე თქმით, სახელმწიფოს აგროდაზღვევის უნიკალური პროგრამა აქვს, რომელსაც ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს.
"არც ერთი მევენახე არ რჩება ყურადღების გარეშე. სახელმწიფოს აქვს აგროდაზღვევის უნიკალური პროგრამა და მოვუწოდებ ყველას, რომ პროპაგანდა და მხარდაჭერა გაუწიოს, მათ შორის, "ნაციონალურმა მოძრაობამ", ამ აგროდაზღვევის პოლიტიკის გატარებას და პერიოდულად, ასეთი პოპულისტური, ყოველგვარ ეკონომიკურ გათვლაზე დაუმყარებელი განცხადებების კეთებით არ ეცადონ, რომ შფოთი შეიტანონ კახელ მევენახეებში", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.