ასეთ მასშტაბურ პროექტებში სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია – ნინა გადელია „ხუდონჰესის“ მშენებლობაზე
ხუდონჰესის მსგავსი მსხვილი ენერგეტიკული პროექტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანია Shine Energy-ს დამფუძნებელმა ნინა გადელიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის გარეშე დარგის გრძელვადიანი განვითარება წარმოუდგენელია.
„ასეთ მასშტაბურ პროექტებში სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია - როგორც სტრატეგიული დაგეგმვის, ისე ინვესტორთა ნდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
მნიშვნელოვანია, საზოგადოებამაც გააცნობიეროს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელია საქართველოში მეტი გენერაციის ობიექტის აშენება. თანამედროვე ენერგოსისტემა ეფუძნება მრავალწყაროიან მიდგომას - ჰიდროენერგეტიკის, მზის, ქარისა და ენერგიის შენახვის სისტემების ერთობლიობას.
მზის ენერგეტიკაც რეალურ წვლილს შეიტანს სისტემის ბალანსირებასა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში. ამასთან, გრძელვადიანი სისტემური მდგრადობისთვის აუცილებელია როგორც მსხვილი საბაზისო გენერაციის პროექტების, ისე სწრაფად განსახორციელებელი განახლებადი წყაროების პარალელური განვითარება.
ხაზგასასმელია, რომ ენერგეტიკის დარგში სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა მკვეთრად შეინიშნება, რასაც კერძო სექტორიც პირდაპირ ვგრძნობთ. ენერგეტიკა სენსიტიური სფეროა და მნიშვნელოვანია, რომ არსებული ტემპი შენარჩუნდეს. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის გარეშე დარგის გრძელვადიანი განვითარება პრაქტიკულად წარმოუდგენელია“, - აცხადებს ნინა გადელია.
სხვა სიახლეები
Snack it - ნატურალური ხილის პროდუქტების მწარმოებელი ქართული ბრენდი
30.09.2026.16:00
Snack it საოჯახო ბრენდია, რომელიც 2022 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და მომხმარებლებს ნატურალურ ხილის პროდუქტებს სთავაზობს. კომპანიის ასორტიმენტში შედის ხილის ჩიფსები, ტყლაპი, კარობზე დაფუძნებული პროდუქტები და ხელნაკეთი შოკოლადი. ბრენდის საქმიანობის სპეციფიკასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia, კომპანიის დამფუძნებელსა და ბრენდის შემქმნელს, ტატიანა ბოგაჩენკოს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Snack it პატარა საოჯახო ბრენდია, რომელიც მთელი ოჯახისთვის განკუთვნილ ნატურალურ ხილის პროდუქტებს აწარმოებს. ჩვენს ასორტიმენტში შედის ხილის ჩიფსები, ტყლაპი, კარობზე დაფუძნებული პროდუქტები და ხელნაკეთი შოკოლადი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტმა შეინარჩუნოს საწყისი ნედლეულის ბუნებრივი გემო და თვისებები. სწორედ ამიტომ არ ვიყენებთ დამატებულ შაქარს, კონსერვანტებს, საღებავებსა და არომატიზატორებს.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ წარმოების ტექნოლოგიას. ტრადიციული მომზადების ზოგიერთი მეთოდისგან განსხვავებით, გაშრობამდე ხილსა და კენკრას წინასწარ თერმულად არ ვამუშავებთ. ახალ ნედლეულს ვჭრით ან ვაქუცმაცებთ და ვაშრობთ არაუმეტეს 55°C ტემპერატურაზე. ასეთი მიდგომა საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ხილისა და კენკრის ბუნებრივი გემო, არომატი და თვისებები.

წარმოების ყველა ეტაპს - ნედლეულის შერჩევიდან და მომზადებიდან დაწყებული, შეფუთვით დამთავრებული ხელით ვასრულებთ. ეს მცირე საოჯახო წარმოებაა, რაც საშუალებას გვაძლევს, თითოეული ეტაპი ვაკონტროლოთ და ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ.
თავდაპირველად Snack it შეიქმნა როგორც პროდუქტი, რომელსაც საკუთარი თავისა და ჩვენი ოჯახისთვის ვამზადებდით. 2022 წლის ბოლოდან კი ჩვენი პროდუქციის უფრო ფართო აუდიტორიისთვის შეთავაზება დავიწყეთ. თავდაპირველად ბრენდს სოციალური ქსელების საშუალებით ვავითარებდით, შემდეგ შევქმენით საკუთარი ვებგვერდი და ონლაინ მაღაზია, ხოლო წელს უკვე ფიზიკური მაღაზია კაფესთან ერთად გავხსენით.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი და რა მიმართულებებს აერთიანებს?
Snack it-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტყლაპია. დღეს ჩვენ დაახლოებით 30 განსხვავებული გემო და კომბინაცია გვაქვს და მუდმივად ვატარებთ ექსპერიმენტებს ახალი გემოების შესაქმნელად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ კლასიკური პროდუქტების წარმოება, არამედ საინტერესო კომბინაციების შექმნა, რომლებიც მომხმარებელს სასიამოვნოდ გააკვირვებს. ასევე გვაქვს სხვადასხვა ხილისა და კენკრისგან დამზადებული ხილის ჩიფსების დიდი არჩევანი.

ცალკე მიმართულებაა კარობზე დაფუძნებული პროდუქტები. კარობს ვიყენებთ როგორც კლასიკური შოკოლადის ალტერნატივას მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს კაკაოსა და კოფეინის გარეშე პროდუქტებს.
ამასთან, ვმუშაობთ კლასიკურ შოკოლადთან და მის საფუძველზე ხელნაკეთ პროდუქტებსაც ვქმნით.
ჩვენი პროდუქტებისგან ასევე ვაწყობთ სხვადასხვა სასაჩუქრე ბოქსსა და ნაკრებს. შესაბამისად, Snack it მხოლოდ ყოველდღიური ჯანსაღი წასახემსებელი არ არის - ჩვენი პროდუქტი შეიძლება იყოს საჩუქარი, გამასპინძლების საშუალება ან ლამაზი დამატება ყავასთან, ჩაისთან და დესერტებთან.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
მე რამდენიმე ძირითად მახასიათებელს გამოვყოფდი.
უპირველესად - ბუნებრივ შემადგენლობასა და წარმოებისადმი ჩვენს მიდგომას. ვცდილობთ, გამოვიყენოთ მხოლოდ აუცილებელი რაოდენობის ინგრედიენტები და არ ვამატებთ შაქარს, კონსერვანტებს, საღებავებსა და არომატიზატორებს.
მეორე უპირატესობაა უნიკალური და მუდმივად განვითარებადი ასორტიმენტი. განსაკუთრებით ეს ეხება ტყლაპს - დაახლოებით 30 განსხვავებული გემო საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს ამ პროდუქტის გაცილებით მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ, ვიდრე კლასიკური ვარიანტებია.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობა. მაგალითად, ჩვენი პროდუქციისთვის საჭირო მოცვის ნაწილს თავად ვაშენებთ. ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ხილისა და კენკრის სეზონურობა და პროდუქტი შევქმნათ იმის მიხედვით, თუ კონკრეტულ პერიოდში რომელი ხარისხიანი ადგილობრივი ნედლეულია ხელმისაწვდომი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ხელნაკეთი წარმოება. ჩვენ არ ვცდილობთ პროცესის სრულად ავტომატიზაციას, რადგან სწორედ ხელით მუშაობა გვაძლევს შესაძლებლობას, თითოეული პარტია გავაკონტროლოთ და დეტალებს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ.

და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი გაშრობის ტექნოლოგია. ვცდილობთ, მაქსიმალურად ფრთხილად მოვექცეთ ხილსა და კენკრას, რათა ზედმეტი დანამატების გარეშე შევინარჩუნოთ მათი ბუნებრივი გემო, არომატი და თვისებები.
როგორია Snack it-ის სამომავლო გეგმები და განვითარების სტრატეგია?
ჩვენ გვინდა Snack it-ის მასშტაბირება, თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ზრდის პროცესში არ დავკარგოთ ის პრინციპები, რომლებზეც ბრენდი თავიდანვე შეიქმნა.
გვინდა, შევინარჩუნოთ წარმოების ტექნოლოგია, ნედლეულის ხარისხი, ხელნაკეთი მიდგომა და კომპანიის ფილოსოფია მაშინაც კი, როდესაც წარმოების მოცულობა გაიზრდება.
ჩვენთვის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. ვფიქრობთ, რომ ქართულ პროდუქტებსა და ადგილობრივ ნედლეულს დიდი პოტენციალი აქვს, ხოლო Snack it-ს შეუძლია, გახდეს თანამედროვე ქართული ბრენდი, რომელიც უცხოელ მომხმარებლებს გააცნობს საქართველოში შექმნილ საინტერესო პროდუქტებს.

ჩვენთვის Snack it-ის განვითარება მხოლოდ წარმოების მოცულობის გაზრდას არ ნიშნავს. გვინდა, გავაგრძელოთ ახალი პროდუქტების შექმნა, ექსპერიმენტები გემოებთან და ეტაპობრივად ავაშენოთ ბრენდი, რომელიც დაკავშირებული იქნება ხარისხიან, ნატურალურ და გამორჩეულ პროდუქტებთან საქართველოდან.