„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
დეკემბრის ბოლოს „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ დაჯილდოება გაიმართება, რომელზეც გაირკვევა, თუ ვინ გახდება 2026 წლის სამი გამარჯვებული გუნდი.
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ საქართველოში 2014 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) დარგებისა და ინოვაციების პოპულარიზაციას 13-17 წლის ახალგაზრდებში, საქართველოს მასშტაბით. 12 წლის განმავლობაში, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 999 გუნდის 4000-მდე მოსწავლემ, ფინალში გადასული გუნდების მიერ კი 160 პროტოტიპი შეიქმნა.
კონკურსის პირობების გათვალისწინებით, ახალგაზრდებს შეუძლიათ შექმნან გუნდი და წარადგინონ პროექტი შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთში: კოსმოსი და ავიაცია, კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება, ჯანდაცვა და კვება, გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები, რობოტექნიკა.
უკვე მეხუთე წელია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია. ბანკის მხარდაჭერით, ყოველ წელს მესამე ადგილზე გასული გუნდი სასწავლო ვიზიტით მიემგზავრება შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაცია CERN-ში. „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ გამარჯვებული ახალგაზრდა ინოვატორებისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილების მიღებას, არამედ იმის გაცნობიერებას, რომ მათი იდეები შესაძლოა კონკურენტუნარიანი გახდეს საერთაშორისო დონეზე.
მეორე ადგილზე გასული გუნდები აქტიურად ერთვებიან საერთაშორისო STEM პროექტებში და იღებენ პროფესიულ გამოცდილებას. პირველი ადგილის მფლობელი გუნდი, ტრადიციულად, მონაწილეობას იღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში (Space Center University), აშშ-ში.
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ ყოველწლიურად უამრავი მოსწავლის დაინტერესებას იწვევს. წელს კონკურსში 123 გუნდის განაცხადი შევიდა და მარათონში 437 მონაწილე ჩაერთო. სექტემბერში კი დამოუკიდებელმა ჟიურომ 10 ფინალისტი გუნდი გამოავლინა, ესენია:
• AeroGuard - საჰაერო მცველები
• Catalysts - კატალისტები
• DigitalRoots - ციფრული ფესვები
• HPR (Homegrown propulsion rocket) - ეკო რაკეტა
• Hydra - ჰიდრა
• Kinara ა- კინარა
• MENMO (Mental Motion) - მენმო
• MineGuard - მაღაროს მცველი
• Phonon - ფონონი
• SynaptiX - სინაპტიქსი
კონკურსის ფინალისტ გუნდებსა და მათ პროექტებს საზოგადოება დეტალურად მომდევნო კვირიდან გაეცნობა, შეეძლებათ თვალი ადევნონ და უგულშემატკივრონ თავიანთ რჩეულ გუნდს ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით.
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭირდო თანამშრომლობით. კონურსის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო. კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი.
სხვა სიახლეები
„დორა“ საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას და საქართველოში კარამელის მუზეუმის შექმნას გეგმავს
19.10.2026.14:00
„დორა“ ქართული ჯოხიანი კარამელის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წელს შეიქმნა. კომპანიის მიმდინარე სიახლეების, განვითარების გეგმებისა და საქართველოში კარამელის მუზეუმის შექმნის იდეის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის „დორას“ დამფუძნებელი გიორგი შეშაბერიძე ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს „დორას“ ამ ეტაპზე და რა შეიცვალა კომპანიის საქმიანობაში ბოლო ინტერვიუს შემდეგ?
ბოლო ინტერვიუს შემდეგ „დორასთვის“ მთავარი აქცენტი არსებული საქმიანობის გაძლიერება და განვითარების შემდეგი ეტაპისთვის მომზადება იყო. ვაგრძელებთ თანამშრომლობას ისეთ პარტნიორებთან, როგორებიც არიან Wendy’s, Dunkin’, „სმარტი“ და „ვეი მარტი“. პარალელურად, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საქართველოს სხვა სავაჭრო ქსელებთანაც, რადგან ჩვენი მიზანია, საქართველოში წარმოებული კარამელი მომხმარებლისთვის გაცილებით მეტ სივრცეში იყოს ხელმისაწვდომი.
ამ ეტაპზე კომპანიაში მიმდინარეობს რებრენდინგი, რომელიც მოიცავს როგორც ბრენდის ვიზუალური იდენტობისა და შეფუთვების განახლებას, ისე უშუალოდ წარმოების პროცესისა და ტექნოლოგიის დახვეწას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის ხარისხი, ვიზუალი და მომხმარებლის გამოცდილება ერთიან სტანდარტს ქმნიდეს. გვსურს, შეფუთვამ უკეთ წარმოაჩინოს „დორას“ ხასიათი და პროდუქტის ღირებულება როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
გაფართოვდა კარამელის ასორტიმენტიც - დავამატეთ სხვადასხვა ფორმისა და ფიგურის პროდუქცია. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ, რადგან კარამელი ჩვენთვის შემოქმედებითი პროდუქტიცაა: ფორმა, ფერი და წარდგენის სტილი მის მიმართ ინტერესსა და ემოციურ დამოკიდებულებას ქმნის. სწორედ ამ შესაძლებლობის განვითარება გვინდა, ჩვენი ძირითადი მიმართულებისა და ბრენდის ინდივიდუალობის შენარჩუნებით.
როგორ შეიცვალა მომხმარებელთა მოთხოვნა და პროდუქციის რეალიზაცია? რომელ პროდუქტებზეა ამჟამად ყველაზე დიდი მოთხოვნა და ხომ არ დაამატეთ ასორტიმენტს ახალი სახეობები?
ჩვენს პროდუქტზე მომხმარებლის მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ეს გვაძლევს მოტივაციასა და საფუძველს, აქტიურად ვიმუშაოთ ასორტიმენტის განვითარებასა და გაყიდვის არხების გაფართოებაზე. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანაა, მზარდ მოთხოვნას პროდუქტის უფრო ფართო ხელმისაწვდომობით ვუპასუხოთ - მომხმარებელს „დორას“ შეძენა მისთვის მოსახერხებელ სავაჭრო სივრცეში უნდა შეეძლოს.
ჩვენს ძირითად მიმართულებად კვლავ ფიგურული კარამელი რჩება. ასორტიმენტს დაემატა ახალი ფორმები და ფიგურები, რაც მომხმარებელს არჩევანის მეტ შესაძლებლობას აძლევს. ამ პროდუქტის მიმზიდველობა გემოსთან ერთად მის ვიზუალურ მხარესაც უკავშირდება: კარამელი შეიძლება იყოს პატარა საჩუქარი, სასიამოვნო მოგონება ან კონკრეტულ ბრენდთან და გამოცდილებასთან დაკავშირებული პროდუქტი.
სწორედ ამიტომ, სავაჭრო ქსელებში გაფართოება ჩვენი განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვეძებთ სადისტრიბუციო და კომერციულ პარტნიორს, რომელსაც აქვს ქსელურ საცალო ვაჭრობასთან მუშაობის გამოცდილება და ჩვენთან ერთად შეძლებს ბრენდის წარმოდგენის გაფართოებას საქართველოს მასშტაბით.
პარტნიორობისთვის საფუძველი უკვე არსებობს: გვყავს მოქმედი პარტნიორები, გვაქვს გამორჩეული ქართული პროდუქტი და ვხედავთ მზარდ მომხმარებლურ ინტერესს. ახლა ჩვენი მიზანია, ეს შესაძლებლობა უფრო ფართო და სისტემურ თანამშრომლობად ვაქციოთ. დაინტერესებულ ქსელებსა და დისტრიბუტორებთან განვიხილავთ გრძელვადიან პარტნიორობას, რომელიც ღირებულებას შექმნის როგორც „დორასთვის“, ისე ჩვენი პარტნიორებისა და მათი მომხმარებლებისთვის.
რა ეტაპზეა კომპანიის საერთაშორისო განვითარების გეგმები? გაქვთ თუ არა სიახლეები უცხოურ ბაზრებზე გასვლის, პარტნიორების მოძიების ან პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით?
„დორა“ საერთაშორისო განვითარების ეტაპზეა. 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილია პროდუქციის საპილოტე ექსპორტი ევროპის ოთხ ქვეყანაში - ავსტრიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთსა და უნგრეთში. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან შესაძლებლობას მოგვცემს, უშუალოდ შევაფასოთ ადგილობრივი მომხმარებლის გამოხმაურება, პროდუქტის მოთხოვნა და შემდგომი განვითარების პერსპექტივა თითოეულ ბაზარზე.
საპილოტე ექსპორტს განვიხილავთ როგორც გრძელვადიანი საერთაშორისო საქმიანობის საწყის ეტაპს. მიღებული გამოცდილების საფუძველზე გვსურს, ეტაპობრივად გავაფართოოთ პარტნიორული ქსელი და ამ ოთხ ქვეყანაში პროდუქტის რეგულარული, უფრო ფართო ხელმისაწვდომობა უზრუნველვყოთ. ჩვენი ამბიციაა, „დორა“ იქცეს ცნობად ქართულ ბრენდად, რომელსაც უცხოელი მომხმარებელი კონკრეტულ ხარისხთან, გამორჩეულ დიზაინსა და საკუთარ ისტორიასთან დააკავშირებს.
2027 წლისთვის ჩვენი მიზანია როგორც ამ ბაზრებზე პოზიციების გაძლიერება, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში განვითარების შესაძლებლობების მოძიება. ამ მიმართულებით ღია ვართ იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც ხედავენ ქართული პროდუქტის პოტენციალს და დაინტერესებული არიან ბრენდის გრძელვადიანი განვითარებით.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ზრდასთან ერთად მკაფიოდ შენარჩუნდეს პროდუქტის ქართული წარმომავლობა. გვინდა, „დორას“ წარმატება საქართველოსაც უკავშირდებოდეს და წარმოაჩენდეს, რომ აქ იქმნება პროდუქტი, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი ადგილი და გამორჩეული ხასიათი შეიძლება ჰქონდეს.
როგორია კომპანიის გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?
2026 წლის დარჩენილ პერიოდში ჩვენი ძირითადი პრიორიტეტებია საპილოტე ექსპორტის განხორციელება, მიმდინარე რებრენდინგის წინ წაწევა, შეფუთვებისა და წარმოების პროცესის განვითარება და ახალ სავაჭრო პარტნიორებთან მოლაპარაკებების გაგრძელება. ამ ნაბიჯებით ვქმნით საფუძველს 2027 წლის უფრო ფართომასშტაბიანი განვითარებისთვის, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს მასშტაბით გაყიდვების ქსელის გაფართოებაა.
ამასთან, ვმუშაობთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის კონცეფციაზე - საქართველოში კარამელის მუზეუმის შექმნაზე, რომლის ამბიციაც რეგიონში პირველი ამ ტიპის სივრცედ ჩამოყალიბებაა. პროექტის განსახორციელებლად ვეძებთ სტრატეგიულ საინვესტიციო პარტნიორს, რომელიც დაინახავს წარმოების, ტურიზმისა და განათლების ერთ სივრცეში გაერთიანების პოტენციალს.
ჩვენი ხედვით, ეს იქნება ცოცხალი, ინტერაქციული სივრცე, სადაც სტუმარი გაეცნობა კარამელის შექმნის ისტორიას, დააკვირდება წარმოების პროცესს და თავადაც ჩაერთვება მასტერკლასებში. ბავშვებისთვის გვინდა შევქმნათ შემეცნებითი და სამოტივაციო გამოცდილება — მათ საკუთარი თვალით უნდა ნახონ, როგორ იქცევა იდეა რეალურ პროდუქტად და რამდენად მნიშვნელოვანია შემოქმედებითობა, შრომა და გამბედაობა საქმის დასაწყებად.
პროექტს საინტერესო პოტენციალი აქვს როგორც ადგილობრივი ოჯახებისა და სასკოლო ჯგუფებისთვის, ისე ტურისტებისთვის. გვინდა, საქართველოში ჩამოსულ სტუმარს ჰქონდეს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი გამოცდილება: გაეცნოს ქართულ ბრენდს, თავად შექმნას კარამელი და ქვეყნიდან თან წაიღოს პროდუქტი, რომელსაც მისთვის უკვე პირადი ისტორია ექნება.
ამ პროექტის ბიზნეს შესაძლებლობა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს - მუზეუმის ვიზიტებს, მასტერკლასებს, ჯგუფურ პროგრამებსა და პროდუქციის გაყიდვას. ამავე დროს, ის ბრენდის ცნობადობის ზრდასა და ქართული კარამელის საერთაშორისო პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
დღეს პარტნიორობის ორ მნიშვნელოვან მიმართულებას ვავითარებთ: სადისტრიბუციო და კომერციულ თანამშრომლობას - სავაჭრო ქსელებში უფრო ფართოდ წარმოსაჩენად, და სტრატეგიულ საინვესტიციო პარტნიორობას - კარამელის მუზეუმის პროექტის განსახორციელებლად. ჩვენი მიზანია, საქართველოში წარმოებულ კარამელს ჩამოუყალიბდეს გამორჩეული ნიშა, ხოლო აქ შექმნილი ბრენდი და გამოცდილება მომავალში სხვა ბაზრებზეც საქართველოს სახელით განვითარდეს.