ათიათასამდე ვაკანტური ადგილი იძებნება, ბიზნესი კადრებს ეძებს - ,,სპექტრი"
პროფესიული სასწავლებლების მიმართ მოთხოვნა გაზრდილია. თუმცა ბიზნესის მხრიდან კადრებთან დაკავშირებულ პრობლემას სექტორი ჯერჯერობით ვერ უზრუნველყოფს.
როგორც კოლეჯ ,,სპექტრის" დირექტორი მათე ტაკიძე Business Insider Georgia - თან ამბობს, წლიდან წლამდე მატულობს რეგისტრაციის მაჩვენებელი, მაგრამ მოთხოვნა ათაიათასობით კადრზეა, რის რესურსიც ამ ეტაპზე არ არის.
,,მოთხოვნა ძალიან დიდია. ფაქტობრივად არ მოიძებნება კომპანია, რომელიც თანამშრომელს არ ითხოვს. მარტო ელექტრობის მიმართულებით 127 სტუდენტი გვყავს რეგისტრირებული, რაც არასაკმარისია. ასეა საინჟინრო მიმართულებაში.
ვცდილობთ, რომ რესურსი გავზარდოთ, მაგრამ ამის მიუხედავად დიდი დეფიციტია ბაზარზე. გრძელვადიან და მოკლევადიან სეგმენტში 2000-მდე სპეციალისტს ვამზადებთ, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. ათიათასამდე ვაკანტური ადგილი იძებნება სხვადასხვა მიმართულებაზე, ბიზნესი კადრებს ეძებს", - ამბობს მათე ტაკიძე და დასძენს, რომ საკითხის მოგვარება სწორედ ბიზნესთან კოორდინაციით არის შესაძლებელი, რაშიც სექტორს საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს.
,,ბევრი კომპანიაა, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე და ცდილობს პროფესიულ სასწავლებლებს კადრების გადამზადებაში დაეხმაროს. მთავარია ასევე ინფორმირება. ჩვენს შემთხვევაში, ორივე საკითხი მოგვარებულია. მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს გადამზადების პროცესი. შაბათ-კვირასაც ვმუშაობთ, რომ მოკლევადიანი პროგრამა წარმატებით ამუშავდეს, ყველა ასეთი პროექტის უკან დგას ბიზნესი, რომელიც დაინტერესებული მხარეა", - ამბობს მათე ტაკიძე.
მისი ინფორმაციით, პროფესიულ კოლეჯში წელს 27 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3 ათასით აღემატება.
მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 10 წელიწადში, პროფესიული კოლეჯების განვითარებაში სახელმწიფოს მხრიდან 200 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამასთან, წელს პროფესიული განათლების ბიუჯეტი 95 მილიონი ლარი იყო.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.