„აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებით, საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „კოპწია“ ფართოვდება და სასაჩუქრე ბოქსების დამატებას გეგმავს
ბავშვების ტანსაცმლის ბრენდი „კოპწია“ 2022 წელს შეიქმნა და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული დაფინანსების მიღების შემდეგ გაფართოებას გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia-თან „კოპწიას“ დამფუძნებელი მარიამ თავდიშვილი ამბობს, „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებით, მანქანა-დანადგარები შეიძინა და 0-დან 8-10 წლამდე ბავშვებისთვის ტანსაცმელებსა და აქსესუარებს უკვე საკუთარ მცირე საწარმოში შეკერავს.
„კოპწიას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ბრენდის გაყიდვები იზრდება, რადგან მისი კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული მაღალი ხარისხის ნაწარმი და ხელმისაწვდომი ფასია.
„კოპწიამ“ პირველი კორპორაციული შეკვეთები ახალ წელს მიიღო და პროდუქცია რამდენიმე პარტნიორ ატელიეში დაამზადა. თუმცა საკუთარი საწარმოს გახსნის შემდეგ, შეკვეთებს თავად შეასრულებენ.
„კოპწიას“ დამფუძნებელი გეგმავს ბიზნესის გაფართოებას. პროდუქციის შეძენა ონლაინ ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით არის შესაძლებელი.
„დაფინანსების მიღებისა და საკუთარი საწარმოს გახსნის შემდეგ, ვაპირებ დიდების - „დედა-შვილის“ ხაზის დამატებას. ასევე ვგეგმავ სასაჩუქრე ბოქსების გაკეთებას ბავშვებისთვის, რომელშიც შევა პლედი ნაქარგით და სხვა და სხვა აქსესუარები“, - ამბობს მარიამ თავდიშვილი.
ამ დროისთვის საწარმოში სამი ადამიანია დასაქმებული, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლოა, თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდოს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.