"აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მენეჯერთა კურსის ფარგლებში უკვე 500 ექსპორტის მენეჯერი გადამზადდა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დამატებით 15 ექსპორტის მენეჯერი გადამზადდა, რითაც ბოლო რვა წლის განმავლობაში გადამზადებულ მენეჯერთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა.
ექსპორტის მენეჯერთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია ზუგდიდში, "აწარმოე საქართველოში" საკონსულტაციო ცენტრში გაიმართა. კურსის განმავლობაში ექსპორტის მენეჯერები სწორედ საკონსულტაციო ცენტრში გადამზადდნენ, რომელიც რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მეწარმეებს ემსახურება.
კურსი სააგენტომ კავკასიის უნივერსიტეტისა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან თანამშრომლობით, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განახორციელა.
"ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება და ადგილობრივი კომპანიების მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეფექტური ოპერირება, ჩვენი სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ მიზნით, 2015 წლიდან, ყოველწლიურად, სააგენტო ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსს მართავს, რომელიც ქართული ბიზნესების უცხო ბაზრებზე ღირსეულად პოზიციონირებას უწყობს ხელს.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთადერთი სრულფასოვანი კურსი ექსპორტის საკითხებზე, რომელიც კერძო სექტორს კვალიფიციურ ექსპორტის მენეჯერებს უმზადებს.
ვამაყობთ, რომ ჩვენი ძალისხმევითა და პარტნიორების მხარდაჭერით, ქართულ ბიზნესს უკვე 500 გადამზადებული ექსპორტის მენეჯერი ჰყავს, რომლებიც კომპანიებს და ქართულ პროდუქციას საექსპორტო პოტენციალს უზრდიან" - აღნიშნა "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკა მამუკელაშვილმა.
ექსპორტის მენეჯერთა კურსი მიზნად ისახავს ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ექსპორტის მენეჯერების მომზადება/გადამზადებას საწარმოებში საექსპორტო ოპერაციების გაუმჯობესების და ექსპორტის სტიმულირების მიზნით. კურსი 15 მოდულისგან შედგება, რომელიც აერთიანებს ისეთ საგნებს, როგორებიცაა საქონლის წარმოშობა, ინკოტერმსი, ხარისხის ინფრასტრუქტურა და ა.შ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.