„აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, მსჯავრდებულთა დამზადებული ნამუშევრები საერთაშორისო გამოფენაზე გამოიფინება
საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულების, პრობაციონერებისა და ყოფილი პატიმრების ნამუშევრებს საერთაშორისო გამოფენა - „Micam & Mipel Milano 2023“ - უმასპინძლებს. მილანის საერთაშორისო გამოფენა უმსხვილესი მოვლენაა ტყავის მწარმოებელი კომპანიებისათვის. მასში მსოფლიოს 130 ქვეყნის 1500-მდე კომპანია მონაწილეობს და 45 000-მდე საერთაშორისო მყიდველი ესწრება.
ქართველ მსჯავრდებულებს მილანში, ხელნაკეთი ნივთების საერთაშორისო გამოფენაზე გატანის შესაძლებლობა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ - შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ეძლევათ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მაღაზია „რე-მარკეტის“ პროდუქცია - ტყავის საფულეები, ქამრები, ჩანთები და აქსესუარები.
„რე-მარკეტი“ იუსტიციის სამინისტროს რესოციალიზაციის მარკეტია, რომელიც მსჯავრდებულებს ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი მცირე საწარმოებში, რომლებიც 3D პრინტერითა და გრავირების აპარატებით არის აღჭურვილი, პატიმრები აქსესუარებს ამზადებენ, შემდგომ კი პროდუქცია წერეთლის N8-ში მდებარე რესოციალიზაციის მარკეტში იყიდება.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ასეთ საწარმოში, რომელიც რუსთავის #16 პენიტენციურ დაწესებულებაში მდებარეობს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილთან და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორთან თამთა დემურიშვილთან ერთად სტუმრობდა და ადგილზე გაეცნო პატიმართა ხელნაკეთი ნივთების დამზადების პროცესს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.