„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ესპანეთში, საერთაშორისო გამოფენა Alimentaria 2024-ში ქართული კომპანიები პირველად მონაწილეობენ
„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, რვა ქართული კომპანიის პროდუქცია ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე მასშტაბურ გამოფენაზე - Alimentaria 2024-ზეა წარმოდგენილი.
Alimentaria საკვები და სასმელი პროდუქტების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა - მას 3 000-ზე მეტი გამომფენი და ასი ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს.
საქართველო გამოფენაში წელს პირველად მონაწილეობს - ქართულ პავილიონში, რომელიც 81 კვ.მ. საგამოფენო სივრცეს მოიცავს, ექსპორტზე ორიენტირებული 8 ქართული კომპანია საკუთარ პროდუქციას აცნობს დამთვალიერებელს.

Alimentaria 2024-ზე წარმოდგენილია შემდეგი ქართული პროდუქტები: მინერალური და მტკნარი წყლები, ხილის და ბოსტნეულის წვენები, თაფლი, თხილი და თხილის პროდუქტები, კაკალი, გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული, სუნელები, სანელებლები, სამკურნალო მცენარეები.

ოთხდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს, საკვებისა და სასმლის სექტორის ყველაზე მნიშვნელოვან კომპანიებს, საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ საერთაშორისო ვიზიტორებს და დაამყარონ ბიზნეს კავშირები. მასშტაბურ გამოფენაში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართულ კომპანიებს, გააფართოვონ საექსპორტო ბაზრების არეალი და დაამყარონ კავშირები პოტენციურ პარტნიორებთან.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.