„ავლინი“ ახალ მიმართულებებს ავითარებს და მომსახურების სპექტრს აფართოებს
ეზოსა და გარე ავეჯის მწარმოებელი კომპანია „ავლინი“ განვითარების ახალ ეტაპზეა - კომპანია მასშტაბურ შეკვეთებზე მუშაობს, ახალ მომსახურებებს ამატებს და გაფართოებას გეგმავს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia „ავლინის“ თანადამფუძნებელს, თეონა სულაშვილს, ესაუბრა.
„ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ სასაწყობე შენობის მშენებლობაა, მსგავსი მასშტაბის პროექტი ჩვენი კომპანიისთვის სიახლეა. აქამდე ძირითადად ეზოს ავეჯსა და სკვერებისთვის განკუთვნილ კონსტრუქციებს ვაწარმოებდით, ამიტომ ეს პროექტი ჩვენთვის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია.

ამ მიმართულებით მუშაობა კომპანიისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის - გვაძლევს უფრო მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის, მომხმარებელთა ბაზის გაფართოებისა და შემოსავლების ზრდის შესაძლებლობას. უკვე შევქმენით ახალი სამუშაო ადგილებიც და ვაგრძელებთ გუნდის გაძლიერებას. მიმდინარე პროექტი საკმაოდ დიდი მოცულობისაა.
მსგავსი ტიპის პროექტებზე ბაზარზე მოთხოვნა ნამდვილად არსებობს, თუმცა ხარისხიანი შემსრულებლის პოვნა მარტივი არ არის. ჩვენი მთავარი უპირატესობა სწორედ ხარისხზე ორიენტირებული მიდგომაა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კონსტრუქციის სიმყარეს, შედუღების ხარისხს, დეტალების სიზუსტესა და შესრულების სტანდარტებს.

პირველი მსგავსი ტიპის შენობა რამდენიმე ხნის წინ ავაშენეთ, თუმცა მისი მასშტაბი დღევანდელ პროექტთან შედარებით დაახლოებით ათჯერ მცირე იყო. ამ გამოცდილებამ ბევრი რამ გვასწავლა და მოგვცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო დაგვეხვეწა სამუშაო პროცესი. მუდმივად ვვითარდებით და ვცდილობთ, თითოეული პროექტი წინაზე უკეთ შევასრულოთ, ამიტომ ამ მიმართულების განვითარებას აქტიურად ვაგრძელებთ“, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

კომპანიამ მომსახურების სპექტრი გააფართოვა და მოაჯირებისა და სახლის კარებების წარმოებაც დაიწყო.
„გავაფართოვეთ მომსახურების სპექტრიც. დავამატეთ მოაჯირებისა და სახლის კარების წარმოება, რადგან დავინახეთ, რომ მომხმარებლის მოთხოვნა შიდა სივრცისთვის განკუთვნილ მეტალის კონსტრუქციებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, დღეს უკვე ვამზადებთ პრაქტიკულად ყველა ტიპის მეტალის ნაკეთობას - იქნება ეს მოაჯირები, კარები თუ სხვა ინდივიდუალური კონსტრუქციები შიდა და გარე სივრცეებისთვის.

საწარმო კვლავ აგარაში ფუნქციონირებს, თუმცა საქმიანობის არეალი მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ. დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ვმუშაობთ, განსაკუთრებით აქტიურები კი თბილისის ბაზარზე ვართ, სადაც პროექტებს მომხმარებლების ობიექტებზე ვახორციელებთ. სამომავლოდ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გეგმა სწორედ თბილისში წარმომადგენლობისა და საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებაა”, - აცხადებს თეონა სულაშვილი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.