ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - „თეგეტას“ პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
როდესაც ინდუსტრიული სიმკაცრე, ფუნქციურობა და არქიტექტურული ესთეტიკა ერთმანეთს ხვდება, ტრადიციული ავტოსერვისი სრულიად განსხვავებულ გამოცდილებად იქცევა. სწორედ ამ შემოქმედებითმა მიდგომამ მოუტანა საერთაშორისო აღიარება Staged Mechanics-ს. ქართულმა პროექტმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული კონკურსის, Frame Awards-ის, ყურადღება მიიპყრო და საპატიო აღნიშვნა დაიმსახურა. თეონა კოხოძისა და დიზაინ სტუდიო Material Editors-ის ერთობლივ ნამუშევარს საერთაშორისო ჟიურიმ, რომელიც წამყვანი არქიტექტორებითა და დიზაინერებით არის დაკომპლექტებული, მაღალი ქულა მიანიჭა.

Staged Mechanics თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩის №6-ში მდებარე „თეგეტა მოტორსის“ მულტიფუნქციურ სერვისცენტრში განთავსებული 255 მ2 ფართობის ტრანსფორმაციის პროექტია. საუბარია საბურავების უბანზე, რომელიც მხოლოდ ტექნიკური მომსახურების ადგილი აღარ არის, ის კონცეპტუალური სივრცეა.

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „FRAME Awards-ზე მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორებისა და გლობალური ბრენდების გვერდით „თეგეტას“ პროექტის ხილვა ადასტურებს, რომ საერთაშორისო დონის აღიარება ყოველთვის მაღალ ბიუჯეტზე არ არის დამოკიდებული. კრეატიული კონცეფცია, მკაფიო შემოქმედებითი მიმართულება და მისი თანმიმდევრული განვითარება საბოლოო შედეგზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჟიურიმ დაინახა ის ბალანსი, რომლის მიღწევასაც თავიდანვე ვცდილობდით: პრაქტიკული სამუშაო პროცესისა და საცალო პრეზენტაციის გაერთიანება, მოქნილი და გამძლე მოდულური სისტემების შექმნა და ამავდროულად სივრცისთვის ემოციური ხასიათის მინიჭება. ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ძალიან ზუსტად აღწერა და თქვა, რომ დისციპლინირებულ ყვითელ ხაზებსა და თავისუფალი ფორმის LED განათებას შორის სივრცე საკუთარ ხმას პოულობს: „მექანიკური სიმკაცრე, რომელიც ღიმილს გგვრის“ (Mechanical rigor that knows how to smile)“.

პროექტის იდეა მარტივი კითხვიდან გაჩნდა: რატომ უნდა იყოს ავტოსერვისი მხოლოდ ფუნქციური სივრცე? საავტომობილო სფეროსთვის დამახასიათებელი ტექნიკური სიზუსტის პარალელურად, ავტორებმა თანაბარი ყურადღება დიზაინსა და მომხმარებლის ემოციურ გამოცდილებას დაუთმეს. მთავარი გამოწვევა ესთეტიკისა და პრაქტიკულობის გაერთიანება იყო. სივრცეს შოურუმის იერი უნდა ჰქონოდა, თუმცა ყოველდღიური ოპერაციები არ უნდა შეფერხებულიყო. შედეგად, ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა ინტერიერის მთავარ ვიზუალურ ენად იქცა. ერთგვარი ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა და საერთაშორისო აღიარებაც დაიმსახურა.

ანა გრიგოლია, Material Editors-ის თანადამფუძნებელი: „პროექტის მთავარი იდეა იყო, რომ ინდუსტრიული გარემო კი არ დაგვემალა, არამედ დიზაინის მთავარ ელემენტად გვექცია. სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ მასალები და დეტალები, რომლებიც ავტოინდუსტრიის ყოველდღიური ვიზუალური ენიდან მოდის. მეტალის კონსტრუქციები, პერფორირებული ბადეები, ავტომობილის უსაფრთხოების ღვედები, კარაბინები, ღია საინჟინრო კომუნიკაციები და ინდუსტრიული განათება. სივრცისთვის დავაპროექტეთ მერჩენდაიზისა და ავტოინდუსტრიის პროდუქციის საგამოფენო სისტემა, სადაც თითოეული ნივთი ექსპოზიციის ნაწილად იქცა. ასევე შევქმენით ინდივიდუალური ელემენტები, როგორებიცაა საბურავების საგამოფენო სტენდი, ინდუსტრიულ მილებზე აგებული სალარო და მოძრავი LED სტრიქონი, რომელიც სივრცეს დინამიკას სძენს და ვიზუალურ იდენტობას აძლიერებს. არსებული მრგვალი ვიტრაჟები კი უსასრულო სარკის ინსტალაციად გადავაქციეთ, რაც სივრცეს დამატებით სიღრმესა და კონცეპტუალურ ხასიათს აძლევს“.

საავტომობილო მომსახურების სივრცე ვიზუალურად მუზეუმის ან გალერეის შთაბეჭდილებას ქმნის. მინიმალისტურ და ინდუსტრიულ ინტერიერში მეტალისა და მინის ფაქტურები ნეიტრალურ და თბილ განათებასთან არის შერწყმული. სერვისის მოლოდინის დროს მომხმარებელს საშუალება აქვს, დაათვალიეროს სხვადასხვა ბრენდის საავტომობილო პროდუქტი, აქსესუარები და „თეგეტას“ ექსკლუზიური მერჩები, რომლებიც სპეციალურად ამ კონცეფციისთვის ქართველი არტისტების ჩართულობით შეიქმნა.

ცხადია, სრულად შენარჩუნებულია სივრცის პირველადი ფუნქცია. საბურავების უბანი ამერიკული Hunter-ის უახლესი თაობის დანადგარებით არის აღჭურვილი, რაც ტექნიკურ სიზუსტესა და მაღალი სტანდარტის სერვისს უზრუნველყოფს.

ამასთანავე, სივრცე ორგანულად აერთიანებს პროექტს, Podcast by Tegeta, სადაც ავტოკულტურაზე, ისტორიებსა და ადამიანებზე საუბრობენ. წამოწყება შინაარსობრივად ერგება კრეატიული შოურუმის იდეას და მთავარი კონცეფციის გაგრძელებაა.

Staged Mechanics-ის მაგალითი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ფუნქციური, ყოველდღიური სივრცეების ხელახალი გააზრებითა და გაბედული არქიტექტურული ხედვით შთამბეჭდავი გარემოს შექმნაა შესაძლებელი. ეს მიდგომა ტრადიციული ავტოსერვისის ფორმატს მთლიანად ცვლის, მომხმარებელს სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.
სხვა სიახლეები
თბილისის ანძის მოდერნიზაცია 2028 წელს დასრულდება - პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარია | KASS Group
06.10.2026.16:00
მრავალპროფილური საინვესტიციო კომპანია KASS Group, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან საქმიანობს, თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტს ახორციელებს. პროექტის მიმდინარეობის, ახალი ტურისტული სივრცის კონცეფციისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს KASS Group-ის გენერალური დირექტორი ეკატერინე თორდია ესაუბრა.
რა ეტაპზეა დღეს თბილისის ანძის მოდერნიზაციის პროექტი და რა სამუშაოები მიმდინარეობს?
დღეს პროექტი უკვე აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. მიღებულია მშენებლობის ნებართვა, მოწყობილია სამშენებლო მოედანი და დასრულებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძველი ნაგებობების დემონტაჟი. მოეწყო ადმინისტრაციისთვის გადასაცემი დამხმარე ფართი.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ანძის ძირითადი შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები. პარალელურად, მეტალის კონსტრუქციების დამამზადებელ ქარხანა-საამქროში შესაბამისი მეტალის დეტალების დამზადება.
რა იქნება პროექტის საბოლოო კონცეფცია და კონკრეტულად რა ინფრასტრუქტურა განთავსდება ანძაზე?
ჩვენი მიზანია, შეიქმნას სრული ტურისტული გამოცდილება, რომელიც სტუმარს რამდენიმე განსხვავებულ ფუნქციას ერთ სივრცეში შესთავაზებს.
პროექტი მოიცავს:
• ვიზიტორთა ცენტრი;
• პანორამული გადასახედები;
• პანორამული რესტორანი.
კონცეფციის მთავარი იდეაა, რომ ვიზიტორმა მიიღოს ერთიანი გამოცდილება - თბილისის ხედები, თანამედროვე არქიტექტურა, გასტრონომია და თავად ანძის ისტორიისა და მნიშვნელობის გაცნობა.
რა საინვესტიციო მოცულობას მოითხოვს პროექტი და როგორია მისი განხორციელების ვადები?
პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონი ლარია, რომელიც დასუზტდება მოგვიანებით.
პროექტის დასრულება 2028 წელს არის დაგეგმილი. მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ პროექტი აქტიურ ფაზაში გადავიდა და ჩვენი მიზანია, სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად განხორციელდეს.
რა ტიპის ვიზიტორებზეა გათვლილი ახალი ტურისტული სივრცე და რა დატვირთვას ელოდებით?
პროექტი გათვლილია როგორც საერთაშორისო ტურისტებზე, ისე ადგილობრივ ვიზიტორებზე. წარმოადგენს დედაქალაქის სახეს და მთავარ მიზიდულობის ცენტრს.
ჩვენი მიზანია, საქართველოში ჩამოსული ყველა ვიზიტორი ესტუმროს ანძას, როგორც დედაქალაქის სიმბოლოს და მიიღოს უნიკალური გამოცდილება.
რა გავლენას მოახდენს პროექტი თბილისის ტურისტულ მიმზიდველობაზე და რა გეგმები აქვს KASS Group-ს ანძის პროექტის დასრულების შემდეგ?
ჩვენი ხედვით, თბილისის ანძას გახდება თბილისის სიმბოლო და ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მიზიდულობის ცენტრი.
ჩვენი ხედვით, თბილისის ანძა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდება. ანძიდან გადაშლილი ხედები სტუმრებს თბილისის უნიკალური ლანდშაფტის სრულიად განსხვავებული კუთხით დანახვის შესაძლებლობას მისცემს. გვჯერა, რომ ეს გამოცდილება კიდევ უფრო გაზრდის თბილისის ტურისტულ მიმზიდველობას.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Kass Group გააგრძელებს საქართველოში ტურიზმის, სტუმარმასპინძლობისა და ინოვაციური ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით ახალი შესაძლებლობების განვითარებას.