BAG ინდექსი: ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 2019 წლის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 48.4 ქულა შეადგინა.
სექტორებს შორის, ბიზნეს კლიმატის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში დაფიქსირდა, სადაც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობაც ყველაზე პოზიტიურად შეფასდა.
გამოკითხულ კომპანიებს დადებითი მოლოდინი აქვთ, ასევე, დასაქმების მიმართულებით. დასაქმების ბარომეტრმა 32.9 ქულა შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. ასევე, აღსანიშნავია კომპანიების გეგმები დასაქმებულთა ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კერძოდ, გამოკითხულთა 30% მეოთხე კვარტალში ხელფასების ზრდას პროგნოზირებს.
2026 წლის III კვარტალში ბიზნესის მთავარი გამოწვევა კვლავაც სპეციალისტების ნაკლებობა და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერებია. საგულისხმოა, რომ წინა კვარტალთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით გამწვავდა სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემაც.
აღსანიშნავია, რომ სექტორების მიხედვით, ზემოხსენებული სამივე ფაქტორი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორისთვის წარმოადგენს პრობლემას.
ამასთან, მესამე კვარტალში ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებზე გამოკითხული კომპანიების 50%-მა ისაუბრა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
კვლევის ფარგლებში, I კვატლის მსგავსად, საანაგრიშო კვარტალშიც შეფასდა კომპანიების საინვესტიოციო გეგმები 2026 წლისთვის. გამოკითხულთა 68% 2026 წელს ჯამური საინვესტიოციო მოცულობის გაზრდას გეგმავს, რომელიც უმეტესად აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზების შესაძენად იქნება მიმართული.
ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.
კვლევის სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
სხვა სიახლეები
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
12.10.2026.12:23
PSP-მ, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერმა კომპანიამ, ექსკლუზიური პარტნიორის - იტალიური სამედიცინო ტექნიკის მწარმოებელი PIC Solution-ისგან ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო. ჯილდო PSP-ს საუკეთესო პარტნიორობისთვის გადაეცა, ამასთან აღიარება - ბრენდის ელჩად.
15-17 სექტემბერს იტალიის ქალაქ სალსომაჯორეში PIC Solution-ის დისტრიბუტორთა 26-ე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 45 ქვეყნის 150 წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიებაზე PSP-ს საუკეთესო პარტნიორობისთვის PIC Solution-ის სპეციალური ჯილდო - Best Sales Management გადაეცა.
შეხვედრის ორგანიზატორების მიწვევით, PSP-მ ღონისძიებაზე პრეზენტაციაც წარადგინა და სხვადასხვა ქვეყნის დისტრიბუტორებს საკუთარი გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა გაუზიარა. საერთაშორისო აღიარებას წინ უძღოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება - 25 მაისს PSP PIC Solution-ის ელჩად დასახელდა, რაც კომპანიებს შორის ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.
PIC Solution იტალიური წარმოშობის, ჯანმრთელობის სფეროში 50-წლიანი გამოცდილების მქონე ბრენდია, რომელიც ინოვაციურ და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ სამედიცინო პროდუქტებს ქმნის. ბრენდის პროდუქციის ასორტიმენტში შედის არტერიული წნევის საზომი აპარატები, მათ შორის RAPID სერია, ციფრული და ინფრაწითელი თერმომეტრები, პულსოქსიმეტრები, დიაბეტის მართვის მოწყობილობები, აეროზოლები, ნებულაიზერები და სხვა სამედიცინო პროდუქტები.
„PIC-სა და PSP-ს მრავალწლიანი, წარმატებული ექსკლუზიური პარტნიორობა აკავშირებს. ეს თანამშრომლობა ქართველ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად მიიღონ წვდომა ბრენდის ინოვაციურ პროდუქტებსა და სიახლეებზე.
PIC-ის საერთაშორისო შეკრებებზე PSP -ს აღიარება და ჯილდოები მოტივაციას გვმატებს, რომ გავაგრძელოთ წარმატებული და ეფექტიანი თანამშრომლობა, რათა დისტრიბუტორებს შორის ქართული კომპანიის სახელი მაქსიმალურად ხშირად დაუკავშირდეს საერთაშორისო აღიარებას მსოფლიო მასშტაბით“, - აცხადებენ PSP-ში.