BAG ინდექსი მესამე კვარტალში ისტორიულ მაქსიმუმს აჩვენებს - ლევან ვეფხვაძე
BAG ინდექსი მესამე კვარტალში ისტორიულ მაქსიმუმს აჩვენებს, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
„BAG ინდექსი მესამე კვარტალში ისტორიულ მაქსიმუმს აჩვენებს. ინდექსი ორი კომპონენტისგან შედგება. ერთი კომპონენტი არის არსებული მდგომარეობა, მეორე კი მომავალი და რამდენად ოპტიმისტურად არიან განწყობილი კომპანიები, მათი დირექტორები და დამფუძნებლები უახლოესი ექვსი თვისა თუ ერთი წლის განმავლობაში ბიზნესოპერაციების მიმართ.
ამ კუთხით ოპტიმიზმი ძალიან მაღალია, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ გაყიდვების კუთხით კომპანიებს არ უჭირთ - სერვისებისა და პროდუქტების მიწოდება ბაზარზე, მათი გაყიდვის ნაწილში პრობლემები ნაკლებია. თავის დროზე, 2020-2021 წლებში, ეს იყო ნომერი პირველი პრობლემა გაცვლით კურსთან ერთად. დღეს გაცვლითი კურსი და მოთხოვნის სიმცირე პრობლემა აღარ არის. ეს არის პრობლემების ფსკერზე.
ნომერი პირველი პრობლემა არის კვალიფიციური კადრები და ამაზე ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია წინა ფორუმზეც, იმის წინა ფორუმზეც. ამ კუთხით ბევრი რამ კეთდება და თვითონ კომპანიებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები კადრების გადამზადებაში, მაგრამ ეს მაინც მოკლევადიანი, საშუალოვადიანი პროგრამებია.
ჩვენ 2019 წელს, როცა კომპანიებს ვეკითხებოდით, ექვსი წლის წინ, რამდენად ჰქონდათ თვითონ ტრენინგცენტრი ან რომელიმე პროფესიულ სასწავლებელთან თანამშრომლობდნენ, მათი პროცენტი იყო ძალიან დაბალი. 6-7% იყო სულ კომპანიების, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში. 2025 წლის დეკემბერში რომ ვკითხეთ, უკვე 50%-ზე მეტი კომპანიებისა თვითონ აფინანსებს ამ პროცესს. ეს მათი ბიზნესი არ არის, მაგრამ ეს არის ის აუცილებლობა, რომელიც დრომ მოიტანა და რომელშიც კომპანიები შევიდნენ. მათ შორის ბევრი კომპანიაა, რომელიც პროფესიულ სასწავლებელში შევიდა, აიღო და მართვაში აქვს და პროცესებს წარმართავს. ანუ ამ ნაწილში აქტივობა ძალიან მაღალია, მე მინდა გითხრათ.
რაც შეეხება უმაღლესი განათლების კუთხით, ჩვენ ვნახეთ, რომ რეფორმაც დაიწყო და ყველაზე მთავარი, რაც გამოცხადდა და რაც კომპანიებს სჭირდებათ, არის ის, რომ იქნება მაქსიმალურად ადეკვატური მიწოდება იმ მოთხოვნისა, რომელიც ბაზარზე შეიძლება სამუშაო ძალის ნაწილში არსებობდეს. აქედან გამომდინარე, თუკი ჩვენ ამ მოთხოვნა-მიწოდების ნაწილს ძალიან სწორად დავგეგმავთ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს პრობლემაც უნდა აღმოიფხვრას.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ ბარიერებს და ასე შემდეგ, იცით, რა არის? აქაც არის საკითხები, რომელსაც დაჯდომა და გააზრება სჭირდება. იქ, სადაც ე.წ. ვიწრო ადგილებია, სადაც ბევრი განაცხადი შედის და ადმინისტრაციული ორგანო ვეღარ ახერხებს დროულად მათ დამუშავებას და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს, ალბათ, ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია ძალიან კარგად დავინახოთ პრობლემა და მერე ერთად გადავწყვიტოთ“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
სხვა სიახლეები
10 000-ზე მეტი მომხმარებელი ერთ თვეში - როგორ ცვლის JAVIC ავტომობილის მოვლის წესს
16.11.2026.10:00
JAVIC ქართული ავტოტექ პლატფორმაა, რომელიც ავტომობილის მართვასა და მოვლასთან დაკავშირებულ სერვისებს ერთ ციფრულ სივრცეში აერთიანებს. კომპანიას ბოლო ერთი თვის განმავლობაში 10 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა. პლატფორმის განვითარების, ახალი ფუნქციებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს JAVIC-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი ვატო ფაჩულია ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს JAVIC-ს ამ ეტაპზე და რა მიმართულებით ვითარდება კომპანია?
JAVIC-ის შექმნისას ერთი მარტივი კითხვა გვქონდა: რატომ უნდა ეძებოს მძღოლმა თავისი მანქანის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ადგილას? ჯარიმას ერთგან ამოწმებ, ტექდათვალიერების თარიღს სხვაგან ეძებ, ზეთი ბოლოს როდის შეცვალე კი შეიძლება საერთოდ აღარ გახსოვდეს. თავიდანვე გვინდოდა, ეს ყველაფერი ერთ აპლიკაციაში მოგვეყარა და მანქანის მოვლა უფრო მარტივი გაგვეხადა.
დღეს JAVIC-ში შეგიძლია დაამატო შენი ავტომობილი, აკონტროლო ჯარიმები და ტექდათვალიერების ვადები, შეინახო სერვისის ისტორია და კითხვები AI ასისტენტს დაუსვა. თუ მანქანის შეძენას აპირებ, VIN კოდით მის ისტორიასაც შეამოწმებ. ჩვენი ამბიციაა, JAVIC საქართველოში ავტომობილის ციფრული მოვლის წამყვანი პლატფორმა გახდეს - როგორც ერთი მანქანის მფლობელისთვის, ისე კომპანიებისთვის, რომლებიც მთელ ავტოპარკს მართავენ.

როგორ განვითარდა სერვისების ერთ სივრცეში გაერთიანების იდეა და რა დაემატა პლატფორმას?
დღეს შეგიძლია ნახო, გაქვს თუ არა გადაუხდელი ჯარიმა და როდემდე შეგიძლია მისი შეღავათით გადახდა. ტექდათვალიერების ვადის მოახლოებისას აპლიკაცია შეგახსენებს, რომ თარიღი არ გამოგრჩეს. შეგიძლია ჩაინიშნო ისიც, როდის შეცვალე ძრავის ან გადაცემათა კოლოფის ზეთი.
სერვისების აღრიცხვას მანქანის გაყიდვის დროსაც აქვს ფასი: მფლობელს შეუძლია JAVIC-ში შექმნილი სერვისის ისტორიის დოკუმენტი მყიდველს გაუზიაროს და აჩვენოს, რა სამუშაოები ჩაუტარდა მანქანას და როდის. ასე მყიდველისთვის უფრო გამჭვირვალე ხდება, როგორ უვლიდნენ ავტომობილს საქართველოში ყოფნის პერიოდში. ეს იმავე პრინციპს ემყარება, რასაც საერთაშორისო პრაქტიკაში დოკუმენტირებული სერვისის ისტორია.
აპში შეგიძლია გადაამოწმო საწვავის ფასები, რუკაზე კი მოძებნო ელექტროდამტენები და ახლომდებარე ავტოსერვისები. გვაქვს AI ასისტენტიც. მაგალითად, თუ დაფაზე უცნობი ინდიკატორი აინთო, შეგიძლია პირდაპირ JAVIC-ს ჰკითხო, რას შეიძლება ნიშნავდეს და რა გადაამოწმო პირველ რიგში.
როგორ გაიზარდა მომხმარებლებისა და პარტნიორების რაოდენობა და რაზეა ყველაზე მაღალი მოთხოვნა?
ბოლო ერთ თვეში JAVIC-ს 10 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ჩვენთვის ეს კარგი სიგნალია: პრობლემა, რომლის გამოც JAVIC შევქმენით, ბევრ მძღოლს აქვს.
ავტომობილის ისტორიის შემოწმებაში უკვე 10-ზე მეტ იურიდიულ პირს ვემსახურებით. JAVIC-ის სერვისებს აქტიურად იყენებენ ტაქსის კომპანიები, ავტოპარკების მმართველები და სხვა ბიზნესები, რომლებსაც სამი ან მეტი ავტომობილი ჰყავთ. როცა რამდენიმე მანქანაზე ხარ პასუხისმგებელი, თითოეულის ჯარიმების, ტექდათვალიერებისა და სერვისის ვადების ცალ-ცალკე კონტროლს დრო მიაქვს. ერთ სივრცეში მათი ნახვა ამ საქმეს ამარტივებს.
გამოყენების ორი ძირითადი სცენარი იკვეთება: ყიდვამდე მომხმარებელს მანქანის ისტორიის შემოწმება სჭირდება, ყიდვის შემდეგ კი ჯარიმების, ტექდათვალიერებისა და სერვისების კონტროლი. კონკრეტულად რომელ ფუნქციას იყენებენ ყველაზე ხშირად, ზუსტ მონაცემებს მოგვიანებით გავაზიარებთ.
რა გეგმები აქვს კომპანიას განვითარების შემდეგ ეტაპზე?
შემდეგ ეტაპზე გვინდა, მომხმარებელს საჭირო მომსახურების პოვნაც გავუმარტივოთ. მაგალითად, თუ JAVIC ზეთის შეცვლას გახსენებს, იქვე უნდა შეგეძლოს ნახო, სად შეგიძლია მისი შეცვლა. ამ მიმართულებით ახალ ფუნქციებსა და პარტნიორობებზე ვმუშაობთ. დეტალებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.
თუ JAVIC ჯერ არ გამოგიცდიათ, ჩამოტვირთეთ App Store-დან ან Google Play-დან, დაამატეთ თქვენი მანქანა და ნახეთ, როდის გიწევთ ტექდათვალიერება ან ხომ არ გაქვთ გადაუხდელი ჯარიმა.
საბოლოოდ, გვინდა, JAVIC თითოეული მძღოლის ჭკვიანი ავტომეგობარი გახდეს. სახელიც ამას გამოხატავს - Just A Very Intelligent Car. გვინდა, აპს ახსოვდეს ის, რაც შეიძლება შენ გამოგრჩეს, და როცა მანქანაზე კითხვა გაგიჩნდება, დაგეხმაროს იმის გარკვევაში, რა გააკეთო შემდეგ.