BAG ინდექსის კვლევის შედეგები - ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ტენდენციები საქართველოში
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2026 წლის მეორე კვარტალში, ჩაატარა სპეციალური კვლევა წევრ კომპანიებში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციისა და ბიზნესპროცესებზე მისი გავლენის შესასწავლად, სადაც გამოიკვეთა, რომ ქართული ბიზნესის უდიდესი ნაწილი აქტიურად ინტერესდება ახალი ტექნოლოგიებით - კომპანიების 47% ხელოვნური ინტელექტის დანერგვის კვლევის ან დაგეგმვის ეტაპზეა, ხოლო 13%-ს ის უკვე სრულად აქვს ინტეგრირებული ერთ ან რამდენიმე ბიზნესპროცესში.

გამოკითხული კომპანიები ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე ხშირად მარკეტინგის და კონტენტის შექმნის მიზნით იყენებენ. შემდეგ თანაბარი წილით მოდის ფინანსებისა და რისკების მართვა და მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისი.

სექტორების მიხედვით, მარკეტინგისა და კონტენტის შექმნისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ყველაზე მეტად ვაჭრობის (26%) და მომსახურების (23%) სექტორებშია გავრცელებული. ფინანსებისა და რისკების მართვის მიმართულებით ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე ხშირად მშენებლობის სექტორი იყენებს (25%), ხოლო მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის - მომსახურების სექტორი (26%).
რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებებს, გამოკითხული კომპანიების 50% იყენებს მზა, გლობალურ პლატფორმებს, 26% - შიდა რესურსებით დატრენინგებულ საკუთარ AI მოდელებს, ხოლო 24% - სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას.

გამოკითხულმა კომპანიებმა ასევე, შეაფასეს ხელოვნური ინტელექტის (AI) გავლენა მათ საქმიანობაზე. რესპონდენტთა უმრავლესობისთვის მთავარ პოზიტიურ შედეგს დროის დაზოგვა და პროცესების დაჩქარებაა წარმოადგენს (79%). გამოკითხულთა 11%-ის აზრით, AI-ს დანერგვამ ადამიანური შეცდომები შეამცირა, ხოლო 5%-ის შეფასებით – მომსახურებისა და/ან პროდუქტის ხარისხი გააუმჯობესა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის უმთავრეს შემაფერხებელ ფაქტორად სპეციალისტების დეფიციტი (30%) სახელდება. მას მოჰყვება ქართული ენის მხარდაჭერის ნაკლებობა ტექნოლოგიებში და მონაცემების სიმცირე ან გაუმართავი სტრუქტურა.

მიუხედავად ბარიერებისა, სამომავლო პერსპექტივა პოზიტიურია, კომპანიების 65% მომდევნო 1-2 წელიწადში საინვესტიციო ბიუჯეტის გაზრდასგეგმავს, 16% შეინარჩუნებს მას არსებულ ნიშნულზე, ხოლო მხოლოდ 18% არ გეგმავს ბიუჯეტის გამოყოფას.
კვლევის სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
სხვა სიახლეები
პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება - „ხახაბო“
12.10.2026.14:00
ნატურალური ზეთების მწარმოებელი კომპანია „ხახაბო“ ამ ეტაპზე ასორტიმენტსა და საქმიანობის მიმართულებებს უცვლელად ინარჩუნებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ზაქარია სვიმონიშვილმა, Business Insider Georgia-სთან საუბრისას განაცხადა, ახალი პროდუქტების მიმართულებით ცვლილებები ჯერჯერობით არ განხორციელებულა, ხოლო მთავარი მოლოდინი კვლავ საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებულ პასუხებს უკავშირდება.
„ველოდებით საექსპორტო მიმართულებით პასუხებს. პარალელურად, პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურ დონეზე ნარჩუნდება.
ჩვენთვის ახალი ეტაპი 2027 წლიდან იგეგმება. მომავალი წლიდან ახალ გეგმებსა და სიახლეებზე გადავალთ.
ამჟამად 7 სახეობის ზეთს ვაწარმოებთ - სელის, გოგრის, ჩიას, სეზამის, ნუშის, ნიგვზისა და შავი კვლიავის ზეთს", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, „ხახაბოს“ ზეთები სამკურნალო და კოსმეტიკური ხაზით იწარმოება და გამოიყენება კულინარიაშიც. პროდუქცია 100%-ით ნატურალურია და მთლიანად ცივი დაწურვის მეთოდით, კონსერვანტების გარეშე მზადდება.