„ბაზარი ვერა“ ახალ ფილიალს ხსნის - რა გეგმები აქვს კომპანიას
„ბაზარი ვერა“ მომხმარებლებს ჯანსაღ, ხარისხიან და ქართულ პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის საქმიანობის, განვითარების მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს „ბაზარი ვერას“ დამფუძნებლები ნინო ცირეკიძე და თინათინ ნადარეიშვილი ესაუბრნენ.

მოგვიყევით კომპანიის შესახებ - როგორ გაჩნდა იდეა და რას სთავაზობთ მომხმარებელს?
ჩვენ სხვადასხვა სფეროში ვსაქმიანობთ და ყოველთვის გვქონდა სურვილი, საკუთარი საქმე შეგვექმნა. აგრო მიმართულება თავიდან ჩვენთვის სრულიად ახალი იყო, თუმცა მამას ყვარელში დიდი მეურნეობა აქვს და სწორედ მისი გამოცდილება დაგვეხმარა, ეს მიმართულება აგვერჩია.
თავიდან გვეგონა, რომ აგრო მარკეტის შექმნა მხოლოდ სხვადასხვა პროდუქტის შერჩევას გულისხმობდა, თუმცა პროცესში მივხვდით, რამდენად ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო - პროდუქტის სწორად შერჩევა, ხარისხის მუდმივი კონტროლი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებლის ნდობის მოპოვება.
დღეს ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს ჯანსაღი, ხარისხიანი და ნამდვილი ქართული პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად შევთავაზოთ. ჩვენი პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ ჩვენი ყვარლის მეურნეობიდან მოგვაქვს, რაც საშუალებას გვაძლევს, სრულად ვაკონტროლოთ პროდუქტის წარმომავლობა და ხარისხი.

რით გამოირჩევა „ბაზარი ვერა" სხვა მაღაზიებისგან და რა პრინციპებით არჩევთ პროდუქციას?
ჩვენი მთავარი პრინციპებია ხარისხი, სისუფთავე და მომხმარებლისადმი გულწრფელი დამოკიდებულება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს მხოლოდ ის პროდუქტი შევთავაზოთ, რომლის ხარისხშიც თავად ვართ დარწმუნებული.
პროდუქცია ყოველდღიურად ახლდება და თითოეულ პროდუქტს, პირველ რიგში, თავად ვეცნობით. შეუძლებელია, მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქტი, რომელიც თავად არ მოგვწონს ან ჩვენს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. მაგალითად, საზამთროსაც კი აუცილებლად ვჭრით, ვაგემოვნებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვთავაზობთ მომხმარებელს.
„ბაზარში“ ძალიან დიდ დროს ვატარებთ და, ფაქტობრივად, აქვე ვიკვებებით კიდეც, ამიტომ თითოეული პროდუქტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება პირად გამოცდილებას ეფუძნება. მომხმარებლებს არჩევანის გაკეთებაშიც ყოველთვის ვეხმარებით - ვურჩევთ, რომელი პროდუქტი სჯობს, რომელი უფრო გემრიელია და კონკრეტულ სეზონზე რომელი იქნება საუკეთესო არჩევანი.
გვინდა, ადამიანებმა იგრძნონ, რომ მათ უბრალოდ მყიდველებად კი არ აღვიქვამთ, არამედ ჩვენს მომხმარებლებად და ადამიანებად, რომლებთანაც ურთიერთობა გვაკავშირებს. სწორედ ეს დამოკიდებულება და ყოველდღიური ყურადღება ქმნის იმ ნდობას, რომელიც ჩვენს მომხმარებლებთან ჩამოგვიყალიბდა.
ძალიან გვახარებს, რომ მომხმარებლები ჩვენს დამოკიდებულებას ამჩნევენ და აფასებენ. მათი ნდობა სწორედ იმ შრომით მოვიპოვეთ, რომელსაც ყოველდღიურად ვდებთ ჩვენს საქმეში.

როგორია დღეს პროდუქციის ასორტიმენტი და რომელ კატეგორიებზეა მომხმარებლის მხრიდან ყველაზე მაღალი მოთხოვნა?
დღეს „ბაზარი ვერა“ მომხმარებელს მრავალფეროვან აგრო პროდუქტს სთავაზობს - სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს, რძის ნაწარმს, ქართულ პროდუქტებსა და სხვა ყოველდღიურად საჭირო პროდუქციას.
განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს ჩვენი პომიდორი, რომელიც მომხმარებლებისგან ძალიან ბევრ დადებით შეფასებას იღებს. ასევე, დიდი მოთხოვნაა რძის ნაწარმზე, განსაკუთრებით სულგუნსა და იმერულ ყველზე, რომელიც მიღებიდან რამდენიმე საათში ხშირად სრულად იყიდება. დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენი კახური საზამთროც.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და მომხმარებლისთვის ხარისხიანი, ადგილობრივი პროდუქტის შეთავაზება.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ - იგეგმება თუ არა ასორტიმენტის გაფართოება, ან სხვა ლოკაციების გახსნა?
მომხმარებლების სურვილმა და მხარდაჭერამ მოგვცა მოტივაცია, ჩვენი „ბაზარი“ სხვა უბნებშიც გავხადოთ ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, რამდენიმე კვირაში „ბაზარი ვერა“ ვაკის ფილიალშიც უმასპინძლებს მომხმარებლებს.
ვაკის ფილიალშიც შევინარჩუნებთ იმავე პრინციპებსა და სტანდარტებს, რის გამოც მომხმარებლები გვაფასებენ. ასევე, ვგეგმავთ ასორტიმენტის გაფართოებას — სექტემბრიდან დავამატებთ კახურ ხორცპროდუქტებს, რომლებიც ასევე ჩვენი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად იქნება შერჩეული.
ჩვენი მთავარი მიზანია, „ბაზარი“ გახდეს ადგილი, სადაც ადამიანები შეძლებენ, მიიღონ ნამდვილად ხარისხიანი ქართული პროდუქცია სამართლიან ფასად და ჰქონდეთ განცდა, რომ მათთვის გულდასმით შერჩეულ და ხარისხიან პროდუქტს ყიდულობენ.

ინფორმაციისთვის, „ბაზარი ვერა“ მდებარეობს იაკობ გოგებაშვილის 29 ნომერში.
სხვა სიახლეები
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
06.10.2026.12:19
9 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის გალერეა ირინა ჯიბუტის პირველ პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“ უმასპინძლებს.
თიბისი კონცეპტის გალერეა ქმნის სივრცეს ხელოვნების, განათლების და კვლევის დიალოგისთვის. ახალ ნამუშევრებს, განსხვავებულ ხედვებსა და შემოქმედებით პროცესებს საზოგადოებას აცნობს.
ირინა ჯიბუტის ნამუშევრების საწყისი წერტილი მიწაა - არა როგორც ნეიტრალური ნედლეული, არამედ როგორც კონკრეტული ადგილის მატერია, რომელსაც საკუთარი შემადგენლობა, ფერი, თვისებები და ისტორია აქვს. გამოფენა იკვლევს ციკლს, რომელშიც მიწა მასალად, მასალა ფორმად, ფორმა კი ცეცხლით გარდაქმნილ სხეულად იქცევა და კვლავ ბუნებრივი მთლიანობის ნაწილად რჩება.
ნამუშევრების საფუძველია საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული ბუნებრივი თიხების კვლევა. ამ პროცესში მიწა ერთდროულად ხდება კვლევის საგანი და მხატვრული მასალა, რომლის მოპოვება, დამუშავება, ფორმირება და გამოწვა ურთიერთობას ავლენს ადგილს, მასალასა და ადამიანის მოქმედებას შორის.
თიბისი კონცეპტის გალერეის ორი სართული ამ პროცესის განსხვავებულ მდგომარეობებს აერთიანებს. პირველ სართულზე წარმოდგენილია მასშტაბური კერამიკული ნამუშევრები: ვერტიკალური ფორმები, კედლის კომპოზიცია და „მდინარე“. თითოეული მათგანი მიწის გარდაქმნის განსხვავებულ ეტაპს წარმოაჩენს. ვერტიკალური ფორმები ჭურჭლის უძველეს არქეტიპს ეყრდნობა და ადამიანის შრომის, დროისა და უწყვეტობის ნიშნად იქცევა. კედლის კომპოზიციაში სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები ერთიან გეომეტრიულ ფორმაშია მოქცეული, თუმცა თითოეული საკუთარ ბუნებას ინარჩუნებს. „მდინარე“ კი წყალს გარდაქმნის ძალად წარმოგვიდგენს, ელემენტად, რომელიც მიწას არბილებს, გადააქვს და ცვლის.
მეორე სართული კვლევის ლაბორატორიას ეთმობა. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები, მინერალები და ქვები, მათი წარმოშობის რუკები, ტესტ-ფილები, გამომწვარი ნიმუშები, მოჭიქურების ცდები და პროცესის ჩანაწერები.
ირინა ჯიბუტი კერამიკოსი, მკვლევარი და პედაგოგია. მისი პრაქტიკა თიხის ფიზიკური, ვიზუალური და კულტურული თვისებების კვლევას ეფუძნება. 2026 წელს მან დააარსა კვლევითი პლატფორმა Commonland, რომელიც საქართველოს თიხის რესურსების შესწავლასა და კერამიკული მასალების განვითარების ახალი გზების ძიებას ემსახურება.
თიბისი მრავალწლიანი გამოცდილებით აქტიურად უჭერს მხარს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას, ქმნის შესაძლებლობებს ახალი იდეებისა და შემოქმედებითი პროცესებისთვის.
გამოფენის კურატორია მარიამ წიქარიძე.
გახსნა: 9 ოქტომბერი, 18:00-20:00
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7
სამუშაო საათები: ორშაბათი–შაბათი, 10:00-20:00
დასწრება თავისუფალია!