ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტისთვის გამჭვირვალობა არის და უნდა იყოს ის ქვაკუთხედი, რომელზეც დაფუძნებულია თითოეული ორგანიზაციის განვითარება - ბაზისბანკის გენერალური დირექტორი
BARTA 2025-ის გამარჯვებულები ცნობილია. დღეს „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიაზე 2025 წლის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
მსხვილი საფინანსო კომპანიების კატეგორიაში გამარჯვება სამმა ფინანსურმა ინსტიტუტმა მოიპოვა.
· საპატიო ჯილდო: ბაზისბანკი
· გამარჯვებული: სს საქართველოს ბანკი
· საუკეთესო მდგრადობის ანგარიში: სს მიკრობანკი „კრისტალი“
როგორც ბაზისბანკის გენერალური დირექტორი დავით ცაავა განმარტავს, ეს ბანკისთვის BARTA-ს ფარგლებში უკვე მეორე გამარჯვებაა.
„ბაზისბანკმა დღეს გაიმარჯვა მსხვილ საფინანსო კომპანიებს შორის წლის საუკეთესო ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ჯილდოში. გასულ წელს ვიყავით საუკეთესო დებიუტანტი ორგანიზაცია, აღნიშნული ჯილდო კი წელს მეორედ მივიღეთ. გასულ წელს ეს იყო პირველი შემთხვევა და ეს არის ძალიან დიდი პატივი, ვინაიდან ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტისთვის გამჭვირვალობა არის და უნდა იყოს ის ქვაკუთხედი, რომელზეც დაფუძნებულია თითოეული ორგანიზაციის განვითარება. შესაბამისად, ეს არის დიდი პატივი და ძალიან საამაყოა, რომ სწორედ ბაზისბანკი გახდა გამარჯვებული აღნიშნულ ნომინაციაში“, - განმარტავს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი დავით ცაავა.
BARTA-ს ჯილდო მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რასაც შედეგად უფრო გამჭვირვალე და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა მოჰყვება.
წლევანდელი ღონისძიების ორგანიზატორია BARTA-ს კომიტეტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG), სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (ISSSG), ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) და ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის დაინტერესებულ მხარეთა ფონდის (RSF) წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ღონისძიების მხარდამჭერები არიან მსოფლიო ბანკი და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.
სხვა სიახლეები
4-წლიანი პარტნიორობის შეჯამება და ახალი სტრატეგია: „აგროსიმა“ და „კლოუნ ქიმია“ თანამშრომლობას აფართოებენ
29.10.2026.16:00
კომპანია „აგროსიმა“ 2017 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ახორციელებს პესტიციდების, აგროქიმიკატების და სათესლე მასალის იმპორტს ესპანეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და ჩინეთიდან.
გასულ თვეს აგროსიმას „კლოუნ ქიმიას“ წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის 4-წლიანი პერიოდი შეაჯამეს, მიღწეული შედეგები გააანალიზეს და ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი დაგეგმეს. აღნიშნული პარტნიორობის გაღრმავება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „აგროსიმას“ მკაფიო სტრატეგიას - ქართველ ფერმერებსა და აგრომეურნეობებს შესთავაზოს მაღალეფექტური და მრავალფეროვანი პესტიციდები.
„ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებისა და თანამედროვე აგროგამოწვევების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გავაღრმაოთ სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორთან. ვიზიტის ფარგლებში დეტალურად შევაფასეთ გასული წლების შედეგები და დავსახეთ განახლებული სტრატეგიები, რაც უახლესი თაობის პესტიციდების პორტფელის გაფართოებასა და ქართველი ფერმერებისთვის მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას გულისხმობს. აღნიშნული სიახლეების დამატების შემდეგ, „აგროსიმას“ პორტფელში 70-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების პესტიციდი და აგროქიმიკატი გაერთიანდება. 9-წლიანი ოპერირების მანძილზე შევძელით და საქართველოს ბაზარზე არაერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანია შემოვიყვანეთ, „კლოუნ ქიმია“ კი ამ გზაზე ჩვენი ერთ-ერთი საიმედო პარტნიორია,“ - აცხადებს „აგროსიმას“ დამფუძნებელი ირაკლი ქოროღლიშვილი Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.
„კლოუნ ქიმია“ არის განვითარებაზე ორიენტირებული მცენარეთა დაცვის საშუალებების მწარმოებელი, რომელიც სპეციალიზებულია პესტიციდების კვლევაში, განვითარებასა და წარმოებაში. დაარსების დღიდან კომპანია ფოკუსირებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე კლიმატურ გამოწვევებს, რითაც ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
კომპანია „აგროსიმამ“ საწყის ეტაპზე საქმიანობა 10 პრეპარატის რეალიზაციით დაიწყო და ეს მაჩვენებელი უკვე 70-მდეა. განახლებული და მრავალფეროვანი პორტფელი სრულად ფარავს აგროსექტორის საჭიროებებს და მოიცავს: ინსექტიციდებს, აკარიციდებს, ფუნგიციდებს, ჰერბიციდებს, სასუქებს და სათესლე მასალას. კომპანიის მიზანია ფერმერების მხარდაჭერა და მათი ხარისხიანი მოსავლის უზრუნველყოფა.