ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
ბაზისბანკსა და ლიბერთის შორის სისტემური და ტექნოლოგიური ინტეგრაციის ფარგლებში, ბაზისბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელებს თანხის განაღდება ლიბერთის ბანკომატებიდან იმავე პირობებით და ტარიფებით შეუძლიათ, რაც მათთვის ბაზისბანკის ბანკომატებში მოქმედებს. ასევე, ლიბერთის ბარათების მფლობელებიც ანალოგიური პირობებით ისარგებლებენ ბაზისბანკის ბანკომატებით.
ინტეგრაციის შედეგად, ბაზისბანკ ჯგუფის მომხმარებლებისთვის თანხის განაღდების გეოგრაფია მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მათ განკარგულებაში საქართველოს მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელი - ჯამში 700-ზე მეტი ბანკომატია, რაც მომსახურებას და საბანკო სერვისებზე წვდომას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და კომფორტულს ხდის.
ამ ეტაპზე, ბაზისბანკის ბარათების მფლობელები ლიბერთის ბანკომატებით შეძლებენ:
• თანხის განაღდებას ფიზიკური ბარათით;
• თანხის განაღდებას უკონტაქტოდ და ვოლეტის გამოყენებით (Apple Pay, Google Pay);
• ანგარიშზე ბალანსის შემოწმებას.
პინ კოდის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ბარათის ემიტენტი ბანკის ბანკომატებში.
ბაზისბანკის მომხმარებლებს იგივე პირობებით თანხის განაღდება ასევე შეუძლიათ პარტნიორი ბანკების ბანკომატებიდან: თიბისი, ხალიკ ბანკი, ბანკი ქართუ, ზირაათ ბანკი და სილქ ბანკი. ლიბერთის მომხმარებლებს - თიბისი და ბანკი ქართუ.
დამატებითი ინფორმაციის მიღება ბაზისბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთის მომხმარებლებს - ლიბერთი ბანკში.
ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ
2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-ზე მეტი ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.
2026 წლის 8 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.1 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 8 თვის წმინდა მოგებამ 154 მილიონი ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
06.10.2026.12:19
9 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის გალერეა ირინა ჯიბუტის პირველ პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“ უმასპინძლებს.
თიბისი კონცეპტის გალერეა ქმნის სივრცეს ხელოვნების, განათლების და კვლევის დიალოგისთვის. ახალ ნამუშევრებს, განსხვავებულ ხედვებსა და შემოქმედებით პროცესებს საზოგადოებას აცნობს.
ირინა ჯიბუტის ნამუშევრების საწყისი წერტილი მიწაა - არა როგორც ნეიტრალური ნედლეული, არამედ როგორც კონკრეტული ადგილის მატერია, რომელსაც საკუთარი შემადგენლობა, ფერი, თვისებები და ისტორია აქვს. გამოფენა იკვლევს ციკლს, რომელშიც მიწა მასალად, მასალა ფორმად, ფორმა კი ცეცხლით გარდაქმნილ სხეულად იქცევა და კვლავ ბუნებრივი მთლიანობის ნაწილად რჩება.
ნამუშევრების საფუძველია საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული ბუნებრივი თიხების კვლევა. ამ პროცესში მიწა ერთდროულად ხდება კვლევის საგანი და მხატვრული მასალა, რომლის მოპოვება, დამუშავება, ფორმირება და გამოწვა ურთიერთობას ავლენს ადგილს, მასალასა და ადამიანის მოქმედებას შორის.
თიბისი კონცეპტის გალერეის ორი სართული ამ პროცესის განსხვავებულ მდგომარეობებს აერთიანებს. პირველ სართულზე წარმოდგენილია მასშტაბური კერამიკული ნამუშევრები: ვერტიკალური ფორმები, კედლის კომპოზიცია და „მდინარე“. თითოეული მათგანი მიწის გარდაქმნის განსხვავებულ ეტაპს წარმოაჩენს. ვერტიკალური ფორმები ჭურჭლის უძველეს არქეტიპს ეყრდნობა და ადამიანის შრომის, დროისა და უწყვეტობის ნიშნად იქცევა. კედლის კომპოზიციაში სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები ერთიან გეომეტრიულ ფორმაშია მოქცეული, თუმცა თითოეული საკუთარ ბუნებას ინარჩუნებს. „მდინარე“ კი წყალს გარდაქმნის ძალად წარმოგვიდგენს, ელემენტად, რომელიც მიწას არბილებს, გადააქვს და ცვლის.
მეორე სართული კვლევის ლაბორატორიას ეთმობა. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები, მინერალები და ქვები, მათი წარმოშობის რუკები, ტესტ-ფილები, გამომწვარი ნიმუშები, მოჭიქურების ცდები და პროცესის ჩანაწერები.
ირინა ჯიბუტი კერამიკოსი, მკვლევარი და პედაგოგია. მისი პრაქტიკა თიხის ფიზიკური, ვიზუალური და კულტურული თვისებების კვლევას ეფუძნება. 2026 წელს მან დააარსა კვლევითი პლატფორმა Commonland, რომელიც საქართველოს თიხის რესურსების შესწავლასა და კერამიკული მასალების განვითარების ახალი გზების ძიებას ემსახურება.
თიბისი მრავალწლიანი გამოცდილებით აქტიურად უჭერს მხარს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას, ქმნის შესაძლებლობებს ახალი იდეებისა და შემოქმედებითი პროცესებისთვის.
გამოფენის კურატორია მარიამ წიქარიძე.
გახსნა: 9 ოქტომბერი, 18:00-20:00
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7
სამუშაო საათები: ორშაბათი–შაბათი, 10:00-20:00
დასწრება თავისუფალია!