ბაზისბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი კულტურული ჰაბი BDC გაიხსნა
ბაზისბანკის, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, თბილისში ახალი მულტიფუნქციური კულტურული ჰაბი BDC გაიხსნა.
BDC (Bachana Dance Company) არის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც აერთიანებს პროფესიონალურ სცენას, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ხმის ჩამწერ სტუდიას, თეატრალურ, საგამოფენო სივრცეებსა და საკლუბო გარემოს ერთ ოთხსართულიან ინფრასტრუქტურაში. სივრცე გამორჩეულია კონცეფციითა და ესთეტიკით. აღსანიშნავია, რომ BDC კულტურულ ჰაბში ფუნქციონირებს საოპერო და ვოკალის სტუდია, მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამები და მოღვაწეობს BDC-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი.
სივრცის პრეზენტაცია 18 აპრილს შედგა. დამფუძნებელმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ბაჩანა ჭანტურიამ, მოსულ სტუმრებს გააცნო ახალი კულტურული ჰაბის მნიშვნელობა და ესაუბრა მათ სამომავლო გეგმებზე. საღამოს მთავარი მოვლენა BDC-ის შემოქმედებითი გუნდის პრემიერა - „მეხუთე სტიქია" იყო. გამორჩეული და შთამბეჭდავი სინთეზი ხელოვნებისა და კრეატივის, რომელმაც მაყურებელი აღაფრთოვანა. წარმოდგენამ ნათლად აჩვენა ახალი კულტურული ჰაბის შემოქმედებითი პოტენციალი და მისი ამბიცია - იქცეს ინოვაციური იდეების მთავარ ეპიცენტრად.
„BDC არის სივრცე, სადაც კულტურა ცოცხლობს და ვითარდება არა ეპიზოდურად, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში. თბილისში მსგავსი ფორმატის ადგილი აქამდე არ არსებობდა - სივრცე, სადაც ერთიანდება სცენა, ხმის ჩამწერი სტუდია, საგანმანათლებლო და საგამოფენო გარემო და იქმნება სრულფასოვანი ეკოსისტემა არტისტებისთვის.
ამ პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი ძლიერი პარტნიორის მხარდაჭერა, როგორიც არის ბაზისბანკი. ეს ჩართულობა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა არ არის - ეს არის მკაფიო პოზიცია, რომ კულტურა, შემოქმედება და განათლება ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ბაზისბანკი, როგორც კულტურული პროცესების მხარდამჭერი, რეალურად ქმნის შესაძლებლობას, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტები განვითარდეს და გახდეს მდგრადი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ დამოკიდებულებას და გვჯერა, რომ ასეთი ტიპის პარტნიორობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის კულტურულ განვითარებაზე.
ზუსტად ასეთი თანამშრომლობები ქმნის საფუძველს, რომ გაჩნდეს ახალი იდეები, განვითარდეს შემოქმედებითი ინდუსტრია და ჩამოყალიბდეს თანამედროვე კულტურული გარემო.“ - აცხადებს ბაჩანა ჭანტურია, BDC-ის დამფუძნებელი და შემოქმედებითი პროცესების ხელმძღვანელი.
„ბაზისბანკი მუდმივად მზად არის მხარი დაუჭიროს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს. BDC ქართულ რეალობაში ნამდვილად ახალი სიტყვაა, რომელიც არაერთ ნიჭიერ და კრეატიულ ადამიანს გააერთიანებს. ჩვენთვის პრიორიტეტულია მსგავსი მასშტაბის პროექტების ხელშეწყობა, რადგან გვჯერა, რომ მაღალი ხარისხის შემოქმედებითი სივრცეების განვითარება პირდაპირ აისახება ქვეყნის კულტურულ წინსვლაზე.“- განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
სხვა სიახლეები
კომპანიები აუცილებლად ადაპტირდებიან მომხმარებლის ქცევაზე - დავით ბირმანი
10.06.2026.21:02
არის მრავალმილიონიანი კომპანიები, რომელთა შესახებ ქვეყანამ ძალიან ცოტა იცის, სწორედ იმიტომ, რომ ამ მიმართულებით არ მუშაობენ, არ ჰყავთ შესაბამისი კადრები და საკუთარ თავს სწორად ვერ წარადგენენ, - ამის შესახებ მარკეტერმა, დავით ბირმანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ახალი შესაძლებლობების ფონზე, მცირე გუნდებით მუშაობა ბევრ შემთხვევაში ეფექტიანი შეიძლება იყოს, თუმცა მარკეტინგში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა გუნდის ზომას, არამედ იმაზე, რამდენად შეესაბამება რესურსები და შემოქმედებით პროდუქტზე გაწეული ხარჯები კამპანიის საერთო ბიუჯეტსა და მასშტაბს.
„შეიძლება განთავსების ბიუჯეტი 100 000 იყოს, ხოლო მის წარმოებაზე 1000 დოლარი ან 3000 ლარი იხარჯებოდეს, ხომ? შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ვინც უნდა იყოს გუნდში, ეს გუნდი ხარჯების თანაზომადი უნდა იყოს. არ შეიძლება, რამდენიმე ასეულათასიან ხარჯს ეწეოდე ისე, რომ მეორე მხარეს არავინ გყავდეს, ხომ? ანუ, ეს თანაფარდობა სწორ პროპორციაში უნდა იყოს.
შესაბამისად, რაც უფრო დიდია კომპანია, მით უფრო მეტად უნდა ეტყობოდეს ეს გუნდს და აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ Aხლა დამსაქმებელი გავხდე დიდი მაინცდამაინც და მაგისთვის ავიყვანო ეს ხალხი. მათ უკან ფუნქციები დგას, რომელთა შესრულებაც უმნიშვნელოვანესია - მე მქონია ისეთი შემთხვევები, როდესაც მრავალმილიონიანი კომპანიები არიან, რომელთა შესახებაც ძალიან ცუდად იცის ქვეყანამ სწორედ იმიტომ, რომ ისინი არ მუშაობენ ამაზე, არ ჰყავთ შესაბამისი კადრები და ვერ წარადგენენ თავს სწორად, მარკეტინგის ამ პატარა ნაწილზე რომ დავკონცენტრირდეთ კიდევ.
ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდი იყოს სწორად შერჩეული. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს გუნდი სწორად უნდა იყოს ინტეგრირებული კომპანიის სტრუქტურაში ანუ, არ იყოს ჩაკარგული, არ ჰქონდეს შეზღუდული წვდომა ხელმძღვანელებთან, დამფუძნებლებთან და ასე შემდეგ. მოკლედ, საჭიროა ძალიან მჭიდრო ორმხრივი კომუნიკაცია“, - აცხადებს დავით ბირმანი.
მისივე განმარტებით, მომხმარებლების ქცევის ცვლილებასთან ადაპტირება ბიზნესებისთვის აუცილებლობად იქცა, რადგან მომხმარებელთა ლოიალობა შემცირებულია, არჩევანის შესაძლებლობები კი გაფართოებული, რის გამოც ისინი სულ უფრო ხშირად ეძებენ მათთვის ყველაზე ხელსაყრელ პროდუქტსა თუ სერვისს.
„ჩემი აზრით, ვინც არ ადაპტირდება, იმას ეკონომიკურ შედეგებზეც ეტყობა ხოლმე მერე. ანუ აუცილებლად ადაპტირდებიან კომპანიები მომხმარებლის ქცევაზე. რაც შეეხება იმას, როგორია მომხმარებელი დღეს, ჩემი აზრით ლოიალობა არის დაკლებული, ანუ ბევრად ნაკლებად არის მომხმარებელი, ასე ვთქვათ, რეგულარულ ქცევაზე ორიენტირებული და ყოველ ჯერზე ცდილობს, რომ მისთვის ხელსაყრელი იპოვოს. ასევე რძალიან გახსნილია საზღვრები და შესაბამისად არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც ერთ კონკრეტულ მაღაზიაში ან ერთ კონკრეტულ მომწოდებელთან მივიდეს. პლუს ეს ეხება არა მარტო პროდუქტის მომწოდებელს, ასევე სერვისის მომწოდებლებზე. ანუ ძალიან ბევრი პლატფორმა არის, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ ყოველ ჯერზე ხელახლა მიიღო გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილების წონა აღარ არის ისეთი მძიმე. ანუ ყოველ ჯერზე შეიძლება, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს ხელახალი. შესაბამისად ბრენდებისადმი მიჯაჭვულობაც ბევრად უფრო რთული მისაღწევია. მაგრამ მომხმარებელი ყოველ ჯერზე, როგორც იტყვიან, მასზე მასიურად მორგებულ წინადადებებს ელის, ამიტომ ბრენდებისთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება გრძელვადიანი ლოიალობის უზრუნველყოფა“, - აცხადებს ბირმანი.