ბაზისბანკმა სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები დააჯილდოვა
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარტნიორობით, ორბელიანების სასახლეში „სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი 2024“ გამოვლინდა. ღონისძიებას 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან.
CSRDG-მ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები საქართველოს 6 რეგიონში გამოავლინა. ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზანია ახალგაზრდები ჩაერთონ მათ გარშემო არსებული სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით, მისწვდნენ სოფლებსა და შორეულ ადგილებში მცხოვრებ ადამიანებს და გააცნონ სოციალური მეწარმეობა, ახალგაზრდებს განუვითარდეთ პროექტების მართვისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევები.
ახალგაზრდა ელჩებმა მოწვეულ სტუმრებს საკუთარი საქმიანობის შედეგები წარუდგინეს. აღსანიშნია, რომ საკუთარ რეგიონებში, 6 თვის მანძილზე ელჩები ხვდებოდნენ ახალგაზრდებს, წარმართავდნენ როგორც საინფორმაციო შეხვედრებს, ასევე ქმნიდნენ ტრენინგმოდულებს, ინტერაქციულ თამაშებსა თუ აქტივობებს. სტუმრობდნენ რეგიონებში არსებულ სოციალურ საწარმოებს და ეცნობოდნენ საწარმოო პროცესებს. ახალგაზრდებთან ერთად იკვლევდნენ რეგიონისთვის დამახასიათებელ იმ გამოწვევებს, რომელთა დაძლევაში წვლილის შეტანაც სოციალური მეწარმეობის გზით არის შესაძლებელი.
ბაზისბანკის, როგორც CSRDG-ის მიერ ორგანიზებული პროექტების მხარდამჭერისგან, 2024 წლის სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩს იმერეთის რეგიონიდან, ირაკლი თევზაძეს და ბაზისბანკის რჩეულ მარიამ შარაშიძეს გურიის რეგიონიდან, ფულადი პრიზები გადაეცათ.
„ჩვენი ქვეყნის ერთადერთი არჩევანი ევროპული მომავალია, ევროპისაკენ მიმავალ გზაზე კი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი ახალგაზრდობა - ძალა, რომელიც რეალური ცვლილებების ინიციატორია. ახალგაზრდების ჩართვა ჩვენს პროგრამაში, როგორც ჩვენი სოციალური მეწარმეობის ელჩებისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშესაწყობად,“ - აღნიშნა CSRDG-ს დირექტორმა, ეკა ურუშაძემ.
„ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, CSRDG-ის მიერ სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ორგანიზებული პროექტების მუდმივი მხარდამჭერია. საქართველოს რეგიონების მასშტაბით პირდაპირი მუშაობით, ახალგაზრდა ელჩებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ადგილობრივ დონეზე შესაძლებლობების განვითარებასა და გაძლიერებაში. ვულოცავთ შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოვლენილ გამარჯვებულებს და ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების, ახალი თაობის საგანმანათლებლო და სოციალური მეწარმეობის ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების მხარდაჭერას კვლავ აქტიურ რეჟიმში გავაგრძელებთ.“ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.