Big Sam's-ი თბილისში გაფართოების შემდეგ ბათუმსა და ქუთაისში რესტორნების გახსნას განიხილავს
ვგეგმავთ, რომ 2025 წლის ბოლომდე თბილისში 7 ობიექტით ვიყოთ წარმოდგენილი, ხოლო ამის შემდეგ ფილიალების გახსნას ბათუმსა და ქუთაისში განვიხილავთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Big Sam's • ბიგ სემის დამფუძნებელმა ირაკლი გორდელაძემ განაცხადა.
Big Sam's-ი ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს დღეისათვის თბილისში 3 ფილიალს აერთიანებს. Big Sam's-მა რიგით მესამე ფილიალი რამდენიმე კვირის უკან მოსეშვილის #24-ში გახსნა, ხოლო მანამდე მისი რესტორნები „გალერია თბილისი თბილისში“ და ყაზბეგის #2-ში უკვე წარმატებით ფუნქციონირებდა.
„ჩვენს მენიუშია პრემიუმ ხარისხის პროდუქტებისგან დამზადებული სხვადასხვა სახის ბურგერი, ტაკო, ბურიტო და მილქშეიკი. სულ ამერიკული ასორტიმენტია. Big Sam's-ი წარმოადგენს Street food-ის კონცეფციის რესტორანს, სადაც შეძლებისდაგვარად ვიყენებთ ქართულ პროდუქტებს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ვიყენებთ გაუყინავ ხორცს, რომელიც ყოველდღიურად კახეთიდან ჩამოგვდის. რაც შეეხება პურს, ჩვენი პარტნიორი საცხობი ყოველდღიურად ახალ პროდუქციას გვიმზადებს. ბოსტნეულსაც ქართულს ვიყენებთ. რეალურად ჩვენს წარმოებაში 50%-ზე მეტი ქართული პროდუქტია“, - აღნიშნა Big Sam's-ის დამფუძნებელმა.
Big Sam's-ი ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზეც აქტიურად მუშაობს და უახლოეს კვირებში მომხმარებელს ჰოთ-დოგებსაც შესთავაზებს.
„ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გეტყვით, რომ ყოველწლიურად 10-15%-იანი ზრდა გვაქვს. Big Sam's-ის მომხმარებლების უმეტესობა ადგილობრივია, თუმცა ტურისტებშიც საკმაოდ პოპულარულები ვართ. მხოლოდ TikTok-ზე გვყავს 300 000 გამომწერი, რომლის ნახევარიც უცხოელები არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან. აშშ-დან, კანადიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან გვყავს ხოლმე სტუმრები, რომლებიც საკუთარ ვიდეოებში აღნიშნავენ, რომ „ამიტომ ჩამოვიდნენ“... „ამიტომ დაგეგმეს“... ასეთი შეფასებებია“, - განმარტავს ირაკლი გორდელაძე.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, Big Sam's წარმოდგენილია delivery სეგმენტშიც და ქართულ ბრენდებს შორის მოწინავე პოზიციაზეცაა.
Big Sam's-ის სამივე ფილიალში უკვე 100 ადამიანამდეა დასაქმებული და როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, მენეჯმენტის მხრიდან ყველაფერი კეთდება მათ შესანარჩუნებლად.
„გეტყვით, რომ კადრების შენარჩუნების მიმართულებით მაღალი მაჩვენებელი გვაქვს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ჩვენი გუნდის წევრები არიან და ჩვენთან ერთად მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვთ, დაფასებული გვყავდეს - რამდენადაც ეს შესაძლებელია. „გაყინული“ ხელფასი ამა თუ იმ პოზიციაზე არ გაქვს და გამოცდილების მიხედვით მუდმივად ვცდილობთ, რომ ხელფასები გავზარდოთ. ანუ ადამიანებს დავუფასოთ ის შრომა, რაც ჩადებული აქვთ“, - ამბობს ირაკლი გორდელაძე
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.