ბიზნეს ასოციაციამ და აღსრულების ბიურომ სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაციის ახალი სერვისი განიხილეს
სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაციის ახალი სერვისი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა ცალკეული ხელშეკრულების რეგისტრაციისა და მისგან გამომდინარე შეუსრულებელ ვალდებულებაზე ბრძანების გამოცემის გამარტივებას ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს ბიზნეს სექტორისთვის.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების, მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაცია. მისი სავალდებულო პირობა იქნება მხარეთა შეთანხმება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე, გამოსცემს აქტებს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინებისა და უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ერთად, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ახალი სერვისი გააცნო, რომლის მიზანია, ფულადი მოთხოვნისა და უძრავ ნივთებზე მფლობელობის აღდგენის მოქნილი, სწრაფი და ხელმისაწვდომი სისტემის შექმნა, რაც თავის მხრივ, ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი სერვისების შექმნა ეფექტიანი და მოქნილი მექანიზმია, რომელიც დაეხმარება ბიზნეს სექტორს ეფექტიან ოპერირებაში" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.