ბიზნესი ყოველთვის მიზანზეა ორიენტირებული და სჯერა, რომ დასახულ შედეგს აუცილებლად მიაღწევს - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი
ბიზნესი ყოველთვის მიზანზეა ორიენტირებული და სჯერა, რომ დასახულ შედეგს აუცილებლად მიაღწევს,- ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კონსტანტინე გაბრიჩიძემ განაცხადა. მისი განცხადებით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ბიზნესი ოპტიმიზმს ინარჩუნებს და მიზნებზეა ორიენტირებული, ხოლო სხვადასხვა სცენარის განხილვა და ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სექტორის იმ ნაწილისთვის, რომელიც გაურკვევლობის ფონზე მხარდაჭერას საჭიროებს.
„ზოგადად ბიზნესი ოპტიმისტია. როდესაც ადამიანს სახლიდან მოაქვს თანხა, რისკავს და ამბობს, რომ საქმეს გააკეთებს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის ოპტიმისტია. ბიზნესი ყოველთვის მიზანზეა ორიენტირებული და სჯერა, რომ დასახულ შედეგს აუცილებლად მიაღწევს.
შეხვედრაზეც აღვნიშნე, რომ იმ სამუშაო პროცესის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ცუდ, კარგ თუ საშუალო სცენარზე მუშაობას გულისხმობს, ინფორმაცია მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა უნდა მიიღოს. არსებობს იმ ადამიანების კატეგორია, რომლებიც ხელს ადვილად ჩაიქნევენ ხოლმე და უიმედობა ეუფლებათ. მათთვის ჩვენი ერთიანობა და „ერთ მუშტად“ შეკვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ფსიქოლოგიური ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს. ის ხშირად ბევრად უფრო ძლიერი მამოძრავებელი ძალაა, ვიდრე ობიექტური გარემოებები ან თუნდაც ფინანსური რესურსი. ეს მეტად მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საქმეს არც წამოვიწყებდით.
შიდა ტურიზმს რაც აუთვისებელი რეზერვი აქვს - ესენი არიან ხანდაზმულები და პენსიონერები.
აღინიშნა განსხვავებული საფასო პოლიტიკა - თუ პენსიონერებისთვის ამ შეთავაზებებს დაემატება სოციალური დახმარების პროგრამებიდან გარკვეული პროცენტული თანადაფინანსება, ეს მიმართულება კიდევ უფრო გააქტიურდება. ხომ ვხედავთ, როდესაც საქართველოში, მაგალითად, ჩინეთიდან 80 წელს გადაცილებული ადამიანი ჩამოდის? ეს იმიტომ ხდება, რომ მათ სახელმწიფო ეხმარება და ყველანაირად უდგას გვერდში. ქართველი პენსიონერიც იმოგზაურებს, ოღონდ მას ხელშეწყობა სჭირდება როგორც ჩვენი სექტორიდან, ისე სახელმწიფოსგან. ეს კი, თავის მხრივ, დამატებით სხვა მიმართულებებსაც გამოაცოცხლებს“, - აღნიშნა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა.
სხვა სიახლეები
პარტნიორები მიხვდნენ, რომ მხოლოდ ჩრდილოეთის დერეფანზე მიბმა მათთვის უტოპიაა და მაქსიმალურად ცდილობენ ალტერნატიული მიმართულებების განვითარებას - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი
25.05.2026.19:00
საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ლოგისტიკაში ყველა ძირითად სატრანსპორტო მიმართულებას ეფექტურად იყენებს, ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვი განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ლოგისტიკური გადაზიდვები თითქმის თანაბრად ნაწილდება რკინიგზის, საზღვაო და სახმელეთო მიმართულებებს შორის, ხოლო საერთო პროცესში დაახლოებით 10%-იანი წილი საჰაერო გადაზიდვებზე მოდის.
„ამიტომ, თუნდაც ერთი რგოლის განვითარება პირდაპირ ახდენს გავლენას მთლიან პროცესზე. მაგალითად, თუ გამართული პორტები და მაღალი დონის მომსახურება გვაქვს, შემდგომში ამ კონტეინერების გადაზიდვა რეგიონულ მასშტაბზე უკვე რკინიგზითა და ავტოტრანსპორტით ხდება.
ამავდროულად, ვინაიდან ჩვენ უკვე რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოვყალიბდით, გასათვალისწინებელია, რომ ცენტრალურ აზიას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და იქ გადაზიდვების დაახლოებით 95% სარკინიგზო და სახმელეთო მარშრუტებზე მოდის ანუ, ჩვენ პრაქტიკულად მულტიმოდალურ გადაზიდვებზე გადავედით. პირობითად, თუ ამერიკიდან შემოდის კონტეინერი, ცენტრალურ აზიაში მას ტრაილერით ვაგზავნით, და პირიქით - იქიდან ტვირთები რკინიგზით შემოგვაქვს და შემდგომ ზღვით ვამისამართებთ. ეს კომპლექსური სისტემაა, სადაც სამივე რგოლი შეთანხმებულად უნდა მუშაობდეს“,- აღნიშნა ნამადოვმა.
მისივე განმარტებით, საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი და სტაბილური ლოგისტიკური მიმართულება ხდება.
„სხვათა შორის, პანდემიის შემდგომ პირველი ფილიალი ალმათიში გავხსენით. იმ პერიოდში, როდესაც იქ ჩავდიოდი, მართალია, მენტალურად და ტრადიციებიდან გამომდინარე ჩვენს მიმართ კეთილგანწყობა იგრძნობოდა და მათთვის ახლობელი ვიყავით, თუმცა, როგორც ლოგისტიკური ჰაბი და ბიზნესპარტნიორი, მათგან საკმაოდ შორს ვდგავარდით.
სამწუხაროდ, ომმა შეცვალა ეს რეალობა, რაც ჩვენი მარშრუტისთვის დადებითი აღმოჩნდა. დღეს შუა დერეფანი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, არასანქცირებული მარშრუტია, რომელსაც ძალიან აქტიურად იყენებენ. პარტნიორები ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ მხოლოდ ჩრდილოეთის დერეფანზე მიბმა მათთვის უტოპიაა და მაქსიმალურად ცდილობენ ალტერნატიული მიმართულებების განვითარებას. ასევე აღვნიშნავდი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება და ეს აშკარაა, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქართული ექსპორტის ზრდა შუა აზიის მიმართულებით“, - აღნიშნა გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელმა.