"ბიზნესი მიდის იქ, სადაც სტაბილური გარემო და მეტი შემოსავლის მიღების საშუალებაა - ეს ევროკავშირია"
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის შეფასებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ევროპის ქვეყნებთან ეკონომიკურ და სავაჭრო ინტეგრაციას მნიშვნელოვნად გაზრდის.
„უნდა ველოდოთ, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას - დღეიდან, ბევრად უფრო კარგი და ძლიერი წვდომა გვაქვს ევროკავშირის დიდ ბაზართან, ვიდრე გუშინ გვქონდა ანუ სტატუსის მინიჭებამდე.
მაგალითად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არსებობის პერიოდში ბულგარეთის ექსპორტი ევროკავშირში, ყოველწლიურად 23%-ით იზრდებოდა", - ამბობს სოსო ფხაკაძე.
„კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ბევრად უფრო მარტივი იქნება ევროპის ბაზარზე გასვლა და ბიზნესიც იქითკენ წავა, სადაც ბიზნესის წარმართვისთვის უფრო კარგი, სტაბილური და პროგნოზირებადი პირობებია და ასეთი პირობები ევროკავშირშია. ბიზნესმენებს გააჩნიათ ინსტინქტები; ისინი ყოველთვის ეძებენ სწორ ადგილს და სწორ დროს. ახალი ფანჯარა გაიღო ევროკავშირში საქართველოსთვის და გულახდილად ვიტყვი, ბიზნესი უნდა იყოს კიდევ უფრო აქტიური - ვინც იაქტიურებს და ევროკავშირისკენ იმოძრავებს, ის ძალიან ბევრი სიკეთეს მოუტანს საკუთარ თავს, კომპანიას, დამფუძნებლებს და ქვეყნის ეკონომიკას", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.