ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
მთავარია გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, იდეების და მიზნების, რომელიც შენს მომავალს ქმნის. სწორედ ამ რწმენას ეფუძნება თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა - თიბისი კამპუსი.
თიბისი კამპუსი, ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკული გამოცდილებით აღმოაჩინონ საკუთარი პროფესიული ინტერესები და განივითარონ ის უნარები, რომლებიც თანამედროვე დასაქმების ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია.
წელს, თიბისი კამპუსი, ახალი ფორმატით დაბრუნდა და 18-24 წლის ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს. ბიზნეს მიმართულებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, ონლაინ, სრულიად უფასოდ შეუძლიათ თანამედროვე პროფესიების შესწავლა და საკუთარი პროფესიული პორტფოლიოს შექმნა.
ბიზნესის მოდულში სტუდენტებს ორი კურსი დახვდებათ: „მეწარმეობა და ბიზნეს დაგეგმარება“ და „საინვესტიციო ფინანსები“. კურსებს სფეროს პროფესიონალები გაუძღვებიან, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა მიიღონ და საინვესტიციო ფინანსების მიმართულებითაც გადადგან პირველი ნაბიჯები.
თიბისი კამპუსის ბიზნესის მოდული განკუთვნილია მათთვის, ვინც საკუთარი იდეების ბიზნესად ქცევაზე ფიქრობს და სურს მეწარმეობისა თუ ფინანსების მიმართულებით პირველი პრაქტიკული ცოდნა მიიღოს. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან მეწარმეობისა და ბიზნესის დაგეგმარების ძირითად პრინციპებს, ისწავლიან შესაძლებლობების შეფასებას, პირველი ნაბიჯების სწორად დაგეგმვას და იმ საფუძვლის შექმნას, რომელიც იდეის განვითარებასა და რეალიზებაში დაეხმარებათ.
ბიზნესის მოდულზე რეგისტრაცია 6 მაისის ჩათვლით არის შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
მეღვინეობა „ჭალელმა“ ბრენდინგი განაახლა
28.04.2026.12:00
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ახალი, უფრო პროფესიონალური ეტიკეტის კონცეფციაზე, რომელიც უფრო ახლოს იქნებოდა ღვინის ხასიათთან და ბრენდის იდენტობასთან, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს მეღვინეობა „ჭალელი“ -ს თანადამფუძნებელმა ჯაბა აბაიშვილმა განუცხადა.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ახალი, უფრო პროფესიონალური ეტიკეტის კონცეფციაზე - გვინდოდა ის უფრო ახლოს ყოფილიყო ღვინის ხასიათთან და ბრენდის იდენტობასთან. სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, ახლახანს განვაახლეთ დიზაინი და სრულად განვაახლეთ ბრენდინგი.

ეტიკეტზე შინაარსი ძირითადად უცვლელი დარჩა, თუმცა ვიზუალურად უფრო დახვეწილი და სახეცვლილია. განახლდა ლოგოც, ხმლის ფორმა შევცვალეთ, „ჭალის“ თემატიკა შევინარჩუნეთ, თუმცა ფერები და საერთო ვიზუალური სტილი უფრო განსხვავებული და ელეგანტური გახდა.
ამ ეტაპზე ველით, ბაზარის გამოხმაურებას ბრენდის განახლებულ კონცეფციასთან დაკავშირებით.
როგორც მოგეხსენებათ, გვაქვს ოთხი სახეობის ღვინო. მათი განსხვავება შესაძლებელი იქნება ეტიკეტის ფერების მიხედვით, რათა მომხმარებლისთვის პროდუქტი იყოს უფრო ადვილად აღსაქმელი და მარტივად დასამახსოვრებელი “, - აცხადებს ჯაბა აბაიშვილი.
კომპანია აქტიურად გეგმავს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობას, ხოლო ძირითადი ფოკუსი პროდუქტის ხარისხზე რჩება.
„ორ გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას - 8 მაისს, ქართული ღვინის დღეს, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო აორგანიზებს და 9 მაისს, ახალ ღვინის ფესტივალში, რომელიც უკვე ტრადიციული ღონისძიებაა და ყოველწლიურად ვიღებთ მასში მონაწილეობას.
ჩვენი მთავარი აქცენტი კვლავ ხარისხზე რჩება - წარმოების მოცულობის ზრდას არ ვგეგმავთ. ახალი ღვინოების გაყიდვა ახლახანს დავიწყეთ, ახალი ეტიკეტის მოლოდინში ვიყავით. რაოდენობის გაზრდას არ ვგეგმავთ, შესაძლოა რამდენიმე ახალი სახეობა დავამატოთ, თუმცა საერთო მოცულობა უცვლელი დარჩება.
ამასთან, გვაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე ობიექტთან. განსაკუთრებით აქტიური მიმართულებაა ბათუმი, ამ ეტაპზე იქ ფაქტობრივად არ ვართ წარმოდგენილნი, თუმცა ვმუშაობთ, რომ რამდენიმე ახალი ადგილი დავამატოთ და ველოდებით მოლაპარაკებების დასრულებას “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, კომპანია წლიურად 5 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.