Bloomers.ge მომხმარებლებს გამწვანების სრულ ციკლს სთავაზობს - რა გეგმები აქვს კომპანიას
Bloomers.ge 2021 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს მცენარეებს, ხელნაკეთ ქოთნებსა და გამწვანების სრულ სერვისს სთავაზობს. კომპანია კერძო და კორპორატიული მომხმარებლებისთვის ტერასების, ოფისების, სასტუმროებისა და რესტორნების გამწვანების პროექტებს ახორციელებს. Bloomers.ge-ის დამფუძნებლები ანუკა ფოლადიშვილი და ხატია ფოლადიშვილი კომპანიის საქმიანობის სპეციფიკაზე, გამწვანების სერვისებზე, მომხმარებელთა მოთხოვნასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს ესაუბრნენ.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Bloomers.ge ხარისხიანი გამწვანების, მცენარეებისა და ქოთნების კომპანიაა. საქმიანობა 2021 წელს, კოვიდპანდემიის პერიოდში დავიწყეთ. მაშინ ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ადამიანებისთვის გაგვემარტივებინა სახლში მცენარის ყოლა: მცენარეს ყველა წესის დაცვით, შესაბამის ქოთანსა და ნიადაგში გადარგულს ვაწვდიდით.
2024 წელს გავხსენით შოურუმი თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩა #17-ში.
დღეს კორპორატიულ და საცალო მომხმარებლებს ვთავაზობთ მაღალი სტანდარტის გამწვანების სერვისს, ხელნაკეთ ქოთნებს, ხარისხიან მცენარეებსა და პროფესიონალი ბოტანიკოსის მოვლის სერვისს. გამწვანების მიმართულება ორი წლის წინ დავამატეთ და ამ ხნის განმავლობაში 40-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ტერასები, რესტორნები და ოფისები.
რა ტიპის მცენარეებსა და გამწვანების სერვისებზეა დღეს ყველაზე მაღალი მოთხოვნა და როგორია მომხმარებლების ინტერესები?
ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სერვისი ტერასების გამწვანებაა. დატვირთული რიტმის მქონე ადამიანები, ოფისები, რესტორნები და სხვა კომერციული სივრცეები უპირატესობას მარტივად მოსავლელ მცენარეებს ანიჭებენ, ამიტომ თითოეულ პროექტზე ვცდილობთ, დავიცვათ ბალანსი გამწვანების ეფექტურობასა და მოვლის სიმარტივეს შორის.

კლიენტების მნიშვნელოვანი ნაწილი არიან ის ადამიანები და კომპანიები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ დიზაინს, გამწვანების კონცეფციასა და მის არქიტექტურასთან, გარემოსთან შერწყმას.
საცალო მომხმარებლებს კი განსაკუთრებით მოსწონთ ჩვენი ფერადი, ხელნაკეთი თიხის ქოთნები. თითოეულს შესაბამის მცენარესთან ვაწყვილებთ, რაც სახლს გამორჩეულ აქცენტს მატებს.
ქოთნები ჩვენი დიზაინისა და ფერების მიხედვით პარტნიორ სახელოსნოებში მზადდება.
რას მოიცავს მცენარეების მოვლისა და გამწვანების მიმართულება - რა სერვისებს სთავაზობთ როგორც კერძო, ისე კომერციულ მომხმარებლებს?
ბლუმერსის გამწვანების სერვისი კერძო და კორპორატიულ მომხმარებლებს სთავაზობს ტერასების, ოფისების, სასტუმროების, რესტორნებისა და სხვა ბიზნესსივრცეების გამწვანების სრულ ციკლს: დიზაინს, ქოთნების დამზადებას, მცენარეების შეძენას საქართველოსა და საზღვარგარეთ, ტრანსპორტირებას, ნიადაგს, სარწყავ სისტემას, პროფესიონალი ბოტანიკოსის მომსახურებასა და გამწვანებული სივრცის მოვლას. დიზაინიდან დასრულებულ შედეგამდე ყველა პროცესს ჩვენ ვმართავთ.
ჩვენი მიზანია, ურბანულად დატვირთულ, კორპუსებით სავსე ქალაქში რაც შეიძლება მეტი ხარისხიანად გამწვანებული ტერასა, რესტორანი, სასტუმრო და საჯარო სივრცე გაჩნდეს.
ბოტანიკოსის რეგულარული ან ერთჯერადი ვიზიტით სარგებლობა შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ასევე კერძო პირებს.
ჩვენი მებაღე ადგილზე მიდის, კვებავს მცენარეებს, ამუშავებს მავნებლებისა და დაავადებების საწინააღმდეგოდ, სხლავს და აფორმირებს. საჭიროების შემთხვევაში ცვლის ნიადაგს ან რგავს მცენარეს, ზრუნავს მათ ჯანსაღ იერსახეზე. გასცემს სწორი მოვლის რეკომენდაციებს.
სპეციალისტი არის დიპლომირებული მებაღე-დეკორატორი და სხვადასხვა საოფისე სივრცეში მუშაობის მრავალწნლიანი გამოცდილება აქვს.
რა არის Bloomers.ge-ის სამომავლო გეგმები - იგეგმება თუ არა ასორტიმენტის, სერვისების ან საქმიანობის მასშტაბის გაფართოება?
როგორც ახალგაზრდა ბიზნესი, განვითარებაზე მუდმივად ვფიქრობთ და პატარ-პატარა სიახლეებს ვტესტავთ. შემდეგ მომხმარებლის ქცევა გვიჩვენებს, რომელი მათგანი ღირს ასორტიმენტსა და სერვისებში დარჩენად.

ძირითადი სერვისები უკვე მაღალ დონეზე გვაქვს განვითარებული, ამიტომ მთავარ აქცენტს პროექტების რაოდენობისა და მასშტაბის ზრდაზე ვაკეთებთ: ჩვენი მიზანია ქალაქში მეტი საინტერესო ტერასა და გამწვანებული სივრცე შევქმნათ.
სხვა სიახლეები
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
23.10.2026.14:21
30 ოქტომბერს, თბილისში, Radisson Blu Iveria-ში AgileXchange Georgia 2026 გაიმართება - Agile-ის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიული ღონისძიება საქართველოში. ღონისძიების მეხუთე გამოცემა წელს განახლებული, პრაქტიკაზე ორიენტირებული ფორმატით ჩატარდება და მონაწილეებს საერთაშორისო გამოცდილების, რეალური ქეისებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობას მისცემს.
AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი, რომლისთვისაც Agile მხოლოდ კონკრეტული მეთოდოლოგია არ არის - ეს არის მუშაობის, თანამშრომლობისა და ცვლილებებთან ადაპტაციის პრაქტიკა.
AgileXchange Tbilisi 2026: Hands-On Agile-ის მთავარი იდეა, სწორედ, პრაქტიკაში მიღებული ცოდნის გაზიარებაა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ექვსი პარალელური ვორქშოფი საერთაშორისო ტრენერების მონაწილეობით; ასევე, გაიმართება გამოსვლები მთავარ სცენაზე და დისკუსიები ქართველ და საერთაშორისო Agile ლიდერებთან.
AgileXchange-ის მიზანი საქართველოში Agile Community-ის განვითარება, პროფესიონალებს შორის გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა და საქართველოს საერთაშორისო Agile-ეკოსისტემის ნაწილად უფრო აქტიურად წარმოჩენაა.
თიბისისთვის AgileXchange-ის მხარდაჭერა პროფესიული განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერასაც ნიშნავს. ისეთი პლატფორმების გაძლიერება, სადაც ადამიანები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, წარმატებულ მიდგომებსა და მათ შორის დაშვებულ შეცდომებს უზიარებენ, ხელს უწყობს არა მხოლოდ ინდივიდუალური პროფესიონალების, არამედ მთლიანად ინდუსტრიის განვითარებას.