ბოლო პერიოდში ენერგეტიკის სფეროსადმი მზარდი ყურადღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესის ყველა დარგისთვის, მათ შორის სამშენებლო-დეველოპერული სექტორისთვისაც - ელგუჯა თურმანიძე
ELT Group საკუთარ ობიექტებზე ჰელიოსისტემების განვითარებით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ განცხადება ELT Group-ის დამფუძნებელმა ელგუჯა თურმანიძემ ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსიის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელი თემაც ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა იყო. როგორც თურმანიძემ განაცხადა, პროექტის განხორციელებით მიღებული ენერგია შიდა მოხმარების 20-25%-ს დააკმაყოფილებს.
„ეს ფორმატი ახალი არ არის და ნამდვილად მისასალმებელია. თითქმის ყველა შეხვედრაში დიდი სიამოვნებით ვმონაწილეობ. ცხადია, მსგავსი ფორმატის საქმიანი დისკუსია და ინფორმაციის გაცვლა მხოლოდ პოზიტიური შედეგის მომტანია და დარგისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთ ინიციატივებს და მიგვაჩნია, რომ რაც მეტი მსგავსი შეხვედრა გაიმართება, მით უკეთესია. სწორედ ამ დროს ხდება რეალური მსჯელობა პრაქტიკულ საკითხებზე, არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, გამოსავალსა და სამომავლო გეგმებზე.
რაც შეეხება ეკონომიკური ფორუმის დღევანდელ ფორმატს, რომელიც ენერგეტიკის სფეროს შეეხებოდა - მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ათწლეულებია ენერგოდამოუკიდებლობისთვის იბრძვის. ბოლო პერიოდში ამ სფეროსადმი მზარდი ყურადღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესის ყველა დარგისთვის, მათ შორის სამშენებლო-დეველოპერული სექტორისთვისაც. მასშტაბური განაშენიანების ფონზე, ენერგორესურსებზე მოთხოვნა საგრძნობლად იზრდება, რაც შესაბამის განვითარებას საჭიროებს.
გარდა ამისა, თავად ELT Group დაინტერესებულია საკუთარ ობიექტებზე ჰელიოსისტემების განვითარებით. დაგეგმილი გვაქვს პროექტის განხორციელება დაახლოებით 20 ლოკაციაზე, რაც საკმაოდ დიდ მოცულობას მოიცავს. მიღებული ენერგია ჩვენი შიდა მოხმარების 20-25%-ს დააკმაყოფილებს. შესაბამისად, მივესალმებით მსგავს ინიციატივებს და სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ამ ტიპის ღონისძიებებში“, - განაცხადა ელგუჯა თურმანიძემ.
სხვა სიახლეები
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
25.07.2026.14:29
კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება მხოლოდ წარსულის დაფასებას არ ნიშნავს, ეს არის მისი გაცოცხლება, ხელახალი გააზრება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. სწორედ ამ იდეის გარშემო გააერთიანა თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი მრავალმხრივი პროექტი „გაზაფხული კვლავ მოვა“, რომელმაც ქართული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორის ხმა, ისტორია და შემოქმედება თანამედროვე აუდიტორიას ახალი ფორმით გააცნო.
პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მხარე ანიმაცია გახდა, რომელიც ინოლას ავტობიოგრაფიულ ტექსტებსა და მუსიკაზე დაყრდნობით შეიქმნა. ანიმაციის მთავარი იდეა არა მხოლოდ ინოლას ისტორიის მოყოლა, არამედ მისი ხმისა და სათქმელის გაცოცხლებაა - იმ სურვილის შესრულება, რომელიც თავად დატოვა: „იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო.“
Windfor’s-ის კონცეფციითა და Pocket Studio-ს, ანა ჩუბინიძისა და მისი გუნდის ხელით შექმნილი ანიმაციით, გაცოცხლდა ინოლას მოგონებები: მისი სოფელი, ოდა, ოთახი, საყვარელი ნივთები და ის სამყარო, რომელმაც მისი შემოქმედება შთააგონა. თითოეული დეტალი საარქივო ფოტოებისა და ოჯახური ისტორიების საფუძველზე აღდგა, რის შედეგადაც შეიქმნა ნამუშევარი, რომელიც მაყურებელს ინოლას შინაგან სამყაროში ამოგზაურებს.
ინოლა გურგულიას მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი უნიკალური საარქივო ჩანაწერების გამოცემა გახდა. თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გამოიცა შვიდი ვინილისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც 100 საარქივო აუდიოჩანაწერს აერთიანებს. ამ ჩანაწერების ნაწილი აქამდე უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის. ოჯახში დაცული იშვიათი მაგნიტოფირის ფირებიდან აღდგენილი მასალა მსმენელს შესაძლებლობას აძლევს, ინოლას ხმა და შემოქმედება განსაკუთრებული სიახლოვით მოისმინოს.
ინოლას მუსიკა კვლავ გაცოცხლდა, 27 მაისს, მისადმი მიძღვნილ კონცერტზეც, სადაც სხვადასხვა თაობის მუსიკოსებმა და ოჯახის წევრებმა მისი სიმღერები ახალი ინტერპრეტაციებით შეასრულეს. ეს იყო მუსიკალური საღამო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა მსმენელი, რომ ინოლა გურგულიას შემოქმედება არა მხოლოდ ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, არამედ ცოცხალი მემკვიდრეობაა, რომელიც დროთა განმავლობაში ახალ მნიშვნელობებს იძენს.
პროექტის ფარგლებში თიბისი კონცეპტმა ასევე ახალი სიცოცხლე შესძინა ინოლა გურგულიას ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სიმღერას „საქანელა“. ასევე, შეიქმნა არაერთი ვიდეორგოლი, რომლებშიც ინოლას შემოქმედებას იხსენებენ მისი ოჯახის წევრები, მსახიობები, მუსიკოსები და სხვა ხელოვანები. ეს ვიდეოეპიზოდები ინოლას პიროვნებასა და შემოქმედებას სხვადასხვა პერსპექტივიდან გვაცნობს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ კვალს, რომელიც მან ქართულ კულტურაში დატოვა.
თიბისი კონცეპტი წლების განმავლობაში თანმიმდევრულად უჭერს მხარს პროექტებს, რომლებიც ქართულ კულტურას ინარჩუნებს, ავითარებს და ახალ აუდიტორიამდე მიაქვს. ინოლა გურგულიასადმი მიძღვნილი ეს ინიციატივაც სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა - მცდელობა, რომ განსაკუთრებული ხელოვანების შემოქმედება არა მხოლოდ შევინახოთ, არამედ კვლავ გავაცოცხლოთ, რათა მათი ხმა მომავალშიც ისმოდეს.